ახალი ამბებიკომენტარი

საქართველოდან ცნობები ისე მოდის, როგორც ფრონტის ხაზიდან — ინტერვიუ ევროპარლამენტართან

29 სექტემბერი, 2021 • 6807
საქართველოდან ცნობები ისე მოდის, როგორც ფრონტის ხაზიდან — ინტერვიუ ევროპარლამენტართან

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ ინტერვიუს ლიეტუველ ევროპარლამენტართან, Renew Europe Group-ის წევრ პეტრას აუსტრევიჩიუსთან.


 საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება. როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო გარემოს და რა მოლოდინი გაქვთ არჩევნებთან დაკავშირებით?

– ჩვენ ძალიან გულმოდგინედ ვაკვირდებით საარჩევნო კამპანიას საქართველოში. ჩვეულებრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ისეთ ყურადღებას ვერ იქცევს, როგორც ახლა საქართველოს შემთხვევაში. როგორც წესი, ევროპარლამენტის დელეგაცია არასდროს ჩადის თუნდაც პარტნიორ ქვეყნებში მუნიციპალურ არჩევნებზე დასაკვირვებლად, განსხვავებით ამ შემთხვევისგან. ეს ნიშნავს, რომ ახლანდელი მუნიციპალური არჩევნები საქართველოში აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური მნიშვნელობისაა. საარჩევნო გარემოს შეფასებისას უნდა აღვნიშნო, რომ მე ნეგატიურად გაკვირვებული ვარ ძალიან მაღალი პოლარიზაციის, უკიდურესი დაძაბულობის და ფიზიკური ინტერაქციის გამო კონკურენტ პარტიებს შორის. გულწრფელად რომ ვთქვა, საქართველოს შესახებ ბოლო კვირების განმავლობაში ცნობები ისე მოდის, როგორც ფრონტის ხაზიდან. ვერ ვხედავ პროგრესს, რომელსაც ველოდით საქართველოში ზოგადი დემოკრატიული პროცესის თვალსაზრისით, რომ კამპანია უფრო ცივილიზებული გახდებოდა, ნაკლებად სტრესული და უფრო მეტად დაფუძნებული ფაქტებსა და ღია დებატებზე. ეს ჯერ არ მომხდარა. იმედი მაქვს, ბოლო დღეებში რამე უარესი არ მოხდება.

— იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია ვერ მიიღებს 43%-იან მხარდაჭერას, უნდა ველოდოთ თუ არა ზეწოლას ევროკავშირის მხრიდან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, როგორც ეს გათვალისწინებული იყო “ქართული ოცნების” მიერ ცალმხრივად ანულირებული 19 აპრილის შეთანხმებით?

— მუნიციპალური არჩევნების დიდი მნიშვნელობა გარკვეულწილად განპირობებულია სწორედ 19 აპრილის შეთანხმებით და 43%-ზე მითითებით, როგორც ე.წ. მანდატზე “ქართული ოცნებისთვის”, გააგრძელოს ხელისუფლებაში ყოფნა და პოლიტიკური კურსი. მე არ მინახავს რაიმე ფორმალური უარყოფა “ქართული ოცნებისგან” 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლაზე. მიმაჩნია, რომ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება კვლავ ძალაშია. თუმცა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა შეთანხმებიდან გადახვევას. მაგრამ მჯერა, ოფიციალურად შეთანხმება ძალაშია. ამიტომ არჩევნების მნიშვნელობა ძალიან მაღალია. ვიმედოვნებ, არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება და შედეგების მისაღებად ეს იქნება საკმარისი მტკიცებულება ყველა პარტიისთვის. ამიტომ არის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში უმნიშვნელოვანეს საკითხად და სტრატეგიის ნაწილად იქცა დისკუსიებში ევროკავშირს და საქართველოს შორის. ვიმედოვნებ, რომ საკმარისი საღი აზრი დარჩა ქართულ მხარეს იმისთვის, რომ არჩევნები სრულად ევროპულ სტილში ჩაატაროს და დაამტკიცოს, რომ ჩვენ ვართ პარტნიორები არა მხოლოდ მაგიდის ირგვლივ, არამედ რეფორმების ყოვლისმომცველ პროცესში, რომელმაც უნდა მიიყვანოს საქართველო ევროკავშირის წევრობასთან. თუმცა ვიცით, რამდენი რამ არის გასაკეთებელი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კანონის უზენაესობის კრიტერიუმების დაკმაყოფილებამდე.

— არჩევნების შემდეგ პოლიტიკური კრიზისის გამწვავების შემთხვევაში ევროკავშირი კიდევ ერთ მედიაციას აიღებს საკუთარ თავზე? 

