ახალი ამბები

“ქეიფობდნენ გოდერძიზე, მოუვიდათ მეტი და ითხოვეს, იქნებ მოგვიანებით ჩაგბარდეთო” – რიჟვაძე სააკაშვილზე

1 ოქტომბერი, 2021 • 6683
“ქეიფობდნენ გოდერძიზე, მოუვიდათ მეტი და ითხოვეს, იქნებ მოგვიანებით ჩაგბარდეთო” – რიჟვაძე სააკაშვილზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ ვინც სახელმწიფო საზღვარს დაარღვევს, ყველას დააკავებენ.

“ვინც ჩვენს სახელმწიფო საზღვარს დაარღვევს, ყველა იქნება დაკავებული, განსაკუთრებით ის სუბიექტები, რომელთა მიმართაც არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებზე დამდგარი განაჩენი.

ამიტომ ზედმეტ ეიფორიას არ გირჩევთ, რადგან ეს იქნება რამდენიმესაათიანი აჟიოტაჟი.

ხვალ ეს არჩევნები დასრულდება და, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყანა განაგრძობს მშვიდ და სტაბილურ განვითარებას და, მეორე მხრივ, დასრულდება მოდელირებული გამარჯვებების შექმნა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან”, – განაცხადა რიჟვაძემ.

რიჟვაძემ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით იხუმრა და განაცხადა, რომ ხალხი შესაბამის პასუხს გასცემს მიხეილ სააკაშვილს.

“ქეიფობდნენ კურორტ გოდერძიზე, მოუვიდათ ცოტა მეტი და ითხოვეს, იქნებ მოგვიანებით ჩაგბარდეთო – ეს ხუმრობით, რაც შეეხება ამ საკითხის აჟიოტაჟს, მერწმუნეთ, რომ ეს გადაივლის და ხალხი საკადრის პასუხს გასცემს ქართული სახელმწიფოს, საზოგადოებისა და მათ შორის, მათი ამომრჩევლების აბუჩად აგდებას”, – განაცხადა რიჟვაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 1 ოქტომბერს ორი ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოვიდა და ბათუმში იმყოფება.

შსს-ს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი