ახალი ამბები

ცესკოს აკრიტიკებენ ‘სისხლიანი ბანერების” საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო

29 სექტემბერი, 2021 • 1434
ცესკოს აკრიტიკებენ ‘სისხლიანი ბანერების” საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სიორიძე არ ეთანხმება “სისხლიანი ბანერების” შესახებ ცესკოს გუშინდელ გადაწყვეტილებას. კერძოდ, საუბარია ცესკოს მიერ გუშინ, 28 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, “სისხლიანი ბანერების” განთავსებაზე სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სიორიძე, რომელიც ცესკოში ლელოს წარდგინებითაა, “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ცესკოს თავმჯდომარემ კომისიასთან განხილვის გარეშე მიიღო, რისი უფლებაც მას სამართლებრივად ჰქონდა. თუმცა სიორიძე ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში შესაძლებელი იყო ბანერების ჩამოხსნა და დამკვეთის დაჯარიმება. მისი განმარტებით, ეს მნიშვნელოვანი იქნებოდა, რადგან ასეთ გადაწყვეტილებას ექნებოდა პრეცედენტული სახე და სამომავლოდ მსგავს ბანერები აღარ განთავსდებოდა:

“როდესაც ვამბობ, რომ ამ გადაწყვეტილებას შინაარსობრივად ვემიჯნები, პოლიტიკურ განცხადებას არ ვაკეთებ, მე ვარ საარჩევნო ადმინისტრატორი და ამას ვემიჯნები ჩემი სამართლებრივი მოსაზრებიდან გამომდინარე, რადგან ასეთ დროს, როდესაც პირდაპირ არ იკვეთება არც პარტიის წევრობა და არც შემომწირველობა, სხვა დამატებითი კრიტერიუმებიც უნდა იქნას გაანალიზებული. მაგალითად, რა პერიოდში განთავსდა ბანერები, რა არის ამ ბანერების შინაარსი, ვინ არიან მასზე გამოსახული, რა წარწერაა მასზე და, საბოლოო ჯამში, უნდა დადგინდეს სურათი, თუ პირდაპირ არ არის საარჩევნო კამპანია, ირიბად შესაძლებელია ეს იყოს კონკრეტული პოლიტიკური ძალის, ამ შემთხვევაში მმართველი ძალის ინტერესებში და სწორედ ასე შეიძლება დადგინდეს, რომ ეს არის სწორედ კამპანიური ხასიათის და მივიღებდით უკვე სხვა სამართლებრივ შედეგს.

პრინციპში, თავისი საქმე და თავისი მიზანი ამ ბანერებმა შეასრულა, თუმცა სამომავლოდ ჯარიმასა და ჩამოხსნას ექნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტული ეფექტი. 2018 წელსაც იგივე მოხდა [“სისხლიანი ბანერები” განთავსდა], მაშინ რომ ყოფილიყო რეაგირება, ჩვენ წელს ამ ბანერებს ვერ ვნახავდით და სახიფათოა, რომ მომავალში შეიძლება კერძო პირებმა მსგავსი ბანერებით მოჭედონ საარჩევნო პერიოდში მთელი ქვეყანა”, – განმარტავს სიორიძე.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე განმარტავს, რომ კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ბანერებზე მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გუშინდელი განცხადება. სიორიძის თქმით, განცხადება ისე აღიქმებოდა, თითქოს აღნიშნული გადაწყვეტილება ცესკომ, როგორც კოლეგიალურმა ორგანომ, კომისიის მსჯელობის საფუძველზე მიიღო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ამ თემაზე “ნეტგაზეთი” ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ ეს გადაწყვეტილება სამართლებრივ ჩარჩოებში ჯდება. კერძოდ, ცესკოს განმარტებით, ბანერები საარჩევნო პროგრამად არ მიიჩნიეს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მესამე პუნქტის გათვალისწინებით.

რაც შეეხება განცხადებას, ცესკოს განმარტებით, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ცესკოს გადაწყვეტილება, რადგან ის მიღებული იქნა მოკვლევის საფუძველზე, რომელიც უწყების სხვადასხვა სტრუქტურულმა ერთეულმა აწარმოა, მათ შორის იურიდიულმა დეპარტამენტმა:

“ცესკო კოლეგიალური ორგანოა, სადაც არის 17 წევრი და კოლეგიალურად მიიღება კონკრეტული გადაწყვეტილებები. არის გადაწყვეტილებები, რომელიც მოკვლევის შედეგად მიიღება ხელმძღვანელობის მიერ, რაც ჯდება სრულად სამართლებრივ ჩარჩოებში”, – განმარტეს ცესკოში.

“სისხლიანი ბანერები” თბილისსა და სხვა ქალაქებში 17 სექტემბრის ღამით გამოჩნდა. ბანერებზე წერია “არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!”, წითლად შეღებილ ფონზე კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ფოტოებია დატანილი.

ამ ბანერების თაობაზე რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის “დროამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ”, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა”, საჩივრით მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და რეაგირება მოითხოვა.

პოლიტიკური პარტია “დროა” და “ნაციონალური მოძრაობა” საჩივარში განმარტავდა, რომ აღნიშნულ ბანერები წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების შინაარსის მატარებელია, არღვევს კანონს და საზოგადოებაში შუღლს და დაპირისპირებას აღვივებს. ასევე იწვევს საზოგადოების პოლარიზებას და საარჩევნო სუბიექტების დისკრედიტაციას ემსახურებოდა, რაც საარჩევნო კოდექსს ეწინააღმდეგება.

“სააგიტაციო მასალის საბანერე სივრცეებზე განთავსება არის ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის მნიშვნელოვანი ბერკეტი, აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ადეკვატურად უნდა შეაფასოს კანონდარღვევის დაუსჯელად დატოვების გამო მოსალოდნელი საფრთხეები და კანონის მოთხოვნების მიხედვით მოახდინოს სათანადო რეაგირება”, – აღნიშნავდა “დროა” საჩივარში, რომლითაც ცესკოს 19 სექტემბერს მიმართა.

ამასთან, “დროა”, “ნაციონალური მოძრაობა” და ISFED საჩივრებში აღნიშნავდნენ, რომ საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-6 პუნქტით სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი გუშინ, 28 სექტემბერს განაცხადა, რომ ბანერები საარჩევნო პროგრამად და სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივ საფუძვლად არ მიიჩნია, რადგან მისი დამკვეთი ფიზიკური პირია და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი.

“პირველ რიგში კი, უნდა აღინიშნოს, რომ სიძულვილის ენა ნებისმიერი გამოხატულებით საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არის მიუღებელი და მისი ტირაჟირების ხელშეწყობა სცილდება ეთიკურ ნორმებს. საარჩევნო ადმინისტრაციამ დეტალურად მოიკვლია ბანერების თემა და დაადგინა კიდეც, რომ ბანერების დამკვეთი არის ფიზიკური პირი, რომელმაც შპს „ალმას“ შეუკვეთა მათი დამზადება/განთავსება. სწორედ ამ კერძო პირის წერილობითი პასუხებიდან ირკვევა, რომ საჩივრებში მითითებული ბანერების დამზადება/განთავსება არ მომხდარა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით. ჩვენი მოკვლევის თანახმად, ეს პირი ასევე არ წარმოადგენს არცერთ პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს ან მათ ოფიციალურ მხარდამჭერს და არც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად არის რეგისტრირებული. ის არ არის არცერთი პოლიტიკური გაერთიანების შემომწირველი.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად (საარჩევნო კოდექსი, 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი), ჩვენს მიერ ხსენებული პირის მიერ თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში განთავსებული ბანერები არ არის მიჩნეული საარჩევნო პროგრამად. სწორედ ამიტომ ,ამ პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს”, – განმარტა ცესკომ განცხადებაში.

ცესკოს ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან თავად მომჩივანები. “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ განმარტა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეეძლო ბანერების ჩამოხსნის შესახებ მიეღო გადაწყვეტილება:

“არ ვიცი, რა სურვილი ჰქონდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მაგრამ მან ვერ შეასრულა ის პოზიტიური როლი, რომლის შესრულებაც შეეძლო და ასევე შეეძლო აღეკვეთა ასეთი ძალადობის წამახალისებელი ბანერი, რომელიც ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციას კარგი პრაქტიკით ევალება, რომ მან ეს პოზიტიური როლი შეასრულოს და თუ წინასაარჩევნო კამპანიას მსგავსი ძალადობრივი ხასიათი აქვს, მისი კომპეტენციის ფარგლებში აღკვეთოს. ასე შეიძლება ნებისმიერმა მოქალაქემ გააკრას [ასეთი ბანერები] და თქვას, რომ ამას საარჩევნო მიზანი არ აქვს”, – განმარტა დოლიძემ “მთავარ არხთან”.

ამ შინაარსის ბანერს რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს. პირველად ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში გამოჩნდა. ბანერზე, წარწერით “არა ნაცებს! არა ბოროტებას!” მიხეილ სააკაშვილის, გრიგოლ ვაშაძის, მეგის ქარდავასა და ზურაბ ადეიშვილის, ასევე, “რუსთავი 2”-ის იმჟამინდელი დირექტორის, ნიკა გვარამიას ფოტოები იყო დატანილი.

მეორედ, ამავე წარწერიანი პლაკატები თბილისსა და სხვა ქალაქებში მიმდინარე წლის ივლისში გამოაკრეს. უწინდლისგან განსხვავებით, ფონზე ცისარტყელა დახატეს და პოლიტიკოსების გარდა, გამოსახეს სამოქალაქო აქტივისტების სურათებიც.

იქვე იყო “მთავარი არხის” დამფუძნებლის — ნიკა გვარამიას, “ტვ პირველის” მენეჯერისა და ამავე არხის მთავარი პროდიუსერის — ვატო წერეთლისა და ნოდარ მელაძის ფოტოები.

უკვე ახლა, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, შეიცვალა როგორც ბანერებზე გამოსახულ პირთა შემადგენლობა, ისე — მთავარი გზავნილი. ზემოთ მოცემულ ლოზუნგებს დაემატა “არა ღალატს!”, სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად კი ბილბორდებზე გიორგი გახარიას, ასევე, გუბაზ სანიკიძის, ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მელიას ფოტოები დაიტანეს.

18 სექტემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სარეკლამო კონსტრუქციები, რომლებზეც 17 სექტემბრის ღამით ბანერები დაიტანეს, კერძო კომპანიის საკუთრებაა და მერია აღნიშნულზე რეაგირებას ვერ მოახდენს.

“მე პირადად არ მომწონს ეს და მაქვს ჩემი საარჩევნო კამპანია. ყოველთვის საზოგადოებას ვესაუბრები სამომავლო გეგმებზე… რეაგირება არაფერი არ იქნება. ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში.

არის კომპანია “ალმა”, რომლის საკუთრებაც არის ეს ბანერები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას. მერიას არც გაკვრაში და არც ჩამოხსნაში არანაირი ვალდებულება და არანაირი უფლება არ აქვს”, — დასძინა მან.

ამის შემდეგ კალაძემ კრიტიკული ტელევიზიების ჟურნალისტებს მიმართა და უთხრა:

“ხომ არ მოგწონთ ეს? ისევე არ მომწონს მე ის კამპანია, რომელსაც თქვენი ტელევიზიების საშუალებით თქვენივე პარტია ახორციელებს.

შეგიძლიათ, ჩართოთ ტელევიზორი და ნახოთ, საარჩევნო კლიპებში რაც არის: ცილისწამება, ბოროტება, სიძულვილის ენა… ეს ხართ თქვენ”.

ოპოზიციონერები „სისხლიან“ ფონზე: 3 პრობლემა

მასალების გადაბეჭდვის წესი