ახალი ამბები

ჩამოვიდეს და იქნებ ქვეყანამაც დაისვენოს, როცა გამოვკეტავთ ციხეში — ღარიბაშვილი

17 სექტემბერი, 2021 • 1384
ჩამოვიდეს და იქნებ ქვეყანამაც დაისვენოს, როცა გამოვკეტავთ ციხეში — ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მას “ძალიან უნდა”, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდეს.

„ძალიან მინდა ჩამოვიდეს და იქნებ ქვეყანამაც დაისვენოს, როცა გამოვკეტავთ ციხეში“, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში დღეს, 17 სექტემბერს.

ჟურნალისტმა ღარიბაშვილს ჰკითხა იმ საერთაშორისო რეაქციაზე, რომელიც შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას მოჰყვეს საქართველოს პარტნიორებისგან. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სააკაშვილმა არაერთი დანაშაული ჩაიდინა და მის დასჯას ვერავინ შეუშლის ხელს.

„ჩვენ არავის შევეკითხებით, რომ კანონი აღსრულდეს ამ მოძალადე ადამიანის მიმართ, ვინც წლების განმავლობაში ჩაგრავდა მოსახლეობას…

თუ ჩამოვა, ის დაუყონებლივ შევა ციხეში და ამ პროცესს ვერავინ ამ ქვეყანაში, ამ მიწაზე ვერ შეეწინააღმდეგება. ვინც შეეწინააღმდეგება, სახელმწიფო კანონის სახელით ყველას ადგილს მიუჩენს“, — აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ის ირწმუნება, რომ აქვს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს „უცხოელი მეგობრების დაჟინებული თხოვნა, მუქარაა სააკაშვილის მიმართ, რომ არ ჩამოვიდეს თბილისში“.

თუმცა ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ მას არ სჯერა სააკაშვილის ჩამოსვლის, რადგან ეს მისგან პირველი მსგავსი დაპირება არ არის.

მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოვა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავს უკრაინას აფარებს. მას საქართველოში პატიმრობა აქვს მისჯილი, მათ შორის, სანდრო გირგვლიანის საქმესთან, ასევე დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემასთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი