ახალი ამბები

ოცნების სიიდან დმანისის ინციდენტთან დაკავშირებული ყველა პირი უნდა მოიხსნას – ბოკუჩავა

21 სექტემბერი, 2021 • 1189
ოცნების სიიდან დმანისის ინციდენტთან დაკავშირებული ყველა პირი უნდა მოიხსნას – ბოკუჩავა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა დმანისში მომხდარ ინცდიდენტზე პასუხისმგებლობას “ქართული ოცნების” თანამდებობის პირებს აკისრებს და “ოცნების” დმანისის საარჩევნო სიიდან ინციდენტთან დაკავშირებული ყველა პირის მოხსნას ითხოვს.

ამასთან, ბოკუჩავა მოითხოვს, რომ ინციდენტში მონაწილე პირები დაუყოვნებლივ დააკავონ.

დღეს დმანისში მოხდა უმძიმესი ფაქტი, სოფელ განთიადში ოპოზიციის მერობის კანდიდატის გიორგი ტატუაშვილის მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს 20-30-მდე აგრესიული ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი თავს დაესხა ჩვენს მხარდამჭერებს. ამ ჯგუფს უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ და მასში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ წევრები. კერძოდ, ჯგუფს ხელმძღვანელობდა წარსულშიც ძალადობრივ პოლიტიკურ აქტებში მონაწილე პირი, ზურაბ ოკმელაშვილი. ზურაბ ოკმელაშვილის შვილი მაკა ოკმელაშვილი არის დმანისში „ქართული ოცნების“ სიის მესამე ნომერი. ამასთანავე დავით დაუთაშვილმა, ადგილობრივი მაჟორიტარობის კანდიდატის შვილმა, მიხეილ დაუთაშვილის შვილმა ცივი იარაღის გამოყენებით მძიმე ჭრილობა მიაყენა ჩვენს ორ მხარდამჭერს. არსებობს კადრები და უამრავი მოწმე და ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს მათი დაკავება”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავა რეაგირებისთვის დიპლომატიურ კორპუსს და სადამკვირვებლო მისიებს მიმართავს.

“ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები მიხეილ დაუთაშვილის მხრიდან, რომელიც უარყოფს მისი შვილის იქ ყოფნას, მაგრამ ეს კადრებშია ასახული. თავად მიხეილ დაუთაშვილი წარმოდგენილი იყო ცეცხლსასროლი იარაღით, რომლის ტარების უფლებაც დარწმუნებული ვართ არ აქვს კანონიერად. უნდა მოიხსნას აღნიშნული კანდიდატი, ასევე უნდა მოიხსნას მასთან დაკავშირებული ყველა პირი სიიდან და ჩვენ მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და ძალიან მნიშვნელოვანია, დიპლომატიურმა კორპუსმა და სადამკვირვებლო მისიებმა მოახდინონ დროული და უმკაცრესი რეაგირება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ მომავალში მსგავსი ძალადობრივი ქმედებები “ქართული ოცნების“ მხრიდან”, რომელიც ძალადობის გარდა არაფერს სთავაზობს საქართველოს მოქალაქეს 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.


დმანისის სოფელ განთიადში ოპოზიციის ორი აქტივისტი “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა დაჭრეს.

პარტია “პროგრესი და თავისუფლების” ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ შემთხვევა დმანისის მერობის ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატის, გიორგი ტატუაშვილისა და მის ორგანიზებით გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით ნეტგაზეთი ამ დრომდე ელის შსს-გან პასუხს.

ოქრიაშვილის თქმით, დმანისში ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს

მასალების გადაბეჭდვის წესი