ახალი ამბები

ელენე ხოშტარია სუსის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

18 სექტემბერი, 2021 • 1532
ელენე ხოშტარია სუსის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

პარტიის „ელენე ხოშტარია – დროა“ განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს უკანონო ფარული მოსმენებისა და თვალთვალის გამო.

ბრიფინგი ელენე ხოშტარიამ და იურისტმა გიგა ლემონჯავამ 18 სექტემბერს გამართეს და მოუწოდეს ყველა პოლიტიკოსს, არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ იურისტს “ერთიანი ბრძოლისკენ, რათა შეიქმნას ერთიანი სამართლებრივი ტაქტიკა”.

ხოშტარიას თქმით, 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ჩანაწერებში მასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი დასტურდება და შეესაბამება რეალობას.

“ანუ ეს არის რეალურად ჩემი ფარული ჩანაწერი, რომელთაგან ყველა უკავშირდება ჩემი და ჩემი გუნდის საპროტესტო საქმიანობას 2019 წლიდან.

ეს მოულოდნელი არ არის, თუმცა, ამ თავხედობის ამ მასშტაბით ჩვენება და “ქართული ოცნების” რეაქცია, რომ დიპლომატების, ბაგა-ბაღის მასწავლებლების და დირექტორების ჩაწერა არის ნორმალური, საჭიროებს ჩვენი საზოგადოების მხრიდან რეაგირებას”, — დასძინა მან.

პოლიტიკოსის თქმით, უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ “საქართველოს მოქალაქეები, არცერთ ეტაპზე არ ეგუებიან და არც არასდროს შეეგუებიან ჩაწერებს”.

“ვაპირებ, ამ უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას და მოვუწოდებ ყველა ჩვენს მეგობარს, საქართველოს მოქალაქეებს, ასეთი ძალიან ბევრია, რომ ყველამ ერთად დავიწყოთ სამართლებრივი პროცესი, რომელიც, საბოლოო ჯამში, მივა სტრასბურგამდე.

მე არ მაქვს ილუზია, რომ აქ, საქართველოში, ამ სამართლებრივ ბრძოლას ექნება აზრი, მაგრამ ეს იქნება პროტესტის ძალიან დიდი აქტი. მე მოვისმინე განცხადებები იურისტების, ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, რომ მიდის ფიქრი გასაჩივრებაზე.

ჩვენ მზად ვართ ყველასთან თანამშრომლობისთვის. გავაკეთოთ პროტესტის კოორდინირებული აქტი, რომელიც წერტილს დაუსვამს საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან მსგავს ბოროტებას”, — აღნიშნავს ხოშტარია.


13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა სასულიერო პირებთან, ჟურნალისტებთან და სხვებთან დაკავშირებული ასეულობით ფაილი, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-იდან არის გამოჟონილი. არაერთმა ჟურნალისტმა, მათ შორის, “ნეტგაზეთის” რეპორტიორმა, ფაილებში თავისი საუბრები ამოიცნო რესპონდენტებთან და სხვებთან.

ოპოზიციის თქმით, ფაქტი არის დასტური იმისა, თუ როგორ უსმენს და აკონტროლებს ყველაფერს სუსი. რაც შეეხება“ქართული ოცნებას”: მმართველი პარტიის რიტორიკა ბოლო დღეებში შეიცვალა:

თავდაპირველად, მმართველი გუნდის ლიდერები აღნიშნულს ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლად აფასებენ და ამაში ცალსახად ოპოზიციურ პარტიას, “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებდნენ. თუმცა ორი დღის განმავლობაში მის რიტორიკაში გაჩნდა ვერსია ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდის მიერ ინფორმაციის გატანაზე, თავად ფარული ჩანაწერების შინაარს კი ოცნებაში “ტყუილ-მართალს” უწოდებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პროცესი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს. სუს-მა განცხადება 14 სექტემბერს გაავრცელა და პროკურატურასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

“წვდომა ჰქონდათ მოსმენების სამსახურთან” — პრემიერი გახარიას გუნდზე

მასალების გადაბეჭდვის წესი