ახალი ამბები

ახალი წესები 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის — რა შეიცვალა

27 სექტემბერი, 2021 • 2284
ახალი წესები 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის — რა შეიცვალა

2 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი პროცედურა წინა არჩევნებისაგან განსხვავებული იქნება.

წინა არჩევნებისაგან განსხვავებით, წელს არჩევნებს ცესკო ახალი თავმჯდომარითა და შეცვლილი შემადგენლობით ჩაატარებს, თუმცა მისი მთავარი გამოწვევაც წელსაც სანდოობა იქნება.

საკანონმდებლო რეგულაციების გადახედვა დღის წესრიგში სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი ხარვეზების შემდეგ დადგა და ცვლილებების მიზანიც ბოლო არჩევნებზე გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრაა. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ზოგიერთი ცვლილება მანიპულაციის შესაძლებლობას ტოვებს.

როგორ ვირჩევთ თვითმმართევლობებს?

ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რაც თვითთმართველობის არჩევნებს შეეხება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობის განსაზღვრის ახალი წესია. პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეული წევრების თანაფარდობა საქართელოს 5 დიდ ქალაქში  4/1 -ზე იქნება,  დანარჩენ ქალაქებში კი 2/1-ზე, პროპორციულის სასარგებლოდ.

მაგალითად, არჩევნების შემდეგ 4/1-ზე პროპორციით თბილისის 50-კაციან საკრებულოში 40 წევრი პროპორციული წესით მოხვდება, 10 კი – მაჟორიტარულით.  მარნეულის 30-კაციან საკრებულოში კი, რომელიც ერთ-ერთია იმ ქალაქთაგან, რომლის საკრებულოც 2/1-ზე პროპორციით დაკომპლექტდება,  20 – პროპორციული, 10 კი მაჟორიტარულით წესით მოხვდება.

ამასთან, სიახლეა პროპორციულ სისტემაში ბარიერის დაწევა რეგიონებში 3%-მდე, ხოლო თბილისში 2.5%-მდე. შედარებისთვის, 2017 წლის თვითმაართველობის არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით 4%-იანი ბარიერი იყო.

სიახლეა ისიც, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარული არჩევნებისთვის 40%-იანი ბარიერი იქნება.

ვინ ჩაატარებს არჩევნებს?

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ცესკოს ახალი თავმჯდომარე – გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს. მან ამ პოსტზე ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჟვანია ჩაანაცვლა, რომლის გადადგომასაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია ითხოვდა. ჟვანიამ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე ვადამდე ადრე 30 ივნისს დატოვა და პარლამენტმა მის შემცვლელად გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. ის ცესკოში 2019 წლიდან ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა.

კალანდარიშვილის არჩევა ახალი წესით მოხდა და ვინაიდან მან პარლამენტის 2/3-ის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, ის ცესკოს თავმჯდომარის პოსტს მხოლოდ 6 თვით იკავეს.

კალანდარიშვილს, წინამორბედისგან განსხვავებით, ერთით მეტი, ანუ ორი მოადგილე ჰყავს. ცესკოს თავმდჯომარის ერთ-ერთი მოადგილე ოპოზიციური პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრია.

გარდა ამისა, გაზრდილია ცესკოს წევრების რაოდენობაც. ამჟამად ცესკოს 12-ის ნაცვლად 17 წევრი ჰყავს, რომელთაგან 9 პარტიული კვოტით არის დანიშნული, 8 კი პროფესიული ნიშნითაა არჩეული.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მსგავსად გაიზარდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა რაოდენობაც. ახალი წესის მიხედვით, საოლქო  და საუბნო კომისიებიც 17 წევრისგან შედგება, რომელთაგან 9 წევრი პარტიული კვოტით დანიშნულია, 8 — პროფესიული ნიშნით.

როგორი იქნება კენჭისყრის დღე და პროცესი

საარჩევნო ცვლილებებს საფუძლად „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმი უდევს, რომელიც სხვა ცვლილებებთან ერთად არჩევნებისათვის ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებდა. მათ შორის: ხმის მიცემას ელექტრონული აპარატის მეშვეობით,  შედეგების ელექტრონულად წაკითხვას, ამომრჩეველთა თითის ანაბეჭდით რეგისტრაციას, საარჩევნო უბნების ვიდეოკამერებით აღჭურვას.

საბოლოდ, ელექტრონული ტექნოლოგიების პილოტირება 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის კრწანისის საარჩევნო ოლქში 31 უბანზე იქნება შესაძლებელი, სადაც სპეციალურ ბიულეტენებს ელექტრონული მთვლელს მეშვეობით დაუთვლიან და 2 ოქტომბერს, კენჭისყრის დასრულებისთანავე, რამდენიმე წუთში ამ უბნების წინასწარი შედეგები ცნობილი იქნება.

თუმცა შედეგები იურიდიულ ძალას მხოლოდ მას შემდეგ შეიძენს, რაც ხელით გადაითვლება და ელექტრონული მთვლელის შედეგებს შეადარებენ.

ამასთან, 2 ოქტომბრის არჩევნებზე ხმების დათვლის ვიდეოზე გადაიღებენ და მეორე ინტერნეტში განათავსებენ. ხმების დათვლის პროცესს ვიდეოკამერები 3200 საარჩევნო უბანზე (იქ, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ს აღემატება) დააფიქსირებენ.

როგორც ცესკოს თავმდჯომარის მოადგილე გიორგი სიორიძე განმარტავს, ისეთი ტიპის ტექნოლოგიური ნოვაციების დანერგვა, რომელიც კენჭისყრის პროცესზე საქვეყნო მასშტაბის ზეგავლენას უზრუნველყოფდა, სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოხერხდა.

„სამწუხაროდ, ის, რაც ჩვენ გვსურდა, ბოლომდე ვერ განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩართულ მხარეებთან ერთად საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩვენ მოგვცა პლატფორმა და სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგია დავნერგეთ, მხოლოდ და მხოლოდ ვიდეოფიქსაცია არის ის, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება და ეს არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი.

ამას ჰქონდა თავისი ფინანსური, ლოჯისტიკური, დროის დეფიციტის და სხვადასხვა მიზეზი. მიუხედავად ამისა, ამ ამოცანის მიზნებისთვის, შეიძლება თამამად ითქვას, რომ განსაკუთრებულ ფოკუსში მოექცა კრწანისის ოლქი, სადაც ბიულეტენების დათვლა მოხდება ელექტტრონული მთვლელი მანქანების მეშვეობით“, — აცხადადებს გიორგი სიორიძე.

ამასთან, გამკაცრდა კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის ნების კონტროლის რეგულაციები.  კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება, ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება ან მათი აღრიცხვა აკრძალული. აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში კი პოლიციას უფლება აქვს, მიუთითოს დამრღვევს ამის შესახებ, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში შსს მიერ უფლებამოსილი პირი ადგენს სამართალდარღვევის ოქმს.

შესწორების ოქმები და შედეგების გადათვლა

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოიკვეთა, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმების კენჭისყრის მომდევნო დღეს შედგენა იყო, ანუ მაშინ როდესაც საუბნო კომისიებში ხმის დათვლის პროცესი დამთავრებული იყო და არჩევნების დამკვირვებლებს, პარტიის წარმომადგენლებს თუ სხვა პირებს შემაჯამებელი ოქმის ასლები უკვე გადაცემული ქონდათ.

„მეორე დღეს ეს პროცესი მიმდინარეობდა ფაქტობრივად არაფორმალურ გარემოში, დახურულ კარს მიღმა, კანონით დადგენილი გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპების სრული იგნორირებით“, — ვკითხულობთ „საერთაშორისო-გამჭვირვალობის“ დოკუმენტში.

ახალი წესით, კი 2021 წლის არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდის დალუქვის და მასზე ყველა კომისიის წევრის ხელმოწერის შემდეგ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმის შედგენა აკრძალული იქნება.

 

 

ასევე შეიცვალა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ უბნის შედეგების გადათვლის წესი. თუკი აქამდე უბნის შედეგების გადათვლა საოლქო კომისიას დისკრეცია იყო და საჩივრის საფუძველზე კომისიას შეეძლო დალუქული პაკეტი გაეხსნა და საუბნო კომისიის შედეგები გადაეთვალა, ახლა საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია, ხელახლა დათვალოს ისეთი უბნის კენჭისყრის შედეგებიც, რომლის შემაჯამებელ ოქმში გადასწორებულია მნიშვნელოვანი მონაცემები და მას არ ახლავს შესწორების ოქმი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც 2021 წლის არჩევნებზე იქნება, შემთხვევითი პრინციპით უბნების გადათვლაა. კერძოდ, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია, კენჭისყრიდან 6 დღის განმავლობაში, ხელახლა დათვალოს შემთხვევითი შერჩევით, წილისყრით გამოვლენილი 5 საარჩევნო უბნიდან მიღებული ბიულეტენები. აღნიშნული პრინციპით ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნების 10% გადაითვლება.

გასაჩივრების ვადები, ელექტრონული გასაჩივრება და რეესტრი

წელს პირველად, საარჩევნო საკითხებზე საჩივრების წარდგენა ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში ელექტრონულად, ონლაინ არის შესაძლებელი.

ასევე იარსებებს საარჩევნო დავებზე უფლებამოსილების მქონე პირთა ელექტრონული რეესტრი, რომლის საშუალებითაც  გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე პირთა იდენტიფიცირება მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის შეტანის უფლება მხოლოდ მას აქვს, ვინც რეესტრშია რეგისტრირებული.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოიკვეთა, საჩივრების განხილვის პროცესი იყო. სადამკვირვებლო ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, რომ საჩივრების განხილვა პრობლემური იყო როგორც საოლქო კომისიებში, ისე სასამართლოშიც. მათი შეფასებით, დაბრკოლებას წარმოადგენდა საარჩევნო დავების შემჭიდროებული ვადები.

ახალი წესის თანახმად, კი საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 4  დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 დღის ვადაში.

რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებებს, ისინი მათი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში. ცესკოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 1 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

„იდეალურისგან შორს არის“

მიუხედავად რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებისა, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საარჩევნო კანონმდებლობა და პროცედურები იდეალურისგან შორს არის. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროგრამების მენეჯერი ლევან ნატროშვილი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ ვინაიდან რეფორმას თავიდანვე “ამბიციური” დაერქვა, მისი მიზანიც სწორედ არჩევნების მიმართ სანდოობის გაზრდა იყო.

მისი თქმით,  არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც კიდევ დასატესტია პრაქტიკაში როგორ იმუშავებს, მაგრამ იმაზე ცუდი მაინც არ უნდა იყოს, რაც 2020 წელს არსებობდა.

“ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ცესკოს თავმჯდომარედ და წევრებად ისეთი ადამიანები შერჩეულიყვნენ, რომლებიც ოპოზიციის მხარდაჭერითაც დაინიშნებოდნენ, ანუ მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტიები მინიმუმ თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეთანხმდებოდნენ. ჯერ ერთი, ეს მნიშვნელოვნად გაზრდიდა პასუხისმგებლობას და ასევე ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ.

ეს არის მთავარი, რომ ნდობის პრობლემა ისევ დარჩეს ამ არჩევნებზე და მეორე ის, რომ საბოლოო ჯამში ამ ცვლილებებით გამოვიდა, რომ მმართველი პარტია უმრავლეს კომისიებში გარკვეულწილად მაინც ინარჩუნებს დომინაციას. იმიტომ, რომ პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრები იმდენად მოკლე ვადებში შეირჩნენ, რომ სავარაუდოდ, მაინც მმართველი პარტიისკენ გაუწევთ გული, რადგან მმართველი პარტიის მიერ იყო დაორგანიზებული ეს პროცესი მთლიანობაში.

მაღალი ალბათობით, ეს არჩევნების დღესაც და შემდეგაც გამოჩნდება, რომ რეალურად ეს ადამიანები პროფესიული ნიშნით დამოუკიდებლები არ იქნებიან და შეიძლება მიკერძოებულები აღმოჩნდნენ”, — ამბობს ლევან ნატროშვილი.

მისი თქმით, ეს შეიძლება სერიოზული გამოწვევა იყოს და ისევ ნდობის საკითხს დაარტყამს.

ამასთან, ლევან ნატროშვილი დადებითად აფასებს საარჩევნო უბნებზე ვიდეოკამერების შემოღებას და აღნიშნავს, რომ ის, თუ რამდენად გაამართლებს ვიდეოფიქსაცია, ამის შეფასება მისი გამოყენების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

“ეს წესით კარგია იმიტომ, რომ უზრუნველყოფს უფრო მეტ გამჭვირვალობას და უფრო მეტი საშუალება ექნება ყველა ჩართულ მხარეს, რომ მიადევნოს ამ პროცესს თვალი და თუ რაიმე ეჭვი გაჩნდება, რომ რაღაც ისე არ იყო ჩატარებული, ამ ვიდეოგადაღების საშუალებით შეიძლება რაღაც საკითხების გადამოწმება.

ჯერ არ ვიცით ეს როგორ განხორციელდება პრაქტიკაში, სადღაც უნდა აიტვირთოს ეს ვიდეოჩანაწერები და რამდენად სწრაფად იქნება ხელმისაწვდომი ეს ლეგიტიმური კითხვაა. ეს პირველად ხდება და საკმაოდ რთულია განვსაზღვროთ რამდენ ხანში იქნება ეს ვიდეო ხელმისაწვდომი. ზოგიერთ უბანზე პროცესი საკმაოდ დიდ ხანს გრძელდება ხოლმე და ვიდეოჩაწერა და მერე მისი განთავსება გარკვეულ დროს მოითხოვს.

ამიტომ ჯერჯერობით არ ვიცით არ რამდენად ეფექტიანად იმუშავებს და რამდენად სწრაფად მოხდება ჩანაწერების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა”, — ამბობს ლევან ნატროშვილი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი