ახალი ამბები

TI სასამართლოში “ოცნების” დეპუტატების სავარაუდო ჩარევაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

27 სექტემბერი, 2021 • 902
TI სასამართლოში “ოცნების” დეპუტატების სავარაუდო ჩარევაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“(TI) TV პირველის ეთერში სასამართლო სისტემაში სავარაუდო პოლიტიკურ ჩარევასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმაურება და პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

საუბარია, შაბათს, 25 სექტემბერს, TV პირველის ეთერში გასულ სიუჟეტზე, რომლის თანახმადაც არსებობს სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილი ინფორმაციას ე.წ. კრებსის სახით, სადაც ჩანს, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატები მათთვის სასარგებლო სასამართლო გადაწყვეტილებებს ტელეფონით უკვეთავენ.

ზემოხსენებულ ინფორმაციას უარყოფენ საქმის მონაწილე მოსამართლეები და ასევე დეპუტატი ირაკლი კოვზანაძე, რომლის კერძო დავაც ერთ-ერთ კომპანიასთან კრებსშია მოცემული.

TI-ს განცხადებით, ფარული ჩანაწერების ნამდვილობის დადგენის შემთხვევაში, “კიდევ ერთხელ დადასტურდება საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული უმძიმესი ვითარება და ის ფაქტი, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები არა მართლმსაჯულების, არამედ კონკრეტული ჯგუფის ინტერესების შესაბამისად მიიღება”.

TI პროკურატურას მოუწოდებს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ფაქტის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში, დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა შესაბამის პასუხისმგებელ პირთა მიმართ.

ნეტგაზეთი აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურას დაუკავშირდა და მათ პასუხს ელოდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი