ახალი ამბები

სასწაული ტელეიმედზე – ბიუჯეტის უკანონო ხარჯვა

28 იანვარი, 2010 • 15475
სასწაული ტელეიმედზე – ბიუჯეტის უკანონო ხარჯვა

ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვის მაგალითი 2009 წლის აგვისტოს ბოლო კვირას ტელეიმედის ეთერში, სპეცპროექტის ფარგლებში, ბათუმის აღმშენებლობის შესახებ ფილმები გავიდა. ფილმებს არ ეწერა, რომ სარეკლამო იყო, მაგრამ შინაარსიდან გამომდინარე ამის მიხვედრა სირთულეს არ წარმოადგენდა.

”იმედზე” მაყურებელმა სულ ასეთი ხუთი ფილმი ნახა. ფილმები, ძირითადად, ”ჟურნალისტის დღიურისა” და ”ქრონიკის” ჟურნალისტებმა მოამზადეს – ეკა ადეიშვილის, გიორგი ნიორაძისა და ბექა ელბაქიძის ავტორობით. ფილმი სახელწოდებით ”ბათუმის სასწაული”, ძირითადად, აჭარის, როგორც ”ტურისტული მექის” რეკლამირება იყო. რეკლამაში თანხა ბათუმის მერიამ გადაიხადა, ბათუმის მერიას კი 255 000 ლარი აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გადაეცა.

მერიამ თანხის გამოყოფის აუცილებლობაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – ლევან ვარშალომიძე წერილით 2009 წლის 4 სექტემბერს დაარწმუნა (თუმცა მაყურებელს ამ დროს „ბათუმის სასწაულის” უკვე ხუთივე სერია ნანახი ჰქონდა): ”ბათუმი უნდა იქცეს შავიზღვისპირეთის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და წარმატებულ ქალაქად. ბათუმში დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელებულა, რაც ჩვენი მოსაზრებით აუცილებლად საჭიროებს პოპულარიზაციას, რისთვისაც მიზანშეწონილად მიგვაჩნია, განხორციელდეს ბათუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ტურისტული ობიექტების (სასტუმროები, რესტორნები) სარეკლამო რგოლების მომზადება და სატელევიზიო არხების ეთერში განთავსება. ვინაიდან ქ. ბათუმის ბიუჯეტში მიმდინარე ეტაპზე არ არის გათვალისწინებული შესაბამისი ფინანსური რესურსი, გთხოვთ, გაგვიწიოთ დახმარება ზემოთ აღნიშნული ღონისძიებების დასაფინანსებლად“.

ამ წერილს ხელს აწერს რობერტ ჩხაიძე – ბათუმის მერი, დავით სამნიძე – მერის პირველი მოადგილე და არჩილ ვანაძე – მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის თანამშრომელი. 30 აგვისტოს აჭარის პირველი პირი – ლევან ვარშალომიძე საჯარო განცხადებას აკეთებს შემდგარ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით. ბათუმის აეროპორტში ბაქო-ბათუმის რეისს ხვდება და დამსვენებელ რუსლან შაბიევს სასტუმრო „შერატონის“ 10-დღიან საგზურს გადასცემს, როგორც 400 000-ე ტურისტს აჭარაში.

შემდგარი და ტურისტული სეზონის მიწურულს კი ბათუმის მერია „ბათუმის სასწაულის“ მოსამზადებლად და ”იმედში” გასათავსებლად ხელშეკრულებას „ათი და კომპანიასთან“ აფორმებს. ეს კერძო სარეკლამო კომპანია თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, #44-ში მდებარეობს. ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #278 დადებულია 2009 წლის 10 სექტემბერს. შემსყიდველია ბათუმის მერია, ”ათი და კომპანია“ კი მიმწოდებელი, რომელიც იღებს ვალდებულებას ”უზრუნველყოფს ტელეკომპანია იმედის ეთერში სარეკლამო მასალის დამზადების და განთავსების მომსახურების გაწევა”.

ეს ფილმები ამ სარეკლამო კომპანიას არ დაუმზადებია. ”იმედის” ეთერში გასულ ფილმებს ჰყავდა ავტორები. ამას თუნდაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ ”ტელეიმედის” სამივე ჟურნალისტს მომზადებული ფილმებისთვის ჰონორარი აქვს მიღებული. ჟურნალისტებმა ეს ”ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარშიც დაადასტურეს. ანუ „ათი და კომპანია“ ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ”იმედისთვის” ფულის გადამცემი გამტარი რგოლია.

სარეკლამო კომპანიასთან ხელშეკრულება 10 სექტემბერს არის გაფორმებული. მერიიდან ოფიციალურად გამოთხოვილ დოკუმენტაციას კი თან ახლავს გრაფიკი, თუ როდის უნდა განთავსდეს სარეკლამო მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ”ბათუმის სასწაულის” პირველი სერიის ეთერში გაშვების დღედ მითითებულია 11 სექტემბერი, მე-7 სერია კი – 18 სექტემბერი (”ბათუმის სასწაული” ტელეიმედის ეთერში აგვისტოს ბოლო კვირას გავიდა). დოკუმენტაციის მიხედვით გამოდის, რომ კომპანიას და ტელევიზიას ერთი დღე დასჭირდათ ერთსაათიანი ფილმის გადასაღებად, დასამონტაჟებლად და ეთერში გასაშვებად. გამოდის, რომ ჯერ ფილმები დამზადდა და ეთერში განთავსდა, დოკუმენტაცია კი შემდეგ მოწესრიგდა.

 ”ათი და კომპანიასთან” ხელშეკრულება მერიამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარღვევით გააფორმა. იგი ვალდებული იყო ამ მომსახურებაზე საერთაშორისო ტენდერი გამოეცხადებინა, თუმცა მერიამ ამ შემთხვევაში ისარგებლა სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების ფორმით. დოკუმენტაციაში დევს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი განკარგულება, რომელიც ასევე 10 სექტემბრით არის დათარიღებული.

 #651 განკარგულების თანახმად, ნიკა გილაური ბათუმის მერიას ნებას რთავს 255 000 ლარის ფარგლებში განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, სარეკლამო კომპანიას დარღვეული აქვს აუცილებლად შესასრულებელი სამუშაოების პირობაც. ანუ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ”ათი და კომპანიამ” უნდა უზრუნველყოს შვიდი სერიის მომზადება და განთავსება“ მხარეების მიერ შეთანხმებული გრაფიკისა და სხვა პირობების ზუსტი დაცვით“.

 ”იმედზე” შვიდის ნაცვლად მხოლოდ ხუთი სერია გადის: ეკა ადეიშვილი ორი სერიის ავტორია, ორი სერია მოამზადა გიორგი ნიორაძემ, ერთი კი ბექა ელბაქიძეს ავტორობით გავიდა. გარდა ამისა, ფილმები ეთერში დადგენილი გრაფიკის მიხედვით არ გასულა. თუმცა ამ დარღვევების გამო ”ათი და კომპანიისთვის” პირგასამტეხლო – საერთო თანხის 0,20% არავის მოუთხოვია. მერიიდან ოფიციალურ გამოთხოვილ დოკუმენტაციაში მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი არ არის წარმოდგენილი. ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურის უფროსი – ნათია სურგულაძე აცხადებს, რომ მათ აქვთ ეს დოკუმენტაცია, თუმცა ასევე დასძენს, რომ „ათი და კომპანიის” მიერ მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერიები მერიაში არ ინახება…

”გაზეთ ბათუმელებთან” პრივატულ საუბრებში საქმეში ჩახედული ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ ტელეიმედისთვის თანხის მიცემა პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივა იყო. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი კი ნათია სურგულაძეს დაევალა. როდესაც საკრებულოს წევრებს ”ბათუმის ბიუჯეტის შესრულების ცხრა თვის ანგარიშის პირველი პროექტი“ დაურიგეს, ”ბათუმური სასწაულის” იმედის არხზე განთავსების უჯრის გასწვრივ ეწერა – ”პრეზიდენტის განკარგულება”.

პროექტი შესაბამისმა სამსახურმა მალევე უკან გაიწვია, შემდეგ დოკუმენტში კი ეს ჩანაწერი გაქრა და შეიცვალა ჩანაწერით, რომ თანხა აჭარის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. ნათია სურგულაძემ ეს ფაქტი ტექნიკური შეცდომით ახსნა (”გაზეთ ბათუმელებს” ცხრა თვის შესრულების ანგარიშის პირველად დარიგებული ხელმოწერილი და დადასტურებული პროექტის ასლი მოეპოვება).

სარეკლამო რგოლების დამზადებისა და განთავსების მიზნით თვითმმართველი ქალაქ ბათუმის გარდა აჭარის სარეზერვო ფონდიდან თანხა – 100 ათასი ლარი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტსაც აქვს მიღებული. დეპარტამენტის ხელმძღვანელი – თემურ დიასამიძე: ”აჭარის სარეზერვო ფონდიდან მიღებული თანხა – 100 ათასი ლარი ტელეიმედს გადავურიცხეთ. შუამავალი კომპანიის გარეშე ხელშეკრულება პირდაპირ ტელეიმედთან გავაფორმეთ. ვიდეო რგოლი სამწუთიანი იქნება სიმღერის – „ბათუმს ქათქათას“ ფონზე. პროექტი თავად ტელეიმედმა შემოგვთავაზა. ტელეიმედმა ვიდეორგოლი წლის ბოლომდე უნდა მოამზადოს და დაატრიალოს“.

საერთო ჯამში აჭარის სარეზერვო ფონდიდან ”იმედისთვის” ირიბად გადარიცხული თანხა 355 ათას ლარს შეადგენს. კანონით აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა უნდა გაიცეს ”ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფების შედეგად გამოწვეული (მიყენებული) ზარალის, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გადასახადების“ შემთხვევაში. თანხა და კომპენსაციები სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა მხარჯავი დაწესებულების განაცხადის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე. მხარჯავი დაწესებულება ვალდებულია, ზუსტად განსაზღვროს და დაასაბუთოს საჭირო თანხის მოცულობა და მიზნობრიობა.

მედია სარეკლამო ბაზარზე „იმედი“ ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა და მას ბაზრის 25,4% უჭირავს. ეს 2009 წლის მონაცემია: ”საერთაშორისო გამჭირვალობა –საქართველო”ანგარიშის მიხედვით, სატელევიზიო რეკლამაში 2008 წელს სულ დაახლოებით 30-დან 33 მილიონამდე ამერიკული დოლარი დაიხარჯა. 2008 წლის აგვისტოს ომისა და გლობალური კრიზისის შედეგად რეკლამაზე დანახარჯებმა კიდევ უფრო იკლო. კერძო ტელევიზიებმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ 2008 წელს მათი შემოსავლები 80,8 მილიონი ლარი იყო. საკაბელო ლიცენზიის მფლობელების შემოსავალმა იმავე წელს 11,3 მილიონი ლარი შეადგინა. საბოლოო ჯამში, საქართველოს სატელევიზიო არხების ოფიციალურად გაცხადებული შემოსავლები 2008 წელს 92 მილიონ ლარზე მეტი იყო. თუ ჩავლთვლით, რომ 2008 წელს სატელევიზიო რეკლამებზე 35 მილიონი ამერიკული დოლარი (58 მილიონი ლარი)27 დაიხარჯა, გამოდის, რომ საქართველოს ტელევიზიებმა სულ მცირე 34 მილიონი ლარი (20,2 ამერიკული დოლარი) სხვა, უცნობი წყაროებიდან მიიღეს.

მასალა მომზადებულია პროექტის ,,გადამოწმება დემოკრატიისთვის~ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდების “ნაციონალური წვლილი დემოკრატიისთვის“(NED)  და ,,B|S|T’’ ფინანსური მხარდაჭერით. საავტორო უფლება ეკუთვნის შპს „გაზეთ ბათუმელებს“. ინფორმაციის გამოყენებისას „გაზეთ ბათუმელების“ მითითება აუცილებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი