ახალი ამბები

სააკაშვილმა იცის, რომ მის თვითმფრინავს თბილისის აეროპორტში არ დასვამენ – მელია

28 სექტემბერი, 2021 • 10601
სააკაშვილმა იცის, რომ მის თვითმფრინავს თბილისის აეროპორტში არ დასვამენ – მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა იცის, რომ მის თვითმფრინავს თბილისის აეროპორტში არ დასვამენ. ამის შესახებ მელიამ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

მელიას თქმით, სააკაშვილმა ისიც იცის, რომ  2 ოქტომბერს, იმ დროს, როცა ის საქართველოში ჩამოვა, მისი მხარდამჭერები საარჩევნო უბნებზე იქნებიან და მას ვერ დაიცავენ.

“მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ როდესაც ის მშვიდობიანად ციხეში შესვლისთვის ემზადება, ეს იქნება “ქართული ოცნებისთვის” სერიოზული თავის ტკივილი. ამის შესაძლებლობა ჰქონდათ და არც ექსტრადირება მოუთხოვიათ, შიდა მოხმარებისთვის ტირაჟირებენ, რომ თითქოს ძებნილია. აქ ეუბნებიან, რომ ძებნილია, მაგრამ ადამიანი ამბობს, აღარ მინდა ვაშინგტონში, ბრიუსელში და სტრასბურგში სიარული, დედასთან ერთად მოვდივარ მშვიდობიანად.

ისიც იცის, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ თვითმფრინავს არ დასვამენ. ისიც იცის მიშამ, რომ ამ დროს საარჩევნო უბნებზე და საარჩევნო ურნებთან ვიქნებით და ვერ დავიცავთ. თითოეული ადამიანი უნდა ვიყოთ იქ[საარჩევნო უბანზე], როდესაც ხმის დათვლის პროცესია. ადამიანი საკუთარ თავს წირავს. ადამიანი გულახდილად ამბობს, რომ მოვდივარ, დამანებეთ თავი, შევალ ციხეში”, – ამბობს ნიკა მელია.


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს ფეისბუქზე გამოაქვეყნა 2 ოქტომბრისთვის დაჯავშნილი კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო.

“ქართულ ოცნებას” ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის 4 საქმეზე აქვს გამოძიება დაწყებული. აქედან ორ საქმეში სააკაშვილი მსჯავრდადებულია და პატიმრობაც აქვს მისჯილი, დანარჩენ ორთან მიმართებით კი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი