ახალი ამბები

საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია დისკვალიფიცირებულია საერთაშორისო ღონისძიებებიდან — WAF

28 სექტემბერი, 2021 • 2582
საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია დისკვალიფიცირებულია საერთაშორისო ღონისძიებებიდან — WAF

მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის (WAF) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მკლავჭიდის გაერთიანებული ეროვნული ფედერაცია საერთაშორისო ღონისძიებებიდან დისკვალიფიცირებულია. ინფორმაცია WAF-მა 28 სექტემბერს გაავრცელა და მიზეზად დაასახელა კონტრაქტის დარღვევა.

გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია და ქართველი ათლეტები მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ WAF– ის წევრების მიერ ორგანიზებულ ნებისმიერ საერთაშორისო ღონისძიებაში, მათ შორის, ევროპისა თუ მსოფლიო დონეზე დაგეგმილ ჩემპიონატებში.

გარდა ამისა, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციამ უნდა გადაიხადოს ფინანსური ჯარიმები დისკვალიფიკაციის მოსახსნელად.

მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის თქმით, ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ ეს “ძალიან მძიმე” გადაწყვეტილება მიიღო კონტრაქტის “სერიოზული” დარღვევის გამო, ვინაიდან საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციამ ვერ მოახერხა სპორტის აღნიშნულ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზება.

თავდაპირველი გეგმით ჩემპიონატი მიმდინარე წლის 21-27 სექტემბერს ბათუმში უნდა გამართულიყო.

მსოფლიო ფედერაციის თქმით, აღნიშნულმა ფაქტმა WAF-სა და მის წევრ გუნდებს “უზარმაზარი” ზიანი მიაყენა როგორც ფინანსური, ისე იმიჯის კუთხით.

“დისკვალიფიკაციის პერიოდში, ქართველი სპორტსმენები ვერ დარეგისტრირდებიან WAF-ის ჩემპიონატებზე”, — ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი