ახალი ამბები

ოპონენტები ნუ ხარობენ, უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე ინფრომაცია ტყუილია – ზალკალიანი

29 სექტემბერი, 2021 • 949
ოპონენტები ნუ ხარობენ, უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე ინფრომაცია ტყუილია – ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს, ძალიან დიდი ტყუილია.

მისი თქმით, საქართველო აღებულ  ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს და არანაირი შეჩერების მექანიზმი საქართველოსთან მიმართებაში არ ამოქმედდება.

„მე მინდა დავამშვიდო ყველა და ასევე, იმედი გავუცრუო იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან აიტაცეს ეს ამბავი. მე ვიცი, რომ დიდი აღტკინებაა ჩვენს ოპონენტებში და წარმოუდგენელია, როცა ოპონენტები ხარობენ, სავარაუდოდ, ქვეყნის წარუმატებლობით და მათ მინდა იმედები გავუცრუო და ვუთხრა, რომ ეს ძალიან დიდი ტყუილია. ამ სტატიაში კონკრეტულად საქართველოზე არ არის საუბარი, მოლდოვაზე და აღმოსავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზეა საუბარი და არათუ გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, პირიქით, საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 75%-ით არის შემცირებული.

ასე რომ, ეს ძალიან დიდი ტყუილია, არაფერი არ გვემუქრება, ყველაფერი ძალიან კარგად არის. ვიზა-ლიბერალიზაციის შესრულების ბოლო ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა, უაღრესად პოზიტიურია, სადაც ძალიან დადებითი შეფასება აქვს საქართველოს მხრიდან ვიზა-ლიბერალიზაციის შესრულებას და ჩვენ აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ვასრულებთ. ამიტომ, არანაირი შეჩერების მექანიზმი საქართველოსთან მიმართებაში არ ამოქმედდება. ახლა მაცნობეს, რომ გერმანიის პრეზიდენტმა შტაინმაიერმა მსგავსი განცხადება გააკეთა, რომ არანაირი  მსგავსი ნაბიჯები არ იგეგმება, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, რომ ჩვენს ოპონენტებს იმედები გავუცრუო  და ვუთხრა, რომ ნუ ხარობენ ქვეყნის წარუმატებლობით, მაშინ, როდესაც ქვეყანა აშკარად წარმატების გზას ადგას. ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობა და სავიზო ლიბერალიზაცია შეუქცევადი პროცესია. ჩვენ არ გადავუხვევთ ჩვენ მიერ ნაკისრი არცერთი ვალდებულებიდან“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.


გამოცემა EU Observer იუწყება, რომ მოიპოვეს ევროკავშირის სამუშაო დოკუმენტი, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ გერმანია, საფრანგეთი და იტალია ღელავენ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ ბინადრობის დიდი რაოდენობით უსაფუძვლო მოთხოვნების წარდგენისა და თავშესაფრის მოთხოვნის გახშირებული შემთხვევების გამო  და უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავენ.

საქართველოსთან ერთად, „პრობლემურ“ ქვეყნებად სახელდებიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, მოლდოვა და უკრაინაც.

EU Observer წერს, რომ შიდა დოკუმენტი, რომელიც 27 სექტემბრით არის დათარიღებული, მომზადდა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის დასავლეთბალკანური ტურის წინ, ასევე, ბალკანეთის და უკრაინის სამიტების წინ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი „ევროობზერვერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ფეიკ ნიუსს“ უწოდებს.

ევროკომისიაში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე მსჯელობენ — მედია

მასალების გადაბეჭდვის წესი