ახალი ამბები

პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობა, სამსახურიდან გაშვება და ა.შ. ISFED-ის ანგარიშში

23 სექტემბერი, 2021 • 1054
პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობა, სამსახურიდან გაშვება და ა.შ. ISFED-ის ანგარიშში

“სამართლიანი არჩევნების” ანგარიშის მიხედვით, ბოლო 20 დღის განმავლობაში წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის, სამსახურიდან გათავისუფლების, ზეწოლის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ამომრჩეველთა მოსყიდვის და სხვა დარღვევების სავარაუდო ფაქტები.

ამის შესახებ ISFED-ის თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშშია საუბარი, რომელიც 31 აგვისტოდან 21 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა.

ISFED-ის თანახმად, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა:

  • სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის – 2 ფაქტი
  • სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების – 4 ფაქტი
  • სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის – 20 ფაქტი
  • ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების – 3 ფაქტი
  • ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის – 5 ფაქტი
  • მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის – 1 ფაქტი
  • არაუფლებამოსილი პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის – 12 ფაქტი
  • საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზების – 5 ფაქტი

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, ამ პერიოდში შეიმჩნეოდა სააგიტაციო მასალების დაზიანების ფაქტებიც.

ISFED-ის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის დინამიკაზე გავლენა იქონია 13 სექტემბერს გავრცელებულმა ფაილებმა, რომელიც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მოსმენებისა და თვალთვალის ფაქტებს შეიცავს.

“საგანგაშო იყო „TV პირველის“ გადაცემაში, 2021 წლის 11 სექტემბერს გასული ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სკოლის დირექტორების და მასწავლებლების შესახებ გროვდებოდა ინფორმაცია და იქმნებოდა ე.წ დოსიეები.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პირების პოლიტიკური შეხედულებები და მათი ოჯახის წევრების პარტიული საქმიანობა, რიგ შემთხვევაში, იქცა მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად”, — ნათქვამია ანგარიშში.

ISFED-ის ანგარიშში ასევე საუბარია თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში განთავსებულ ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ “სისხლიან ბანერებზეც”, რომელიც სიძულვილის ენას შეიცავს.

“ძალადობრივი შინაარსის ბანერები სხვადასხვა პოლიტიკოსის თუ მედიის წარმომადგენლების გამოსახულებით წარსულში რამდენჯერმე გამოიკრა. საარჩევნო პერიოდში ძალადობის პროპაგანდა აკრძალულია, ასევე, იკრძალება ანონიმური შემოწირულობაც. “სამართლიანმა არჩევნებმა” ცესკოსა და აუდიტის სამსახურს მათი კომპეტენციების ფარგლებში ფაქტის შესწავლისა და რეაგირების მოთხოვნით მიმართა”, — აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, “სამართლიანი არჩევნები” საყურადღებო მიიჩნევს საუბნო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილი პარტიების მიერ დაკომპლექტების პროცესსაც. ISFED-ის ცნობით, ზოგიერთ უბანზე კომისიებში დასანიშნი წევრების კვოტები ყველა პარტიამ ვერ აითვვისა, რის გამოც კომისიის წევრთა 17-მდე შესავსებად საოლქო საარჩევნო კომისიების ნაწილმა კონკურსი გამოაცხადა.

“აღსანიშნავია, რომ ამგვარი საარჩევნო უბნების შემადგენლობაში დარღვეულია პროპორცია პროფესიულად არჩეულ და პარტიულად დანიშნულ წევრებს შორის; პროფესიული ნიშნით დანიშნული წევრები აღემატებიან პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს”, — წერს ISFED.

ორგანიზაციის ცნობით, საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების მონიტორინგისას, ISFED-ის შეფასებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები არ იყვნენ ინფორმირებულები “მათი დამნიშნავი/წარმდგენი პოლიტიკური პარტიის შესახებ”.

“რიგ შემთხვევებში, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ პირებს უკვირდათ, რომ ისინი არ იყვნენ ნომინირებულები პოლიტიკური პარტიის მიერ. ასევე, ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულ წევრთა ნაწილმა არ იცოდა რომელი პარტიიდან იყო დანიშნული; მათ თავი მმართველი პარტიის წარმომადგენლად მიაჩნდათ და მხოლოდ ტრენინგზე, შესაბამისი სიის შევსებისას, აღმოაჩინეს წარმდგენი პარტიის დასახელება, რამაც ზოგიერთი მათგანის გულისწყრომაც გამოიწვია”, – ნათქვამია ანგარიშში.

გარდა ამისა, ISFED ანგარიშში საუბრობს წინასაარჩევნო პერიოდიში ფიზიკური დაპირისპირების და ოპოზიციის მხარდამჭერების მიმართ ცივი იარაღით დაჭრის ფაქტებზეც.

ასევე საუბარია პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების და ზეწოლა/მუქარის შემთხვევებზეც. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე გამოვლინდა ზეწოლის ფაქტებიც, რომ კანდიდატებს უარი ეთქვათ არჩევნებში მონაწილეობაზე.

ამასთან, “სამართლიანი არჩევნების” ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში შენარჩუნებულია საარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილ პირთა მონაწილეობის ტენდენცია, რომელიც, ISFED-ის ცნობით, ძირითადად მმართველი პარტიის სასარგებლოდ ფიქსირდება, “და, მათ შორის, საჯარო მოხელეების, საჯარო სექტორში დასაქმებულ სხვა პირთა მიერ, სამუშაო საათებში, ფეისბუქით განხორციელებული აგიტაციის კამპანიას მოიცავს”.

ასევე ანგარიშში საუბარია ადმინისტრაციული რესურსის პარტიული მიზნით გამოყენებასა და მედიაზე ძალადობის ფაქტებზეც:

“ადმინისტრაციული რესურსის პარტიული მიზნით გამოყენების მხრივ აღსანიშნავია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე, მმართველი პარტიის ირიბი აგიტაცია. მთავარ სიახლეებში გამოტანილ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ იუსტიციის მინისტრი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, რასაც თან ერთოდა სურათი, სადაც მინისტრი „ქართული ოცნების“ საიმიჯო ტრიბუნასთან იდგა და კარგად ჩანდა პარტიის საარჩევნო ნომერი.

დაფიქსირდა, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მედიაზე ძალადობის ფაქტები, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებსაც შეიცავდა. 7 სექტემბერს TV პირველის ოპერატორს მანქანა მიზანმიმართულად დააჯახეს, ფონიჭალაში სპეცოპერაციის გაშუქებისას. გავრცელებული კადრებიდან ჩანს ავტომანქანის ნომრებიც. 15 სექტემბერს, მთავარი არხის ოპერატორისა და მისი თანმხლები ჟურნალისტის ინფორმაციით, ,,ქართული ოცნების” ქარელის ოფისში სიუჟეტის გადაღებისას მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს, რომელმაც დაზიანებები მიიღო”, – ნათქვამია ანგარიშში.

ISFED-ის ინფორმაციით, ოფიციალურ წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებიდან 21 სექტემბრის ჩათვლით, “სამართლიანმა არჩევნებმა” სხვადასხვა უწყებას 27 განცხადება-საჩივარი წარუდგინა.

ამასთან, ორგანიზაციამ 19 სარჩელი წარადგინა სასამართლოებში იმ პირთა უფლებების დაცვის მიზნით, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სხვადასხვა საჯარო სამსახურიდან და სკოლიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი