ახალი ამბები

სააკაშვილის საქართველოში დასაბრუნებლად ჩარკვიანმა „საერთო სახალხო მოძრაობა“ დააფუძნა

10 სექტემბერი, 2021 • 1892
სააკაშვილის საქართველოში დასაბრუნებლად ჩარკვიანმა „საერთო სახალხო მოძრაობა“ დააფუძნა

პარტიის “კანონი და სამართლის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დასაბრუნებლად დააფუძნა ორგანიზაცია -“საერთო სახალხო მოძრაობა”.

ჩარკვიანის თქმით, სააკაშვილი საქართველოში მშვიდობიანად უნდა დაბრუნდეს, შეწყდეს მისი დევნა და საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნდეს.

როგორც თაკო ჩარკვიანი ამბობს, მიხეილ სააკაშვილი “ბრწყინვალე რეფორმატორია” და მას მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს.

“ჩვენ სახელმწიფო გვქონდა. მარიონეტი, რუსეთზე მომუშავე ივანიშვილის მთავრობის ხელში კი სახელმწიფო არ გვაქვს. გამომდინარე აქედან და გამომდინარე ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნების განცხადების გამო, რაც მე პირადად აუცილებლად მიმაჩნია, ჩავუდექი ინიციატივას სათავეში. მე ვარ პარტია “კანონის და სამართლის” წარმომადგენელი, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს ჩვენს პარტიას არ ეძღვენება.

დღეს ფუძნდება ორგანიზაცია საზოგადოებრივ საწყისებზე, არავითარი პარტია, რომელსაც ჰქვია “საერთო სახალხო მოძრაობა”. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ მშვიდობიანად ქვეყანაში ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფო განავითარა, ინვესტიციებით შექმნა დანგრეული, ჩაბნელებული, ჩამოშლილი საქართველოდან სახელმწიფო, დააყენა ფეხზე. როდესაც ისრაელის სახელმწიფო იქმნებოდა, ებრაელობა ებრაელებს მთელი მსოფლიოდან თავის ქვეყანაში ეძახდა ქვეყნის შესაქმნელად”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 6 სექტემბერს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არჩევნების დღისთვის დაბრუნდება საქართველოში, სადაც პატიმრობა ემუქრება.

სააკაშვილის თქმით, მართალია, „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის ხელშეკრულება უარყო, მაგრამ ამ ვალდებულებებიდან არ გამოსულა ევროპა და ქართველი ხალხი:

„შესაბამისად, 2 ოქტომბერს იმართება რეფერენდუმი ივანიშვილისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად“, – განაცხადა მან.

სააკაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებზე საქართველოში ჩამოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი