ახალი ამბები

კასპში, “ოცნების” ოფისთან, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

25 სექტემბერი, 2021 • 1400
კასპში, “ოცნების” ოფისთან, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

კასპში, “ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც მოქალაქეები “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატთან ერთად წყლის პრობლემას აპროტესტებდნენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. “ოცნებაში” მომხდარს ენმ-ის პროვოკაციად აფასებენ.

“ფორმულას” თანახმად, ოფისთან კასპში მცხოვრები დევნილები იყვნენ შეკრებილნი, ინციდენტი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ისინი “ქართული ოცნების” ოფისში არ შეუშვეს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ადგილობრივებს სურდათ, შენობასთან მიტანილი ცარიელი ბიდონები “ოცნების” ოფისში აევსოთ, “მთავარი არხის” თანახმად კი, ადგილზე მისულები პარტიის ადგილობრივ ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვდნენ.

“რამდენი ხანია, გახდა პრობლემა, რომ წყალი აღარ არის. მოვა ნახევარი საათით, საერთოდ ვერაფერს ვასწრებთ. 90-იანი წლები მახსენდება”, — თქვა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

იქ იმყოფებოდა კასპის მერობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან”, ნუგზარ ნონიაშვილიც, რომელმაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ადგილზე მისულთა მიმართ “დედის გინებაში” დაადანაშაულა.

“ბავშვები ჰყავთ მოყვანილი, წყალი არ აქვთ და დედას აგინებენ მშობლებს, აქ მოსულ ხალხს”, — ამბობდა ის.

მომხდარის შემდეგ, “ქართული ოცნების” ბრიფინგი გამართეს და “ნაციონალური მოძრაობა პროვოკაციაში დაადანაშაულეს.

“…დღეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოაწყო მორიგი პროვოკაცია კასპში, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი პარტიის რამდენიმე აქტივისტთან ერთად მივიდა ქართული ოცნების კასპის პარტიულ შტაბთან და დესტრუქციული ქმედებებით ცდილობდა ჩვენი მხარდამჭერების პროვოცირებას”, — აღნიშნა პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა.

მანვე კვლავ “ნაციონალური მოძრაობას” დააკისრა პასუხისმგებლობა გასულ დღეებში მომხდარ ინციდენტებზე, მათ შორის, დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე, რომლის დროსაც ენმ-ის ორი მხარდამჭერი დანით დაჭრეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი