ახალი ამბები

ღარიბაშვილის თქმით, 100 ათასი მხარდამჭერის მობილიზების განცხადებაში სამოქალაქო დაპირისპირება არ უგულისხმია

30 სექტემბერი, 2021 • 1032
ღარიბაშვილის თქმით, 100 ათასი მხარდამჭერის მობილიზების განცხადებაში სამოქალაქო დაპირისპირება არ უგულისხმია

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” 100 ათასი მხარდამჭერის მობილიზება ნებისმიერ დროს შეუძლია. ამის შესახებ მან დღეს, 30 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნების კომენტირებისას განაცხადა.

ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ “ოცნებას” სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში 100 ათასი კაცის მობილიზება არ დასჭირდება, რადგან მას პოლიციელები დააკავებენ.

ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ვინც სააკაშვილის დაკავებას ხელს შეუშლის, მასაც დაიჭერენ.

“არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება მე არ დამიანონსებია. სამოქალაქო დაპირისპირება დააანონსეს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა, როცა თქვეს, რომ ისინი ხელს შეუშლიან სააკაშვილის დაკავებას. მე ზოგადად ვთქვი, რომ ოპოზიციას არ შეუძლია საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებაც კი და პიკის დროს, ივლისის თვეში, მათ 5 ათასზე მეტი მხარდამჭერის მობილიზიბა ვერ შეძლეს.

ამის საპასუხოდ მე ვთქვი, რომ ზოგადად “ქართულ ოცნებას” ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება შეგვიძლია 1 საათში და მინიმუმ 100 ათასი ჩვენი მხარამჭერის მშვიდობიანი დემონსტრაცია ნებისმიერ დროს  [შეგვიძლია] განვახორციელოთ. მხოლოდ ეს ვთქვი. სააკაშვილს არ სჭირდება 100 ათასი კაცი. სააკაშვილს სჭირდება 10 პოლიციელი, გამოცდილი კაცი, რომელიც მას დააკავებს, თუ ჩამოვა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს ფეისბუქზე გამოაქვეყნა 2 ოქტომბრისთვის დაჯავშნილი კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო.

“ქართულ ოცნებას” ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის 4 საქმეზე აქვს გამოძიება დაწყებული. აქედან ორ საქმეში სააკაშვილი მსჯავრდადებულია და პატიმრობაც აქვს მისჯილი, დანარჩენ ორთან მიმართებით კი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი