ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო: არც კი დაგვიშვია “ფორმულას” დაყადაღების მოთხოვნა

30 სექტემბერი, 2021 • 1357
თავდაცვის სამინისტრო: არც კი დაგვიშვია “ფორმულას” დაყადაღების მოთხოვნა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის წინაარმდეგ შეტანილი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ტელევიზიის წილის დაყადაღების მოთხოვნას არ გეგმავს:

“თავდაცვის უწყება საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველას, აღკვეთოს ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ დავით კეზერაშვილი თავის კომპანიებს აფინანსებს სახელმწიფოსგან მიტაცებული თანხებით, რომლებიც სახელმწიფოსთვის საზიანო საქმიანობას ეწევიან, თავდაცვის უწყება კარგად იაზრებს დემოკრატიულ ღირებულებებს, სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სამინისტროს არც კი დაუშვია იმის ალბათობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა ტელევიზიის წილის დაყადაღება. მით უმეტეს, როდესაც დავით კეზერაშვილი წლების განმავლობაში აღნიშნული ტელევიზიიდან დივიდენდს არ იღებს. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ალბათობა აღნიშნული კომპანიიდან არ არსებობს”, – აცხადებენ უწყებაში.


დღეს, 30 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტრო სასამართლოში ჩივის ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ.

როგორც უწყებამ ნეტგაზეთთან დააზუსტა, სამინისტრო დაახლოებით 5 მლნ ევროს ანაზღაურებას ითხოვს. ჯერჯერობით თავდაცვის სასმინისტრო არ აზუსტებს, მოითხოვს თუ არა „ფორმულას“ ქონების დაყადაღებას. დავით კეზერაშვილი ამჟამად არის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია „ფორმულას“ 51% წილის მფლობელი.

საუბარია ე.წ. წვრთნების საქმეზე, რომელზეც ყოფილი თავდაცვის მინისტრი მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილი ამ საქმეზე გაამტყუნა.

პროკურატურა დავით კეზერაშვილს ედავებოდა თავდაცვის მინისტრობის პერიოდში საწვრთნელ პროექტებზე 5 მილიონზე მეტი თანხის გაფლანგვას.

“ფორმულა”: კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელი ეგზიტპოლებს უკავშირდება

მასალების გადაბეჭდვის წესი