ახალი ამბები

როგორ ერევიან კრიმინალური ავტორიტეტები არჩევნებში — კვლევა

30 სექტემბერი, 2021 • 1345
როგორ ერევიან კრიმინალური ავტორიტეტები არჩევნებში — კვლევა

ზეწოლა, დაშინება, კრიმინალური ავტორიტეტების ჩართულობა – წინასაარჩევნო პერიოდში ამ და სხვა დარღვევებსა თუ დანაშაულენზე რესპონდენტები საუბრობენ ახალ კვლევაში – „კრიმინალური ავტორიტეტების გავლენა საარჩევნო პროცესზე“.

კვლევა ჩაატარეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა — „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ (RIVG) და „დემოკრატიისა და უსაფრთხოების განვითარების ინსტიტუტი“ (IDSD). კვლევა მოიცავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდს.

კვლევა მოიცავს, როგორც უკვე გამოქვეყნებული წყაროების ანალიზს, ასევე პირისპირ ინტერვიუს სადამკვირვებლო მისიებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელებთან. კვლევის ავტორები დასძენენ, რომ მიუხედავად მცდელობისა, „ქართული ოცნება“ მათ არ ესაუბრა.

„უბნის ავტორიტეტები“, აგრესია და სხვა — როგორ ერევიან კრიმინალური ავტორიტეტები არჩევნებში?

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2020 წლის არჩევნების პერიოდში ძალადობისა და ზეწოლის მსხვერპლები გახდნენ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები, არამედ ჟურნალისტები და დამკვირვებლები. ამას კი, თავის მხრივ, არ მოჰყოლია სამართალდამცავების მხრიდან სათანადო რეაგირება.

„როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების, ისე მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემო ხასიათდება უთანასწორო შესაძლებლობებით მმართველ პარტიასა და სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. ხელისუფლება ხმების მოსაპოვებლად აქტიურად იყენებს მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსით სარგებლობის, დაშინებისა და იძულების გზებს“, — ნათქვამია დოკუმენტში.

ავტორების თანახმად, რესპონდენტებმა დაასახელეს კონკრეტული ფაქტებიც, როგორიცაა, მმართველი პარტიის მხარდაჭერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ცალკეული მუნიციპალური სერვისის თუ სოციალური დახმარების შეწყვეტის მუქარის შესახებ.

ასევე, ხმის სანაცვლოდ, დასაქმების, ცალკეული სამედიცინო მომსახურების მუნიციპალური თანხებიდან დაფინანსების ან სხვა ტიპის დახმარების დაპირებების თაობაზე.

„ცალკე უნდა აღინიშნოს ხელისუფლების სასარგებლოდ ე.წ. კრიმინალური და უბნის ავტორიტეტების ჩარევა, როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ისე უშუალოდ არჩევნების დღეს. რესპონდენტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაადასტურა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები წინასაარჩევნო პროცესში აქტიურად თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან.

მათი აქტივობა, როგორც წესი, არჩევნებამდე 30 დღით ადრე იწყება, ხოლო განსაკუთრებულ მასშტაბს არჩევნებამდე 7-10 დღით ადრე იძენს. კრიმინალური ავტორიტეტების ზეგავლენა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი რეგიონებში, კვლავაც აქტუალურია, ხოლო არაფორმალური ჯგუფების მიერ გამოყენებული ზემოქმედების ბერკეტები საკმაოდ მრავალფეროვანია“.

კვლვის თანახმად, ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც აღნიშნული ჯგუფები იყენებდნენ, არის ოპოზიციის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხვედრებზე „უბნის ავტორიტეტების“ ახლო დისტანციაზე შეჯგუფება, ხმამაღალი გინება და გამომწვევი ქცევა პროვოკაციის მოწყობის და უბნებში დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლის მიზნით.

გარდა ამისა, ზემოქმედების ე.წ. ბერკეტებს შორის არის ფსიქოლოგიური ძალადობაც, როდესაც ე.წ. უბნის ავტორიტეტები, როგორც წინასაარჩევნოდ, ასევე არჩევნების დღეს, უბნებში აქტიურად გამოჩენით ცდილობენ ზემოქმედება მოახდინონ ოპოზიციურად ან ნეიტრალურად განწყობილ ამომრჩეველზე – კენჭისყრის დღეს ისინი ჯგუფდებიან საარჩევნო უბანთან, რითიც მიანიშნებენ ამომრჩეველს, რომ თვალყურს ადევნებენ ხმის მიცემის პროცესს და ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ აკონტროლებენ ამომრჩევლის ხმის მიცემის საკითხს.

„როგორც კვლევამ აჩვენა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას სწორედ ხმის მიცემის ფარულობის მიმართ ამომრჩევლის სკეპტიციზმი წარმოადგენს. არსებული სურათი, ასევე, საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლა, მოქალაქეებს უქმნის განცდას, რომ მათი არჩევანი, რომელსაც ისინი საარჩევნო ყუთთან აფიქსირებენ, ცნობილი გახდება მათზე ზეწოლის განმახორციელებელი პირებისთვის.

ამომრჩეველს უმყარდება რწმენა, რომ არჩევნების შემდეგ ისინი პირისპირ დარჩებიან ე.წ. უბნის ავტორიტეტებთან და მათი ან/და მათი შვილების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ან თავს არიდებენ არჩევნებში მონაწილეობას, ან ზეწოლის შედეგად ხმას აძლევენ არასასურველ კანდიდატს.

ასევე, ამომრჩევლები არათუ ხმის მიცემისგან იკავებენ თავს, არამედ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდის მაგალითზე ჩანს, რომ ითხოვენ საარჩევნო სიებიდან საკუთარი კანდიდატურების ამოღებას“, — ვკითხულობთ კვლევაში.

რესპონდენტებმა დაასახელეს ისეთი შემთხვევები, როდესაც ე.წ. უბნის ავტორიტეტები ახსენებენ ამომრჩეველს, რომ წინა ხელისუფლების დროს ისინი ცუდ მდგომარეობაში იყვნენ და შესაძლოა, ეს დრო კვლავ დაბრუნდეს.

„რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირებას, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებით, ისე კვლევაში მონაწილე რესპოდენტების განცხადებებით დასტურდება, რომ თითქმის ყველა ძალადობის შემთხვევასთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია მიაწოდეს სამართალდამცავ ორგანოებს ან ამასთან დაკავშირებით გააკეთეს საჯარო განცხადებები. ასევე, მათი გადმოცემით, იყო შემთხვევები, როდესაც პოლიციელები თავად შეესწრნენ ე.წ. კრიმინალური ჯგუფების თუ უბნის ავტორიტეტების მხრიდან მოქალაქეებსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებზე ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს.

თუმცა, ზოგჯერ გამოგონილი ფორმალური მიზეზით (განცხადების დაწერის აუცილებლობა, ხელმძღვანელის მითითება და სხვა) არ ახდენდნენ რეაგირებას აღნიშნულ ფაქტებზე. ისევე, როგორც 2020 წლის საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას, 2021 წლის არჩევნების წინ მომხდარი ძალადობის შემთხვევების დიდი ნაწილი გაშუქდა მედიის საშუალებით, ნაწილი კი- დაზარალებულების ფეისბუქ ლაივებით, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, გამოძიება აღნიშნულით არ დაინტერესებულა ან/და მხოლოდ დაზარალებულის გამოკითხვით შემოიფარგლა“.

ავტორების თქმით, უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები ხელს უშლის ამომრჩევლის ნების გამოვლენას და შესაძლებელია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. იმ პირობებში კი, როდესაც კონკურენცია საკმაოდ მაღალია და წინასწარი გამოკითხვებით ბევრ უბანსა თუ რაიონში მეორე ტურია მოსალოდნელი, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენის უზრუნველყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

„სამართლებრივი გზების არაეფექტიანობის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, განხორციელდეს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების/არაფორმალური ჯგუფების ყველა უკანონო ქმედების, ჩარევისა თუ ზეწოლის მაქსიმალურად დოკუმენტირება, გასაჯაროება, თითოეული მოძალადის ვინაობისა და მოტივაციის დადგენა.

აღნიშნული მიზნით მნიშვნელოვანია პარტიებს შორის აქტიური თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და დამკვირვებლების ცნობიერების ამაღლება შესაძლო ზეწოლის შემთხვევებსა და მათზე რეაგირების გზებზე, ასევე, ასეთი ტიპის დარღვევებთან დაკავშირებით საზოგადოების, საერთაშორისო თუ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების მყისიერი ინფორმირება.

მიგვაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობის ფონზე, საარჩევნო სუბიექტებზე ძალადობის, ზეწოლისა და მუქარის ფაქტების საჯაროობა, ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია ასეთი შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით“, — აცხადებენ კვლევის ავტორები.

სრულად დოკუმენტი ნახეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი