ახალი ამბები

30 წლის შემდეგ პირველად, სომალიში კინოჩვენება გაიმართა

24 სექტემბერი, 2021 • 1360
30 წლის შემდეგ პირველად, სომალიში კინოჩვენება გაიმართა

30-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, სომალის დედაქალაქში, ქვეყნის ეროვნული თეატრის შენობაში, კინოჩვენება გაიმართა. ღონისძიებამ გააჩინა იმედი, რომ კონფლიქტებით მეტად დაზარალებულ ქვეყანაში კვლავ გაცოცხლდება კულტურული ცხოვრება.

“ეს ისტორიული ღამე იქნება სომალელი ხალხისთვის. ეს გვიჩვენებს, თუ როგორ გაცოცხლდა იმედი… მრავალწლიანი გამოწვევების შემდეგ”, — ციტირებს AFP თეატრის დირექტორს, აბდიკადირ აბდი იუსუფს.

“ეს არის პლატფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სომალელ კომპოზიტორებს, მთხრობელებს, რეჟისორებსა და მსახიობებს, ღიად წარმოადგინონ საკუთარი ნიჭი”, — დაამატა მან.

გაძლიერებული უსაფრთხოების პირობებში ჩატარებული ჩვენების ფარგლებში, მაყურებელმა ახალგაზრდა სომალელი რეჟისორის ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი იხილა.

თავისი კულტურული აღმავლობის პერიოდში, აფრიკის რქაზე მდებარე სომალის დედაქალაქ მოგადიშუში მრავალი კინოთეატრი ფუნქციონირებდა.

ეროვნული თეატრის შენობაში, რომელიც 1967 წელს გაიხსნა, როგორც ჩინეთის იმჟამინდელი მმართველის, მაო ძედუნის საჩუქარი, მრავალგზის იმართებოდა სპექტაკლები თუ კონცერტები.

ვითარება შეიცვალა 1991 წელს, როცა სომალი სამოქალაქო ომმა მოიცვა. ადგილობრივი კლანების მებრძოლები თეატრის შენობას თავიანთ ბაზად იყენებდნენ. შენობა მეტად დაზიანდა, ჩამოინგრა მისი სახურავიც.

კულტურული ცხოვრების თვალსაზრისით, ვითარება კიდევ უფრო გართულდა 2006 წელს, როცა ქვეყანაზე კონტროლი ისლამისტმა შეიარაღებულებმა დაამყარეს და საზოგადოებრივი გართობის ყველა ფორმა — მათ შორის, კონცერტები და ფეხბურთი — აკრძალეს.

2011 წელს, სომალის სათავეში დასავლეთის მხარდაჭერილი მთავრობის მოსვლის შემდეგ, თეატრის შენობა გაიხსნა, თუმცა სულ რაღაც 3 კვირაში, ის ტერორისტული თავდასხმის სამიზნე გახდა. თეატრი ხელმეორედ 2020 წელს გახსნეს.

მიმდინარე კვირის ოთხშაბათამდე, შენობაში სომალური ფილმი არ უჩვენებიათ.

24 წლის მსახიობი ქაიფ ჯამა, რომელიც ზემოხსენებული მოკლემეტრაჟიან ფილმებში მონაწილეობს, დასძენს, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე სომალელები თავიანთ ტელევიზორებში, ძირითადად, ინდურ და არაბულ ფილმებს უყურებდნენ.

“მაგრამ თუ ჩვენს ფილმებს ვაჩვენებთ კინოსა და ტელევიზიაში, თითოეული სომალელი ბავშვი ჩამოყალიბდება თავისი კულტურის გავლენით”, — დასძენს მსახიობი.

არაერთი ახალგაზრდა სომალელი თავის სამშობლოში კინოჩვენებას პირველად დაესწრო. თუმცა, უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის, თეატრში გამართული ეს ღონისძიება, ერთგვარად, წარსულის მოგონებებთან ასოცირდება.

“ძველ, კარგ დროში, ეროვნული თეატრის შენობაში კონცერტებს, სპექტაკლებს, პოპ შოუებს, ფოლკლორულ ცეკვებსა და ფილმებს ვუყურებდი. ვწუხვარ, როდესაც ვხედავ, რომ მოგადიშუს აღარ აქვს ღამის ცხოვრება. თუმცა, ეს კარგი დასაწყისია”, — თქვა ერთ-ერთმა კინომოყვარულმა.

ჯიჰადისტები მოგადიშუდან წლების წინ განდევნეს, თუმცა ქვეყნის ზოგიერთ მხარეს ისინი კვლავ აკონტროლებენ. AFP-ის თანახმად, ამ ფონზე, ღონისძიების ზოგიერთი მონაწილე კვლავ წუხდა უსაფრთხოების ნაკლებობაზე სომალიში.

გარეკანის ფოტო: AFP

მასალების გადაბეჭდვის წესი