ახალი ამბები

„უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს“ — ღარიბაშვილი გახარიაზე

17 სექტემბერი, 2021 • 3844
„უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს“ — ღარიბაშვილი გახარიაზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიზისები, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გადაიტანა, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაა.

ღარიბაშვილი გახარიას ადანაშაულებს ღამის კლუბებში შეჭრაში, პანკისში სპეცრაზმის ჩაყვანაში, ასევე, 20 ივნისის აქციის ძალადობრივ დაშლაში.

„პირველი კრიზისი იყო, როცა კლუბებში შევარდა. მერე გამოვიდა და პოლიციელები აცემინა… მერე ვიღაცებს ბოდიში მოუხადა, მათ, ვინც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდა. ტყუილად, არაფრის გამო.

მეორე მთავრი კრიზისი: ჩაიყვანა სპეცრაზმი პანკისში, აბსოლუტურად გაუაზრებელი, უგუნური ქმედება. ამხელა კრიზისი შექმნა, ლამის ფართომასშტაბიანი კონფლიქტი შექმნა. აცემინა სპეცრაზმი, არცერთი კაცი არ დაუსჯია.

მერე იყო 20 ივნისის თემა, გავრილოვის ღამე, რომელიც, რა თქმა უნდა, მისი ჩავარდნაა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ იმყოფებოდა თბილისში და ვის უნდა გაეკონტროლებინა, თუ არა უსაფრთხოების საბჭოს მდივანს და ვიცე-პრემიერს, კაცს, რომლის კურატორობის ქვეშ იყო ყველაფერი. შინაგან საქმეთა მინისტრი იყო კაცი, ვერ გავიგე, საზღვარს ვინ აკონტროლებს? ვის უნდა გაეკონტროლებინა, ეს კაცი [რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი] იყო თუ არა ნამყოფი ოკუპირებულ ტერიტორიებზე? მას ჰქონდა წვდომა ყველაფერზე.

მან რა გააკეთა… ამას დამწყები სპეცრაზმელიც აუხსნის მოქალაქეს. პარლამენტის შენობა ისე არის დაცული დღეს, გამორიცხულია, ის შეანგრიო და შიგნით შეაღწიო. მეორე დღეს, როცა კრიზის გარჩევა იყო, მას ვკითხე, რატომ გამოიყვანეს გარეთ სპეცრაზმელები, რატომ აცემინეს 3 საათის განმავლობაში ნაცმოძრაობის ბრბოს სპეცრაზმელები? ჩამოშლის პირას მიიყვანა სახელმწიფო. ყველა გაგიჟებული ვიყავით.

მე პარტიის ოფისში ვიყავი ღამით და ყველა ვკითხულობდით, სად არის წყალი, გაზი? დაუშინეს მერე და მათ შორის, უდანაშაულობის ადამიანებს თვალები დათხარეს. ეს არის მისი ხელწერა“ ,— თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 17 სექტემბერს, „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

მისი თქმით, მსგავსი „უგუნური“ სპეცოპერაციებით გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების იმიჯი დააზიანა. მიხედავად ამისა, გუნდმა მაინც გადაწყვიტა მისი დაწინაურება.

„ასე გადაწყდა, ასე გადაწყვიტა გუნდმა“,— აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, გახარიას ნაბიჯები ემთხვევა სააკაშვილის ინტერესებს და მას აინტერესებს, რა ვალი აქვს გახარიას, ან რა კომპრომატები აქვთ მასზე, რომ „ვერ გათავისუფლდა და მიჰყვება პირდაპირ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი