ახალი ამბები

ციხეში ამოყოფ თავს — ჩარკვიანი ღარიბაშვილს აფრთხილებს თავისი მოძრაობის წევრთა უსაფრთხოებაზე

28 სექტემბერი, 2021 • 4225
ციხეში ამოყოფ თავს — ჩარკვიანი ღარიბაშვილს აფრთხილებს თავისი მოძრაობის წევრთა უსაფრთხოებაზე

თაკო ჩარკვიანი, რომელმაც სააკაშვილის საქართველოში დასაბრუნებლად „საერთო სახალხო მოძრაობა“ დააფუძნა, ამბობს, რომ მოძრაობის რომელიმე წარმომადგენლის დაზიანების შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილი “სისხლის სამართლის პასუხისგებას ვერ ასცდება”.

ჩარკვიანი, რომელიც, ამავდროულად, პარტიის “კანონი და სამართალი” ლიდერიცაა, ამბობს, რომ სააკაშვილი საქართველოში მშვიდობიანად უნდა დაბრუნდეს, შეწყდეს მისი დევნა და დაუბრუნდეს მესამე პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობა.

“მე ვაგებ პასუხს ამ მოძრაობაზე, რომ არავინ გაინძრევა ამ მოძრაობიდან, მხოლოდ მშვიდობიანად მივიყვან აეროპორტამდე. მე ამ პასუხისმგებლობას ვიღებ. ხოლო თქვენზე იქნება სისხლისღვრის პასუხისმგებლობა, თუ თქვენ გადაწყვეტთ სამოქალაქო ომს საქართველოში.

თუ ვნახე… რომ მშვიდობიან მოსახლეობას დაუპირისპირებთ თქვენ მიერ დასავლეთისთვის უკვე კარგად ნაცნობ ბანდას, პირობას გაძლევთ, ციხეში ამოყოფთ თავს. თქვენ, ირაკლი ღარიბაშვილი ამოყოფთ ამ საქციელის გამო მომავალში ციხეში თავს”, — თქვა ჩარკვიანმა “მთავარ არხთან” საუბრისას.

სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება ბოლოს დააანონსა 2021 წლის 6 სექტემბერს, 27 სექტემბერს კი კიევ-თბილისის ავიაბილეთის ფოტო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. თაკო ჩარკვიანი გეგმავს, მისი დაბრუნების პროცესის უსაფრთხოება უზრუნველყოს.

“ერთი თმის ღერი რომ ჩამოვარდეს რომელიმე მშვიდობიანი მხარდამჭერისგან, სისხლის სამართლის პასუხისგებას ვერ ასცდები ირაკლი ღარიბაშვილო. დაიმახსოვრე, მე გეუბნები ამას, თამარ ჩარკვიანი, პარტიის “კანონი და სამართალი” წარმომადგენელი. სადაც მიგეწევი, იქ გაგებინებ პასუხს”, — უთხრა მან “რუსთავი 2”-ს.

სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ყოფილ პრეზიდენტს აქამდეც დაუანონსებია ქვეყანაში ჩამოსვლა, თუმცა ვერ ჩამოდის, რადგან “მშიშარა კაცია”.

“დავუშვათ, ჩამოვიდა ეს ლაჩარი კაცი, გადაწყვიტა და გამოაგდეს, დავუშვათ, ჩამოვიდა ღამე, რა უნდა მოხდეს — კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ ვერ აღუდგება წინ და ვერ შეეწინააღმდეგება.

ვინც შეეწინააღმდეგება, ისიც შევა ციხეში, ამის გარანტიას ვიძლევით კანონის სახელით და სახელმწიფოს სახელით. რა თქმა უნდა, სააკაშვილი არის მსჯავრდებული, იგი იმსახურებს ციხეს”, — დაამატა მან.

ყოფილი პრეზიდენტი თავს უკრაინას აფარებს. მას საქართველოში პატიმრობა აქვს მისჯილი, მათ შორის, სანდრო გირგვლიანის საქმესთან, ასევე, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემასთან დაკავშირებით.

სააკაშვილმა კიევი-თბილისის ავიაბილეთის ფოტო გამოაქვეყნა

მასალების გადაბეჭდვის წესი