ახალი ამბები

ბოლო 24 საათში კოვიდზე 7720 ადამიანი აიცრა, ეს თვე-ნახევრის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

20 სექტემბერი, 2021 • 1229
ბოლო 24 საათში კოვიდზე 7720 ადამიანი აიცრა, ეს თვე-ნახევრის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

20 სექტემბრის მონაცემებით, კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოში ბოლო 24 საათში 7 720 ადამიანი აიცრა  ასეთი დაბალი მაჩვენებელი ბოლო 26 ივლისს, მაშინ დაფიქსირდა, როცა საყოველთაო ვაქცინაცია იწყებოდა.

ნეტგაზეთს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში [NCDC] დაუდასტურეს, რომ ეს მონაცემი ნამდვილია და ტექნიკური ხარვეზი არ ყოფილა. NCDC სწორედ ის უწყებაა, რომელიც ყოველდღიურად აგროვებს და შემდგომ აქვეყნებს აცრების რაოდენობას.

ამაზე დაბალი მონაცემი ბოლო 26 ივლისს დადასტურდა, კერძოდ იმ დღეს 1 572 ადამიანი აიცრა. მომდევნო დღეს კი 27 ივლისს 13 884 ადამიანმა ჩაიტარა ვაქცინაცია.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი.

ქვეყანაში სულ 595 926 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 563 530 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 575 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი