ახალი ამბები

YouTube ბლოკავს ვაქცინის საწინააღმდეგო ყოველგვარ მასალას

30 სექტემბერი, 2021 • 573
YouTube ბლოკავს ვაქცინის საწინააღმდეგო ყოველგვარ მასალას

YouTube ბლოკავს ვაქცინის საწინააღმდეგო მასალებს. თუ ვიდეოპორტალის პოლიტიკა ამ დრომდე მხოლოდ COVID-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას შეეხებოდა, ამიერიდან ის სხვა ავტორიზებული ვაქცინების საწინააღმდეგო ვიდეოებზეც გავრცელდება.

YouTube დასძენს, რომ გაფართოებული პოლიტიკა შეეხება “ამჟამად ადმინისტრირებულ, დამტკიცებულ ვაქცინებს, რომელთა უსაფრთხოება და ეფექტურობა დადასტურებულია ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანოებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ”.

Al-Jazeera-ს თანახმად, ვიდეოპორტალი იმუშავებს ცრუ პრეტენზიების წინააღმდეგაც ისეთი დაავადებების ვაქცინებთან მიმართებით, როგორებიცაა წითელა, B ჰეპატიტი და გრიპი. შეზღუდვა შეეხებათ ვიდეობლოგერებსაც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ავტორიზებული ვაქცინები არ მუშაობს, ან დაუსაბუთებლად აკავშირებენ ქრონიკულ ეფექტებთან.

ხსენებული პოლიტიკის ფარგლებში, მიმდინარე კვირაში YouTube-მა დაბლოკა არაერთი ცნობილი ბლოგერისა და კრემლის მიერ დაფინანსებული RT-ის (Russia Today) 2 გერმანულენოვანი არხი.

ვიდეოპორტალი ამბობს, რომ ხსენებულმა არხებმა დაარღვიეს განაწესი COVID-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციის შესახებ. ის ასევე დასძენს, რომ დაბლოკვამდე Russia Today გააფრთხილა.

ფაქტს უკვე გამოეხმაურა რუსეთის მასობრივი კომუნიკაციის ზედამხედველობის სამსახური “როსკომნადზორი”, რომელიც YouTube-ს დაბლოკვით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ RT-ის არხები ვიდეოპორტალზე არ აღდგება.

ზემოხსენებული გადაწყვეტილებების გამო YouTube  გააკრიტიკეს ვაქცინის მოწინააღმდეგე ამერიკელმა ბლოგერებმაც, რომლებმაც, “როსკომნადზორის მსგავსად”, ცენზურაში დაადანაშაულეს ვიდეოპორტალი.

YouTube-ის ადმინისტრაცია ამბობს, რომ გასული წლიდან მოყოლებული, მან უკვე წაშალა 130 000 ერთეული მასალა, რომლებიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან იყო დაკავშირებული. ჯამში, წაშლილია კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის შემცველი მილიონი ვიდეო.

მასალების გადაბეჭდვის წესი