— უმჯობესია კიდევ ერთი პოლიტიკური კრიზისის აცილება, იმიტომ, რომ ყველა კრიზისს თავისი ფასი აქვს. მას მოაქვს მეტი პოლარიზება, უნდობლობა და დაძაბულობა. ამან შეიძლება შეარყიოს ნდობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ჩვენ განვიხილავთ საქართველოს, როგორც სერიოზულ პარტნიორ ქვეყანას, რომელსაც აქვს ევროპული მისწრაფებები, ამიტომ ნებისმიერ ფასად თავიდან უნდა ავიცილოთ კიდევ ერთი პოლიტიკური კრიზისი. მაგრამ თუ კრიზისი მაინც დადგა, არ ვიცი, რა პასუხი იქნება ევროკავშირისგან. შარლ მიშელმა დიდი ძალისხმევა ჩადო მედიაციაში. როცა ვხედავთ, როგორ ადვილად, უპასუხისმგებლოდ არის დაწერილი პირობები გვერდზე გაწეული და უგულებელყოფილი, ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის ევროკავშირში, განსაკუთრებით კი, ისეთი მაღალი დონის პოლიტიკური ფიგურისთვის, როგორიც შარლ მიშელია, ძალიან რისკის შემცველია, კიდევ ერთხელ წამოიწყოს რაღაც ისეთი, რაც ცოტა ხნის წინ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად იქცა. ამიტომ უკეთესია კრიზისის თავიდან არიდება და არ არსებობს გარანტია [მედიაციის].

— საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა საქართველოში ჩამოსვლა 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს. როგორ ფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას ისედაც პოლარიზებულ გარემოში? 

— დიახ, ჩვენ ვიცით ყოფილი პრეზიდენტის განზრახვის შესახებ, რომ დაბრუნდეს საქართველოში 2 ოქტომბერს. ჩვენ მას ვესაუბრეთ ამ საკითხზე. არ ვფიქრობთ, რომ ეს საუკეთესო აზრია. არ ვუყურებთ ენთუზიაზმით ამ გადაწყვეტილებას, რადგან შეიძლება უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანოს პოლიტიკაში. ენმ ძალიან ძლიერი პოლიტიკური პარტიაა არჩევნებში. ბევრი კვლევის თანახმად, ის მეორე ადგილზეა, ძალიან კონკურენტუნარიანი, ამიტომ არ ვიჩქარებდი ამ გადაწყვეტილების მიღებას. მიხეილ სააკაშვილი შეიძლება დაბრუნდეს, მაგრამ აუცილებელია, ეს არჩევნების დღეს გააკეთოს? ჩემგან და ჩემი კოლეგებისგან მოისმინა ეს გზავნილი ევროპარლამენტში. ყველა პოლიტიკოსი თავად იღებს საკუთარ გადაწყვეტილებას. ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა ასეთ გაღრმავებულ პოლარიზებულ გარემოში დაბრუნება. მიხეილ სააკაშვილისადმი სრული პატივისცემით ვამბობ ამას. ვიცი, რამდენი გააკეთა საქართველოსთვის, ის სულ საქართველოზე ოცნებობს, ის არ ლაპარაკობს ევროპაზე და სხვა თემებზე. როცა შევხვდით, ის სულ საქართველოზე საუბრობდა, ქართველი ხალხის ევროპულ მომავალზე. ამიტომ მას პატივს ვცემ, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა გადავადება.

— რა ნაბიჯებს ელით საქართველოს ხელისუფლებისგან, იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში დაკავება ემუქრება?

— მოვისმინე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება. მართალია, ის ნამდვილად შეიძლება დაპატიმრებულ იქნას, თუ დაბრუნდა და ამან შეიძლება, კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა გამოიწვიოს პოლიტიკაში. არ ვფიქრობ, ეს საუკეთესო სიახლეა, რომელსაც არჩევნებამდე უნდა ვისმენდეთ. მე მოველი, რომ ნებისმიერ დროს, როცა არ უნდა დაბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, როგორც ორგზის პრეზიდენტის, მისი უფლებები იქნება დაცული და უსაფრთხოება — გარანტირებული, თუმცა არ ვიცი, ეს ყოველივე რამდენად პოზიტიურად  აირეკლება პოლიტიკაზე.

— ცოტა ხნის წინ გასაჯაროვდა, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ათასობით ფაილი, რომლებიც ძირითადად ფოკუსირებული იყო სასულიერო პირებზე, თუმცა, ამავდროულად, მოიცავდა ჩანაწერებს ჟურნალისტების, სამოქალაქო სექტორის, საჯარო მოხელეების თუ დიპლომატების საუბრების შესახებ, საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის ჩათვლით. რა რეაქცია გქონდათ ამ ინფორმაციაზე და რა რეაგირებას უნდა ველოდოთ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის სტრუქტურებში?

— ჩემი პერსონალური დამოკიდებულება ძალიან ნეგატიურია. ნებისმიერი სატელეფონო საუბრის მიყურადება, განსაკუთრებით უცხოელი დიპლომატების, როგორც ამ შემთხვევაში, უბრალოდ მიუღებელია. ეს არის საერთაშორისო კონვენციის დარღვევა და აზიანებს ნდობას ჩვენ შორის. ევროკავშირი და ევროპელი დიპლომატები არ წარმოადგენენ საფრთხეს საქართველოს სახელმწიფოსთვის და ქართველი ხალხისთვის. ამიტომ მათი მიყურადება ძალიან დიდი შეცდომაა. ველოდები საქმის დროულ და სამართლიან გამოძიებას. ეს მიუღებელია და, ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ მიიღო შესაბამისი შეტყობინება ბრიუსელისგან. ეს სამწუხარო ამბავი იქნება განხილვის თემა არჩევნების შეჯამებიდან ორიოდე კვირაში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. ფარული მიყურადება არის საბჭოთა წარსულიდან, რაც არ უნდა განმეორდეს მომავალში.

— ცოტა ხნის წინ საქართველომ უარი თქვა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში გამოყოფილ 75 მილიონიან სესხზე, რაც საგარეო ვალის შემცირების სურვილით ახსნა, თუმცა ევროკავშირის მხრიდან ითქვა, რომ ქვეყანა ისედაც ვერ ასრულებდა სესხისთვის გათვალისწინებულ წინაპირობებს. როგორ აღიქვამთ საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?

— გაოცებული ვიყავი ამ გადაწყვეტილებით. თავდაპირველად მიზეზი ვერ გავიგე იმიტომ, რომ საქართველოს ეკონომიკას, ქართველ ხალხს ნამდვილად სჭირდება მეტი მაკროფინანსური მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან.  არ დავიჯერებ არგუმენტს სუპერეკონომიკური ზრდის შესახებ, რადგან სასტარტო პოზიცია ძალიან დაბალია. საქართველოს ეკონომიკა უნდა იზრდებოდეს 10%-ით 10 წლის განმავლობაში, რომ ვნახოთ რეალური შედეგი. ამიტომ ამ გადაწყვეტილებას აღვიქვამ როგორც აბსოლუტურად პოლიტიკურს. ვფიქრობ, სესხზე უარის თქმა იყო მაკროფინანსური დახმარების პირობების შეუსრულებლობის კრიტიკის პრევენცია. ნათელია, რომ წინაპირობა არ იყო შესრულებული და მაკროფინანსური დახმარების გამოყოფა გადაიდებოდა გარკვეული რეფორმების დასრულებამდე. ამიტომ საქართველოს მთავრობამ გამონახა ევროკავშირის მიერ სესხის არმიწოდების და მაკროფინანსური დახმარების გადავადების ალტერნატიული გზა და არა ის, რომ ეკონომიკა აყვავდა. ბოდიში, მაგრამ ამ არგუმენტში ვერავინ დამარწმუნებს.

— როგორც იცით, 2024 წელს საქართველო გეგმავს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას. დღევანდელი გადმოსახედიდან, თქვენი შეფასებით, რა შანსები აქვს საქართველოს, მისი განაცხადი დაკმაყოფილდეს და მიიღოს პოტენციური კანდიდატის ან კანდიდატი ქვეყნის სტატუსი?

— განაცხადის გაკეთებაში საქართველოს ხელს ვერავინ შეუშლის. ეს საქართველოსა და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, მხარი დაუჭირონ ამ გადაწყვეტილებას. მაგრამ საქმის ვითარებას თუ შევაფასებთ — ქართულ პოლიტიკას და ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესს — ვერ ვიტყოდი, რომ ეს საუკეთესო დროა; ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი გადმოსახედიდან და ჯერ არ ვიცით, რა მოდება მუნიციპალური არჩევნების შემდეგ.  ბევრი პირობა არის შესასრულებელი იმის დემონსტრირებისთვის, რომ ეს აპლიკაცია მომწიფებული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. რადგანაც ვლაპარაკობთ სერიოზულ აპლიკაციაზე, ორმაგად დავფიქრდებოდი თბილისში ამ გადაწყვეტილების მიღებამდე

მასალების გადაბეჭდვის წესი