ახალი ამბები

20 ივნისს დაშავებულისთვის სასამართლომ შსს-ს 35 000 ლარი გადახდა დააკისრა

23 სექტემბერი, 2021 • 1194
20 ივნისს დაშავებულისთვის სასამართლომ შსს-ს 35 000 ლარი გადახდა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე ერთ-ერთ დაშავებულის, ლუკა პეტრიაშვილის სასარგებლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს 35 000-ლარიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” პეტრიაშვილის ადვოკატმა ბექა ბასიალაიამ დაუდასტურა.

ბასიალას განცხადებით, პეტრიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით მორალური ზიანის და იმ ზიანის ანაზღაურებაზე დაობდა, რომელიც 20 ივნისის ღამეს მიყენებული ტრამვის შედეგად შრომისუნარიანობის შეზღუდვამ გამოიწვია.

ბასილაიას განცხადებით, დაცვის მხარე 100 ათას ლარს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ 35 ათასი ლარის ანაზღაურება დააკისრა შსს-ს.

“სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნები და დაადასტურა, რომ ლუკას ნამდვილად 20 ივნისის ღამეს მიაყენეს დაზიანება სრულიად მართლსაწიააღმდეგოდ და შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც პასუხისმგებელ ორგანოს, დააკისრა კომპენსაციის გადახდა. ჩვენთვის თანხა არ იყო გადამწყვეტი, გადამწყვეტი იყო იმის დადგენა, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან იყო არამართლზომიერი ქმედება”, – განმარტა ბასილაია.

ლუკა პეტრიაშვილს 2019 წლის 20 ივნისის ღამეს, სამართალდამცველების ნასროლი რეზინის ტყვია ყბა-სახის არეში მოხვდა და სახის ძვლები ჩაემსხვრა.

ბასილაიას თქმით, ისინი პროკურატურისგან პეტრიაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ამ დრომდე ითხოვენ.

2019 წლის 20-21 ივნისს რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით ხელისუფლებამ დაშალა აქცია, რასაც ათობით ადამიანის ჯანმრთელობა შეეწირა. მათ შორის ნაწილმა სრულად ან ნაწილობრივ დაკარგა მხედველობა, ნაწილი კი მინიმალური სინათლის დანახვისთვის დღემდე იბრძვის.

სამართალდამცველების მხრიდან ნასროლი ტყვიების შედეგად თვალი დაკარგეს გიორგი სულაშვილმა და მაკო გომურმა. ამ დრომდე ერთი თვალიდან ვერ ან მხოლოდ ნაწილობრივ ხედავენ დემეტრე ნაყოფია, დავით ქურდოვანიძე და გიორგი ბულისკერია. კობა ლეთოდიანმა კი, რომელმაც ერთი თვალი აფხაზეთის ომში დაკარგა, რეზინის ტყვიებმა მეორე თვალი დაუზიანა და სრულად წაართვა მხედველობა. მხედველობა არ დაუკარგავს, თუმცა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო ლუკა პეტრიაშვილმაც.

20 ივნისი – ბიძგი პოლიტიკური ცვლილებებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი