ახალი ამბები

როგორ აპირებენ მერობის კანდიდატები თბილისის შშმ პირთათვის უკეთ ადაპტირებას

28 სექტემბერი, 2021 • 1052
როგორ აპირებენ მერობის კანდიდატები თბილისის შშმ პირთათვის უკეთ ადაპტირებას

რა მექანიზმებით ფიქრობთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გადაადგილების ხელშეწყობას? – ეს კითხვს partiebi.ge-მ თბილისის მერობის კანდიდატებს დაუსვა.

ამ კითხვაზე პასუხი 4-მა პარტიამ გასცა, ესენია „ლელო“, „მესამე ძალა“, „გიორგი გახარია – საქართველოსთვის“ და „ნაციონალურმა მოძრაობა“. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, partiebi.ge-მ ამ კითხვაზე პასუხი კახა კალაძის წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით თავად მიუთითა.

ნეტგაზეთი მერობის კანდიდატების მოკლე პასუხებს უცვლელად გთავაზობთ:

კახა კალაძე – ქართული ოცნება: „შშმ პირთა პერსონალური დახმარების სერვისის პროგრამა – შშმ პირთა მხარდასაჭერად, სპეციალური სტანდარტის მიხედვით დაფინანსდება პერსონალური ასისტენტის მომსახურება, რაც გულისხმობს განათლების მიღების, სამუშაოს შესრულების, საჯარო სერვისებით სარგებლობის ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას მათ მხარდაჭერას. პროგრამის მიზანია შესაბამისი საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება“.

ნიკა მელია – ძალა ერთობაშია: „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სრულყოფილი ინფრასტრუქტურა შეიქმნას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ქალაქში ქვეითად გადაადგილებისთვის: პანდუსებით აღიჭურვოს ტროტუარები, მოეწყოს სპეციალური ბილიკები და მანიშნებლები უსინათლოებისთვის, არსებობდეს ხმოვანი სიგნალით აღჭურვილი შუქნიშნები. ყველა აუცილებელი პირობა უნდა გვქონდეს შშმ პირთა თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილებისათვის,“.

თამარ კეკენაძე – მესამე ძალა :„1. შშმ პირებზე, მოხუცებსა და ბავშვებზე მორგებული ერთიანი, ქალაქის ყველა ნაწილთან ინტეგრირებული გარემოს შექმნით;

2. პარკინგის რეგულაციების გაუმჯობესებით და საპარკინგე სივრცეების მოწესრიგებით, რათა ტროტუარები არ გადაიტვირთოს მანქანებით.“

ანა ბიბილაშვილი – ლელო საქართველოსთვის: „ჩვენი მიზანია, თბილისი ყველასათვის თანასწორი შესაძლებლობების ქალაქად იქცეს. მათ შორის, მობილობისა და საჯარო სივრცით სარგებლობის თანასწორობის, რაც სწორი პოლიტიკითაა შესაძლებელი. შესაბამისად, ქალაქის ინფრასტრუქტურა სრულად უნდა ადაპტირდეს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის სრულყოფილი გამოყენებით“.

გიორგი გახარია – საქართველოსთვის: „შშმ პირების საზოგადოებაში ინკლუზიურად ჩართვის მიზნით შემუშავდება შშმ პირების ხელშეწყობის სტრატეგია, რომელიც, ერთი მხრივ, ორიენტირებული იქნება ამ პირთა ეკონომიკურ აქტივობაში სრულფასოვნად ჩასართველად, მეორე მხრივ, მათთვის თანამედროვე სოციალური მხარდაჭერის შექმნისთვის.

დაინერგება შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული სერვისები და გაიმართება- უკვე არსებული. პირველ ეტაპზე მოხდება სკოლებისა და ბაღების ინფრასტრუქტურის ადაპტირება. ასევე, გადამზადების საფუძველზე, ხელი შეეწყობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული სამუშაო ადგილების შექმნას“.


www.partiebi.ge 2012 წლიდან რეგულარულად აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა თუ მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ხელი შეუწყოს როგორც მერობის კანდიდატების წინადადებების ფორმირებას, ისე საზოგადოების ინფორმირებას ამ წინადადებების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი