ახალი ამბები

“იამაიკა”, “შუქნიშანი” თუ დიდი კოალიცია – არჩევნების შედეგები გერმანიაში

27 სექტემბერი, 2021 • 2062
“იამაიკა”, “შუქნიშანი” თუ დიდი კოალიცია – არჩევნების შედეგები გერმანიაში

ოფიციალური წინასწარი მონაცემებით, გერმანიის ფედერალურ საპარლამენტო არჩევნებში ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა, ანუ 25.7 პროცენტი სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) მიიღო.

ქრისტიან-დემოკრატიულმა გაერთიანებამ (CDU/CSU) 24.1 პროცენტი მიიღო და 2005 წლის შემდეგ პირველად ჩამორჩა სოციალ-დემოკრატებს.

2021 წლის არჩევნებში, მწვანეებმა პარტიის არსებობის ისტორიაში ხმათა ყველაზე დიდი რაოდენობა მოაგროვეს – 14.6 პროცენტი.

თავისუფალმა დემოკრატებმა (FDP) ხმათა 11.5 პროცენტი მიიღეს, რადიკალურმა მემარჯვენე პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD) ხმათა 10.3 პროცენტის მოგროვება შეძლო, “ლინკეს” კი ამჟამად 4.9 პროცენტი აქვს, რაც წინა არჩევნებთან შედარებით, 4.3 პროცენტით დაბალი მაჩვენებელია.

პარტიების რეიტინგები/ოფიციალური წინასწარი მონაცემები – მომზადებულია bundestagswahl-2021.de-ს თანახმად

მანდატები ბუნდესტაგში 

2021 წლის არჩევნების შემდეგ, ბუნდესტაგში 735 ადგილი იქნება.

ოფიციალური წინასწარი შედეგების თანახმად, ბუნდესტაგის 735 ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • სოციალ-დემოკრატები: 206
  • ქრისტიან-დემოკრატები: 196
  • მწვანეები: 118
  • თავისუფალი დემოკრატები: 92
  • ალტერნატივა გერმანიისთვის: 83
  • ლინკე: 39
  • სამხრეთ შლეზვიგის ამომრჩეველთა ალიანსი (FW): 1

ადგილთა განაწილება ბუნდესტაგში/ოფიციალური წინასწარი მონაცემები. მომზადებულია bundestagswahl-2021.de-ს თანახმად

ვინ შექმნის სამთავრობო კოალიციას?

არჩევნების წინასწარი ოფიციალური მონაცემების გათვალისწინებით, სამთავრობო კოალიციის შექმნისთვის პოლიტიკური კონსულტაციების დაწყება სოციალ-დემოკრატებსაც და ქრისტიან-დემოკრატების კავშირსაც შეუძლიათ.

თეორიულად ამჟამად შესაძლებელია 5 ასეთი კოალიციის ფორმირება:

  • შავები-წითლები-მწვანეები

შექმნის შემთხვევაში, ეს კოალიცია გააერთიანებს ქრისტიან-დემოკრატებს (შავები), სოციალ დემოკრატებსა (წითლები) და მწვანეებს. ასეთი კოალიცია ბუნდესტაგში ყველაზე მეტ მანდატს მოიპოვებს.

  • შავები-წითლები-ყვითლები

ამ შემთხვევაში სამთავრობო კოალიციაში მწვანეთა პარტიას გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტია ჩაანაცვლებს.

  • შუქნიშნის კოალიცია 

კოალიციაში შევლენ სოციალ დემოკრატები (წითლები), მწვანეები და თავისუფალი დემოკრატები (ყვითლები). პარტიათა ფერების გამო გაერთიანებას “შუქნიშნის” კოალიცია ეწოდება.

  • დიდი კოალიცია 

გერმანიის ტრადიციული მმართველი კოალიციაა, რომელიც ორ უდიდეს ძალას, ქრისტიან-დემოკრატებსა და სოციალ-დემოკრატებს აერთიანებს.

  • კოალიცია იამაიკა 

ასეთი კოალიცია, შექმნის შემთხვევაში, გაერთიანდებიან ქრისტიან-დემოკრატები, თავისუფალ დემოკრატები და მწვანეები. კოალიციაში შემავალი პარტიების ფერები ემთხვევა იამაიკის დროშის ფერებს.

შესაძლო კოალიციები/მომზადებულია bundestagswahl-2021.de-ს თანახმად

გერმანიის პოლიტიკური სისტემის მკვლევართა განცხადებით, გამომდინარე აქედან, რომ ორივე დომინანტურ და მოწინააღმდეგე ჯგუფს – სოციალ-დემოკრატებსა და ქრისტიან-დემოკრატებს შეუძლიათ ისეთი კოალიციის ფორმირება, სადაც ერთ-ერთი მათგანი ვერ მოხვდება, შესაძლოა სამთავრობო კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკებები თვეების გაგრძელდეს.

ამ შემთხვევაში ქრისტიან-დემოკრატები შეეცდებიან, რომ კოალიცია “იამაიკა” ჩამოაყალიბონ, ხოლო სოციალ-დემოკრატები კოალიცია “შუქნიშნის” შექმნას შეეცდებიან.

მიუხედავად ამისა, სამთავრობო კოალიციის ფორმირება პარტიათაშორის სამომავლო პოლიტიკების შეთანხმებასა და კომპრომისებზეა დამოკიდებული.

არჩევნების წინასწარი ოფიციალური მონაცემები შესაძლებელს ხდის “დიდი კოალიციის” ფორმირებასაც.

ვინ შეიძლება იყოს ახალი კანცლერი?

ქრისტიან-დემოკრატთა კანცლერობის კანდიდატი არმინ ლაშეტია, რომელიც წელს გახდა პარტიის თავმჯდომარე.

სოციალ-დემოკრატებიდან კანცლერობას ოლაფ შოლცი შეეცდება, რომლის პოპულარობაც, ისევე როგორც სოციალ-დემოკრატების რეიტინგი, არჩევნებამდე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მწვანეებიდან კანცლერობისთვის იბრძოლებს ანალენა ბერბოკი, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმეჯერ ოფიციალური რეზიუმეს გაყალბებაში დაადანაშაულეს, რამაც მისი რეიტინგის კლება გამოიწვია.

ხოლო თავისუფალი დემოკრატების კანცლერობის კანდიდატი კრისტიან ლინდნერია.

გერმანიის ფედერალური კანცლერობის კანდიდატები

როგორც წესი, თუმცა არა აუცილებლად, კანცლერი კოალიციის დომინანტი პარტიიდანაა. არსებული ხუთი კოალიციური სცენარიდან, 4 შემთხვევაში კოალიციაში დომინანტი ჯგუფი, ანუ ყველაზე მეტი მანდატის მფლობელი სოციალ-დემოკრატიული პარტია იქნება, ხოლო ერთ შემთხვევაში – ქრისტიან დემოკრატიული კავშირი.


გირჩევთ ნეტგაზეთის მასალას გერმანიის არჩევნებისა და მისი საქართველოზე შესაძლო გავლენის შესახებ:

მერკელის მმართველობის დასასრული და არჩევნები გერმანიაში — რას უნდა ველოდოთ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი