ახალი ამბები

ყიფშიძის ქუჩაზე 3 ახალი კორპუსის მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს

19 სექტემბერი, 2021 • 5085
ყიფშიძის ქუჩაზე 3 ახალი კორპუსის მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, გაიმართა აქცია, რომლითაც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა 25, 19 და 16 სართულიანი სამი ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა გააპროტესტეს. ისინი მშენებლობის ნებართვის გაუქმებას მოითხოვენ და დასძენენ, რომ პროცესის დასრულების შემთხვევაში კი მკვეთრად დაიჩრდილება მიმდებარე ნაგებობები.

“ჩვენ ვაპროტესტებთ გადამეტებულ სამშენებლო კოეფიციენტს, რომელიც ამ ობიექტზე დაუშვა მთავრობამ. ვითხოვთ შეხვედრას კალაძესთან და მშენებლობის შეჩერებას, დროებით მორატორიუმს იქამდე, სანამ არ გვექნება ყველა მხარისთვის მისაღები გამოსავალი”, — უთხრა “ნეტგაზეთს” ლევან ფხაკაძემ, ყიფშიძის ქუჩის მკვიდრმა.

მისი განცხადებით, ადგილობრივებს ხელთ აქვთ ინსოლაციის დასკვნა, რომელიც ნათელს ხდის, რომ ხსენებული 3 კორპუსის აშენება მნიშვნელოვან პრობლემებს შექმნის მიმდებარედ არსებული ნაგებობების დაჩრდილვის კუთხით.

“3 კორპუსს დაუფარავენ სრულად მზეს”, — დასძენს ის.

აქცია ყიფშიძის ქუჩაზე. 18.09.21 ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

პროცესში ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”, რომელსაც ეს მშენებლობა “თბილისის მერიის არასამართლიანი, კერძო და არა საჯარო ინტერესით ნაკარნახევი პოლიტიკის მანკიერი პრაქტიკის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად” მიაჩნია.

“ეს არის პროტესტი შეჩერებული მშენებლობების განახლების წინააღმდეგ და ეხება კონკრეტულად ყიფშიძის ქუჩას, სადაც უამრავი რეგულაცია მოიხსნა და საკანონმდებლო დათმობები გაკეთდა იმისთვის, რომ აქ სამი მაღალსართულიანი შენობა განთავსდეს”, — აღნიშნავს ორგანიზაციის წარმომადგენელი თათული ჭუბაბრია “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ცენტრი დასძენს, რომ ქალაქ თბილისის მერიას მოსახლეობამ საჩივრით მიმართა და დავის გადაწყვეტამდე სადაო მშენებლობის შეჩერება, ასევე, მისი ნებართვის გაუქმება მოითხოვა. ქალაქის მთავრობამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც “სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” სასამართლოს მიმართა.

“სასამართლოს გზითვე, ხელახლა იქნება მოთხოვნილი მშენებლობის დაუყოვნებელი შეჩერებაც, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე”, — აღნიშნავს ორგანიზაცია.

ორგანიზაცია და ადგილობრივები მშენებლობის ნებართვის მისაღებად ჩატარებულ, “ხარვეზულ” საექსპერტო დასკვნებზეც საუბრობენ. ცენტრის თანახმად, ასეთებია, მაგალითად, დასკვნები გეოლოგიისა და მომიჯნავე კორპუსებზე ზეგავლენის საკითხებზე.

“ჩვენ თბილისის მერიას მივუთითებდით ამ ორი კვლევის არასათანადოობაზე. სარჩელს ასევე თან ერთვოდა მოსახლეობის სახსრებით მომზადებული ინსოლაციის საექსპერტო დასკვნაც, რომელიც ადასტურებდა ახალი მშენებლობის უკიდურესად უარყოფით გავლენას მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსების დაჩრდილვის კუთხით.

ჩვენი საჩივრის ამგვარი შინაარსი წარმოშობდა მერიის ვალდებულებას, რომ შეესწავლა სადაო დოკუმენტი, თუმცა მერიამ საერთოდ არ დააფიქსირა აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, რომ მას სადაო დოკუმენტი არ გამოუკვლევია”, — ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ მიმდინარე კვირაში გავრცელებულ განცხადებაში.

აქცია ყიფშიძის ქუჩაზე. 18.09.21 ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ცენტრის თანახმად, ხსენებულ ტერიტორიაზე ვრცელდება 2019 წლის მთავრობის გადაწყვეტილება სამშენებლო საკანონმდებლო მოთხოვნების მოხსნასთან დაკავშირებით, რადგან აქ 2007-8 წლებში შეჩერებული მშენებლობების განახლების გეგმა ხორციელდება:

“გარდა იმისა, რომ 2019 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დეველოპერთათვის შემუშავებული ჭარბი შეღავათები და დერეგულირების ეს წერტილოვანი გადაწყვეტილებები პრობლემურია ურბანული სოციოლოგიის თვალსაზრისით, მან ასევე გამოააშკარავა თბილისის არქიტექტურის სამსახურს არამართლზომიერი ქმედებებიც, რამდენადაც ამ ორგანომ, ნაცვლად იმისა, რომ დერეგულირების პირობებში, შენარჩუნებული საკანონმდებლო მოთხოვნების მკაცრად შესრულება უზრუნველეყო, უგულებელყო ყველა არსებული საკანონმდებლო მოთხოვნაც”.

მოსახლეობა აქციების გაგრძელებას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ ქალაქის ხელმძღვანელობა მოთხოვნებს ყურად არ იღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი