ახალი ამბები

სააკაშვილის დაბრუნება აჩენს შიშებს, რაც ამომრჩევლის მობილიზაციაში გვეხმარება – კობახიძე

29 სექტემბერი, 2021 • 1967
სააკაშვილის დაბრუნება აჩენს შიშებს, რაც ამომრჩევლის მობილიზაციაში გვეხმარება – კობახიძე

პარტია “ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, საპატიმროში მოხვდება.

მან ეს განცხადება ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში გააკეთა.

“ორივე შემთხვევაში წაგებული რჩება მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა, თუმცა ქვეყანა დაისვენებს, თუ ის მოხვდება იმ დაწესებულებაში, რომელშიც ეკუთვნის მოხვედრა”, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება საზოგადოებაში აჩენს შიშებს, რაც ქართულ ოცნებას “ამომრჩევლის მობილიზაციაში ეხმარება”.

“ის საბოლოო ჯამში მხარს უჭერს ჩვენს საარჩევნო შანსებს. ვიცით, რომ საზოგადოებაში არის სერიოზული შიში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების და ნებისმიერი ასეთი აქტი ამ შიშებს ამძაფრებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ამომრჩევლის მობილიზაციაში გვეხმარება”, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აქვს წინასწარი პატიმრობაც შეფარდებული და იმ შემთხვევაშიც, თუ მას შეიწყალებენ, წინასწარი დაკავების დროს გათვალისწინებული პატიმრობით მოხვდება .

“ცოტა წარმოუდგენელი მგონია სალომე ზურაბიშვილის მხრიდან [მიხეილ სააკაშვილის შეწყალება] გამომდინარე, მათ შორის, მისი დამოკიდებულებიდან ამ პიროვნების მიმართ, ყოველ შემთხვევაში, მე ამის იმედი მაქვს, რომ ეს დამოკიდებულება არ შეცვლილა. მეორე – არის სხვადასხვა საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეფარდებული. თეორიულადაც რომ დავუშვათ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეწყალებული იქნება, ასეთ შემთვევაში, ის უკვე წინასწარი პატიმრობის ხაზით იქნება დაკავებული.

ასეც და ისეც მისი ადგილი იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის 4 საქმეზე დაიწყო გამოძიება. აქედან ორ საქმეში სააკაშვილი მსჯავრდადებულია და პატიმრობაც აქვს მისჯილი, დანარჩენ ორთან მიმართებით კი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული.

7 ნოემბერს “იმედში” შეჭრისა და პატარკაციშვილის ქონების საქმეზე სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი