ახალი ამბები

ნიკა მელიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის დებატები დატოვა

21 სექტემბერი, 2021 • 1415
ნიკა მელიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის დებატები დატოვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის დებატები დატოვა, რომელში მონაწილეობასაც თბილისის მერობის თექვსმეტივე კანდიდატი იღებდა.

სტუდიის დატოვებამდე მელიამ თქვა, რომ ის ვერ იქნება ერთ სივრცეში მოძალადე და კორუმპირებულ ადამიანთან, რომელიც კრიმინალებს მართავს. რაც შეეხება დებატებზე მისვლას, მელიამ თქვა, რომ გადაცემის ფორმატი რეალური დებატების გამართვას არ უწყობს ხელს და იქ მხოლოდ იმისთვის მივიდა, რომ “ოცნების” გენერალური მდივნისთვის ეთქვა თუ რა მოძალადე და კორუმპირებული ადამიანები არიან დღეს ხელისუფლებაში:

“რატომ მოვედი და რატომ ვიღებ მონაწილეობას ამ ფორმატში, ფორმატი, რომელიც არანაირად არ უწყობს ხელს რეალური დებატების გამართვას და ამაში სამწუხაროდ ჩვენი მაყურებელიც დარწმუნდება, მაგრამ სიმართლეს გეტყვით. მოვედი აქ პირველ რიგში იმისათვის, რომ ქართული ოცნების გენერალურ მდივანს პირადად ვუთხრა თუ რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადამიანები არიან დღეს ხელისუფლებაში.

მოვედი იმისათვის, რომ ვუთხრა ეს ადამიანები არაფერს არ თაკილობენ, ეს ადამიანები ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე დღისით მზისით და ეს ადამიანები და ბატონი, რომელიც აქაა წარმოდგენილი, უსაზღვროდ კორუმპირებული ადამიანი და კრიმინალების მფარველი და დამსაქმებელი ამას სჩადის, რაც დმანისში დღეს გააკეთეს.

ამიტომ, ეს ადამიანები უნდა დამარცხდნენ ქართველი ხალხის მიერ და დამარცხდება. პატივს ვცემ ყველა კანდიდატის ამომრჩეველს, მაგრამ ერთ სივრცეში მოძალადე კორუმპირებულ ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს მე არ ვაპირებ ყოფნას” – თქვა ნიკა მელიამ და სტუდია დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი