ახალი ამბებირეკლამა

სამართლიანი და მზრუნველი თბილისისთვის

28 სექტემბერი, 2021 • 953
სამართლიანი და მზრუნველი თბილისისთვის

„თქვენი სურვილები მერობის კანდიდატს“- ამ გზავნილით, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ანა ბიბილაშვილმა მოსახლეობას მათი ინიციატივებისა და იდეების გაზიარება სთხოვა. ამ ფორმით, ანამ იმ მნიშვნელოვანი საკითხების  შეგროვება დაიწყო, რაც ქალაქის მაცხოვრებლებს წლებია აწუხებთ და დღემდე გადაუჭრელ პრობლემებად რჩება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ  ქალაქის განვითარება  ადამიანების სურვილებს და მათ საჭიროებებზე ზრუნვას დაეფუძნოს, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა 9 ნაბიჯისაგან შემდგარი ლელოს სამოქმედო გეგმა, რომელიც  ქალაქის განვითარების მრავალმხრივ შესაძლებლობას  გულისხმობს და თვალსაჩინო შედეგს უმოკლეს დროში დაგვანახებს“  – ამბობს ანა ბიბილაშვილი. 

თბილისის განვითარების 9 ეტაპიანი გეგმა, თანმიმდევრული, შედეგზე ორიენტირებული ქმედებების ერთობლიობაა, რომელიც ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნასა და თბილისის მზრუნველ ქალაქად გადაქცევას გულისხმობს:

პირველ ნაბიჯი  – „ქალაქი ქალაქში“ – ეს არის 21-ე საუკუნის თბილისი, სადაც ყველა ადამიანს საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეეძლება განვითარება.  შეიქმნება სივრცეები, რომლებიც მიზიდულობის ცენტრებად იქცევიან და თბილისს რეგიონალურ მნიშვნელობას შესძენენ. ქვეყნის დედალაქი  საერთაშორისო ასპარეზზე გავა. თავის მხრივ, ,,ქალაქი ქალაქშის’’ 5 ქალაქის კონცეფციას მოიცავს:

  1. საქმიან ქალაქს;
  2. კინო-ქალაქს;
  3. სამუზეუმო და საფესტივალო ქალაქს;
  4. განათლებისა და ინოვაციების ქალაქს;  
  5. სამედიცინო ქალაქს. 
ანა ბიბილაშვილი

ანა ბიბილაშვილი

მეორე ნაბიჯი –  მზრუნველი და სამართლიანი თბილისი –  რომლის თანახმადაც  ქალაქზე, მის მაცხოვრებლებზე ზრუნვა ყოველდღიურ წესად უნდა იქცეს; 

არცერთი უსახლკარო და მშიერი ბავშვი ქალაქში. არცერთი  სოციალურად დაუცველი ხანდაზმული უახლოეს ოთხ  წელიწადში. უფასო და შეღავათიანი მედიკამენტების მიწოდების სპეციალური პროგრამა თბილისის მოქალაქეებისთვის.  მიუსაფარი ცხოველების დაცვა და მათზე ზრუნვა.

მესამე ნაბიჯი უსაფრთხო და სუფთა ქალაქია –  დაცული ქუჩები, სწრაფი რეაგირების სისტემა და განგაშის ღილაკები –  24 საათიანი მონიტორინგი თბილისელების უსაფრთხოებისთვის. ქალაქის მდგრადი განვითარება, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ნარჩენების მართვაა  – სწორედ ასე იქნება უზრუნველყოფილი უსაფრთხო, ჯანსაღი და სუფთა გარემო ჩვენს ქალაქში.

მეოთხე ნაბიჯი –  მწვანე ქალაქი,  პასუხობს იმ უმწვავეს პრობლემას, რომელიც დღეს თბილისში გარემოსდაცვითი მიმართულებით მძაფრად შეიმჩნევა.

„მწვანე ქალაქის“ გეგმის მიხედვით, ქალაქში გაჩნდება დიდი, ლანდშაფტური პარკები – 100 ჰექტარი 3 ახალი პარკისთვის – თბილისის ახალი ფილტვები, „გრანდ პარკი“, დიღმის ჭალების ტერიტორიაზე.  თბილისის „ჰაი ლაინი“-  სარკინიგზო მაგისტრალის გადატანა  და  თბილისის მწვანე ბირთვი (ზოოპარკი, მზიური, იპოდრომი) –  ახალი სუნთქვა დედაქალაქის მცხოვრებთათვის და სტუმრებისთვის.  სუფთა მტკვრის დაბრუნება  და ჰაერის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. მნიშვნელოვანია, საწარმო სიმძლავრეების გატანა ქალაქიდან, რომლებიც  მავნედ ზემოქმედებენ ადამიანის ჯანმრთელობაზე.

მეხუთე ნაბიჯი – საქმიანი თბილისი – ამ  ხედვით თბილისის ბიუჯეტი ოთხ წელიწადში   სამჯერ გაიზრდება. შესაძლებელია მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის მოზიდვა, რაც ქალაქს განვითარების ახალ შესაძლებლობებს მისცემს. ამ პერსპექტივით შეიქმნება  100,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი და  თბილისი  რეგიონის საინვესტიციო და დასაქმების ცენტრად გადაიქცევა. ქალაქის ბიუჯეტი გასამმაგდება და  1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება. შეიქმნება სტარტაპების მხარდაჭერის სპეციალური ფონდი და  კერძო/საზოგადოებრივი (PPP) პარტნიორობის პროგრამები.

მეექვსე ნაბიჯი – შეკავშირებული  ქალაქი – ეს არის ორი კომპონენტისგან შემდგარი იდეა;  პირველი,  ლოჯისტიკური ჰაბი თბილისი აეროპორტის გარშემო, რომელიც შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი –  საცობებისგან თავისუფალი თბილისი. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმართული  მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკა თბილისს კომფორტულ ადგილად აქცევს, სადაც ყველა ადამიანს  თანაბარი  გადაადგილების შესაძლებლობა ექნება –  გარემო სპეციალური საჭიროების პირებზე მორგებული და შესაბამისად ადაპტირებული გახდება.

მეშვიდე ნაბიჯი – ჯანმრთელი და განათლებული თაობის თბილისი –  ქალაქის უმთავარი ამოცანა, ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე და მათ განათლებაზე ზრუნვა უნდა იყოს. ხარისხიანი საბავშვო ბაღები, გამართული და ხელმისაწვდომი  სპორტული ინფრასტრუქტურა ჯანსაღი თაობისთვის, ლელოს სამოქმედო გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

მერვე ნაბიჯიმასპინძელი თბილისი – ეს არის კონცეფცია, რომელიც ეფუძნება განმეორებადი ტურიზმის შესაძლებლობას – ქალაქში ჩამოსული სტუმრები კიდევ უნდა ბრუნდებოდნენ უკან და ამას, ყველაზე უკეთ გაუმჯობესებული და ხელმისაწვდომი სერვისი განაპირობებს. თბილისი გადაიქცევა ტურისტული მიზიდულობის ცენტრად, რომელსაც ეყოლება   5 მლნ ვიზიტორი ყოველ წელს, შეიქმნება  $1 მილიარდიანი ფონდი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად და ტურისტული ინფრასტრუქტურის გასავითარებლად. 

მეცხრე ნაბიჯი  –  ძველი თბილისი –  რაც  ქალაქის ძველი უბნების ურბანული ქსოვილის შენარჩუნებას, მისი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენასა და დაცვას გულისხმობს. კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილია დამაზიანებელი მშენებლობების შეჩერება და აკრძალვა.

 

„ჩვენი  გუნდის ქალაქის განვითარების ერთიანი კონცეფცია,  საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, კომპეტენციას და ამ ქალაქის მომავლის რწმენას ემყარება. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ჯერ კიდევ არის დრო რომ ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად  თბილისი  წარმატების და შესაძლებლობების ქალაქად ვაქციოთ,” –  ანა ბიბილაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი