ახალი ამბები

“ძალიან მალე გამოჩნდება” – ბოკუჩავა სააკაშვილზე

1 ოქტომბერი, 2021 • 1167
“ძალიან მალე გამოჩნდება” – ბოკუჩავა სააკაშვილზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრ თინა ბოკუჩავას თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ “ძალიან მალე გამოჩნდება”.

თუმცა ბოკუჩავა არ აკონკრეტებს, როდის.

“როდესაც “ქართული ოცნება” ვერ აიღებს ხვალ 43%-ს, მოუწევს, დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია მოლოდინი სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია ასევე ჰქონდათ ევროპარლამენტარებს. ახლა არის მთავარი, საქართველოს მაქსიმალურად ყველა მოქალაქე მივიდეს საარჩევნო ყუთთან და გააკეთოს საკუთარი არჩევანი ამ ქვეყნის უკეთესი მომავალისთვის და, დარწმუნებული ვარ, დღის ბოლოს, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ოპოზიცია ერთობლივად აღნიშნავს არა რომელიმე პარტიის, არამედ ამ ქვეყნის გამარჯვებას”, — განაცხადა ბოკუჩავამ.

კითხვაზე, საჯაროდ როდის გამოჩნდება მიხეილ სააკაშვილი, თინა ბოკუჩავა პასუხობს: “აუცილებლად ძალიან მალე გამოჩნდება, დარწმუნებული ვარ. მესმის, რომ მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი”.

დღეს დილით, დაახლოებით 08:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე პირველად დაწერა, რომ ის საქართველოშია. ამის შემდეგ კი რამდენიმე ვიდეო გაავრცელა, რომლის ფონადაც ბათუმი ჩანს.

შსს-ში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საზღვარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი