ახალი ამბები

გერმანიის არჩევნები: მერკელის ბლოკი და სოცდეკები თითქმის თანაბრად

26 სექტემბერი, 2021 • 1928
გერმანიის არჩევნები: მერკელის ბლოკი და სოცდეკები თითქმის თანაბრად

გერმანიაში ფედერალური არჩევნები გაიმართა. ქვეყანა ახალ კანცლერსა და მთავრობას აირჩევს.

მედიის მიერ გამოქვეყნებული ორი ეგზიტპოლის შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიისა და ბავარიის ქრისტიან-სოციალური პარტიის გაერთიანება (CDU/CSU) დაახლოებით იმდენ ხმას იღებს, რამდენსაც მათი მთავარი კონკურენტები მემარცხენე ფლანგიდან სოციალ-დემოკრატები.

ARD-ის ეგზიტპოლის თანახმად, ქრისტიან-დემოკრატების ალიანსი 24.7%-ს მიიღებს, სოციალ-დემოკრატები 24.9%. ZDF-ის ეგზიტპოლის თანახმად ქრისტიან-დემოკრატები 26%-ს მიიღებენ, ხოლო სოცდეკები – 25%-ს.

სოციალ-დემოკრატებმა განაცხადეს, რომ ეს შედეგები მათ “დაბრუნებას” ნიშნავს და ფიქრობენ, რომ მათ აქვთ მანდატი ჩამოაყალიბონ სამთავრობო კოალიცია, რომლის ლიდერებიც თავად იქნებიან. რაც შეეხება ქრისტიან-დემოკრატებს, მათ ასეთი დაბალი შედეგი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არასდროს მიუღიათ. საუბარია ანგელა მერკელის პარტიაზე, რომელიც ქვეყანას 2005 წლის შემდეგ მართავს, თუმცა მიმდინარე არჩევნებზე კანცლერობის კანდიდატი ის აღარ იყო. ქრისტიან-დემოკრატების კანცლერობის კანდიდატმა არმინ ლაშეტმა განაცხადა, რომ ისინი იმედგაცრუებულები არიან შედეგებით, თუმცა წინ მთელი საღამოა და ეცდებიან თავად შექმნან სამთავრობო კოალიცია.

გერმანული მედია ხაზს უსვამს, რომ საბოლოო სურათი, თუ რა კონფიგურაციის მთავრობა ეყოლება ქვეყანას, ჯერჯერობით ნათელი არ არის. ეგზიტპოლი არ ითვალისწინებს ფოსტით მიცემულ ხმებს, რომელიც ბიულეტინების 40%-ს შეადგენს.

ორივე ეგზიტპოლის თანახმად მე-3 ადგილზე გადის მწვანეთა პარტია, მეოთხეზე – თავისუფალი დემოკრატები. მწვანეებში ეგზიტპოლის შედეგები “ფანტასტიკურად” შეაფასეს. ულტრამემარჯვენე AFD დაახლოებით 10%-ის ფარგლებშია.

გაიგეთ მეტი ამ არჩევნებზე

მერკელის მმართველობის დასასრული და არჩევნები გერმანიაში — რას უნდა ველოდოთ

მასალების გადაბეჭდვის წესი