ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ჩვენი ურთიერთობები სასარგებლოა მთლიანად რეგიონისთვისაც” | ალიევი ღარიბაშვილს

29 სექტემბერი, 2021 • 983
“ჩვენი ურთიერთობები სასარგებლოა მთლიანად რეგიონისთვისაც” | ალიევი ღარიბაშვილს

საქართველოს მთვრობა ინფორმაციას ავრცელებს ირაკლი ღარიბაშვილის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრის შესახებ.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიულ პარტნიორობის მაღალ დონეს და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგს, ასევე ინტენსიურ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება აზერბაიჯანში. ძალიან სასიხარულოა თქვენი მასპინძლობა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის თქვენი მეორე ვიზიტი წელს. ჩვენ გვქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა. განვიხილეთ რიგი საკითხები ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკურ დიალოგს ორ მოძმე ერს შორის, რომელიც ყოველთვის ძალიან აქტიურია. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს რეგიონში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. გამოჩნდა ახალი გამოწვევები, ასევე, შესაძლებლობები. ჩვენი ურთიერთობები სასარგებლოა არა მხოლოდ ჩვენი ერებისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვისაც”, – ციტირებს საქართველოს მთავრობა ალიევს.

ქართული მხარის ცნობითვე, ალიევმა ისაუბრა ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის პროგრესულ სტატისტიკაზე,  ბუნებრივი აირისა და ნავთობის ტრანსპორტირების, ასევე, უკვე განხორციელებულ პროექტებზეც.

“დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს თანამშრომლობას. მადლობა, რომ დათანხმდით ჩემს მოწვევას. კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება!“ – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

დღეს, 29 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში ჩავიდა. მისივე ინფორმაცით, უახლოეს მომავალში ვიზიტს სომხეთშიც გეგმავს.

ღარიბაშვილმა 28 სექტემბერს “იმედის” ტელეეთერში სომხეთ-აზერბაიჯანის მედიაციის საკითხში საკუთარ როლზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

ღარიბაშვილის მედიაციით, ყარაბაღის 2020 წლის ომის დროს აზერბაიჯანში ტყვედ მოხვედრილი სომხეთის 15 მოქალაქე რამდენიმე თვის წინ გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანს სომხურმა მხარემ დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. ამ ფაქტის შემდეგ ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს რამდენჯერმე მადლობა გადაუხადა მედიაციის პროცესში მისი პირადი წვლილისთვის, მათ შორის, საქართველოში უკანასკნელი ოფიციალური ვიზიტის დროს.

ამავე თემაზე:

 

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ბაქოსა და ერევანს შორის მედიაციას გააგრძელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი