ახალი ამბები |

ვენეციის ბიენალეს ქართველი კომისარი მაგდა გურული იქნება

22 სექტემბერი, 2021 | | 542
ვენეციის ბიენალეს ქართველი კომისარი მაგდა გურული იქნება

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეს ქართველი კომისარი მაგდა გურული, რომელიც 2022 წლის ვენეციის 59-ე ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონის სათანადოდ წარმოჩენის პროცესზე პასუხისმგებელი პირი იქნება.

2022 წლის ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონის მოწყობის მიზნით, ამჟამად მოლაპარაკება ორ სხვადასხვა სივრცესთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ამასთან, მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს საქართველოს კულტურის სამინისტრო აცხადებს კონკურსს მომავალ წელს ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი პროექტის შერჩევის მიზნით.

“ვენეციის ბიენალეში მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ერთი მხრივ, მსოფლიო თანამედროვე ხელოვნების რუკაზე საკუთარი ადგილის დამკვიდრებისთვის და მეორეს მხრივ, ეპიდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ მსოფლიო სახელოვნებო მედიის, საერთაშორისო მაყურებლის და პროფესიული წრეებისთვის ქვეყანაში მიმდინარე შემოქმედებითი, ინტელექტუალური და კულტურული ტენდენციების ჩვენების თვალსაზრისით”, — განაცხადა მაგდა გურულმა.

ვენეციის საერთაშორისო ხელოვნების ბიენალე თანამედროვე ხელოვნების ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენაა, რომელიც 1895 წელს დაარსდა და უკვე 120 წელზე მეტს ითვლის. რიგით 59-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა 2022 წლის 23 აპრილიდან 27 ნოემბრამდე გაიმართება და მას სახელად „რძე სიზმრებისა“ (The Milk of Dreams) ეწოდა. სახელწოდება სიურრეალისტი მხატვრის, ლეონორა ქერინგტონის (1917-2011) იგივე სახელწოდების წიგნიდანაა აღებული.

მაგდა გურული თანამედროვე ხელოვნების კურატორია, რომელიც 2004 წლიდან არის „კულტურის და ხელოვნების გლობალური კოორდინირების ცენტრის” დამფუძნებელ-კურატორი, 2008 წლიდან — თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის, არტისტერიუმის დამფუძნებელი და კურატორი, 2005-2009 წლებში იყო თანამედროვე ხელოვნების ჟურნალის ARTLOOP-ის რედაქტორი, 2009 წლიდან კი — საერთაშორისო გარემოს დაცვის სიმპოზიუმის „დრაკონის ცხრა თავის“ (სამხრეთ კორეა) კურატორი. იგი 2003 წლიდან დღემდე კურატორობს თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი