ახალი ამბები

ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციები სავარაუდო მოსმენებზე მთავრობას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებენ

20 სექტემბერი, 2021 • 1007
ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციები სავარაუდო მოსმენებზე მთავრობას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებენ

საქართველოში მოქმედი ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე პროფესიული ასოციაციები შესაძლო უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით მთავრობას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ასოციაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მთავრობამ უნდა დაიწყოს დროული გამოძიება უკანონო ფარული მიყურადების პრაქტიკის დანერგვის მიზეზებისა და დანერგვის შესახებ. ასევე მთავრობას მოუწოდებენ, რომ გაანადგუროს არსებული ინფორმაცია და ჩანაწერები, რომელიც უკანონო ფარული მიყურადების შედეგად არის მოპოვებული “რათა დაცული იქნას ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში ჩართული პირების უფლებები”.

“საქართველოში მოქმედი ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე პროფესიული ასოციაციები გამოხატავენ შეშფოთებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ქვეყანაში ისმინება და შესაბამისად, არ არის დაცული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების – ფსიქოლოგიური კონსულტირების, ფსიქოთერაპიის, ფსიქიატრიული დახმარების – უსაფრთხოება. მსგავსი პრაქტიკა დიდ ზიანს აყენებს როგორც ამ ტიპის სერვისებში ჩართულ პირებს, ასევე ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული დახმარების საქმეს, რადგან შეუძლებელს ხდის დაცული იქნას ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურების საბაზისო ეთიკური წესები. ამავდროულად ხელს უწყობს მთლიანად ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების სპეციალისტების დისკრედიტაციას და კიდევ უფრო აძლიერებს სტიგმას, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებების მქონე პირების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ასოციეციები აღნიშნავენ, რომ უკანონო ფარული მიყურადება საქართველოს კონსტიტუციითაც აკრძალულია.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: GSP საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება, საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება, GABP საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია, საქართველოს იმდიარ საზოგადოება, სუპერვიზიის და კონსულტირების საქართველოს საზოგადოება, GIP გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში, GCRT წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი.

13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა სასულიერო პირებთან, ჟურნალისტებთან და სხვებთან დაკავშირებული ასეულობით ფაილი, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-იდან არის გამოჟონილი. არაერთმა ჟურნალისტმა, მათ შორის, “ნეტგაზეთის” რეპორტიორმა, ფაილებში თავისი საუბრები ამოიცნო რესპონდენტებთან და სხვებთან.

გაჟონილი ფაილებიდან არაერთი, მათი ავთენტურობის ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში, ნათელს ხდის, რომ სუსი უსმენს საპატრიარქოს წარმომადგენლებსა და მაღალი იერარქიის სასულიერო პირებსაც.

ოპოზიციის თქმით, ფაქტი არის დასტური იმისა, თუ როგორ უსმენს და აკონტროლებს ყველაფერს სუსი. რაც შეეხება“ქართული ოცნებას”: მმართველი პარტიის რიტორიკა ბოლო დღეებში შეიცვალა.

თავდაპირველად, მმართველი გუნდის ლიდერები აღნიშნულს ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლად აფასებენ და ამაში ცალსახად ოპოზიციურ პარტიას, “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებდნენ. თუმცა ორი დღის განმავლობაში მის რიტორიკაში გაჩნდა ვერსია ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდის მიერ ინფორმაციის გატანაზე, თავად ფარული ჩანაწერების შინაარს კი ოცნებაში “ტყუილ-მართალს” უწოდებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პროცესი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს. სუს-მა განცხადება 14 სექტემბერს გაავრცელა და პროკურატურასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი