ახალი ამბები

მეგის ქარდავა საქართველოში ექსტრადირებულია

17 სექტემბერი, 2021 • 5559
მეგის ქარდავა საქართველოში ექსტრადირებულია

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, რომელიც უკრაინაში იყო დაკავებული, უკრაინამ საქართველოს დღეს, 17 სექტემბერს გადმოსცა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დროისთვის გენერალურ პროკურატურაში განცხადებას არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ 18:00 საათზეა ბრიფინგია დანიშნული.

მეგის ქარდავა საქართველოში უკრაინიდან სპეცრეისით ჩამოიყვანეს. მას ტრაპთან პენიტენციური სამსახურის ავტომობილი დახვდა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს მეგის ქარდავა სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა შსს-სა და თავდაცვის სამინისტროში.

ქარდავა წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, ყველა იმ უწყებაში მუშაობდა, სადაც ყოფილი შს და თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია იკავებდა ხელმძღვანელი პირის პოზიციას.

2006 წელს #7 საპყრობილის დირექტორი იყო. 2007–2009 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრი გახდა, მეგის ქარდავამ სამხედრო პოლიციის უფროსის პოსტი დაიკავა. 2012 წელს, მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაია შს მინისტრად დანიშნეს, მეგის ქარდავაც შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავიდა.

ქარდავას არაერთგზის ადანაშაულებდნენ ადამიანების წამებასა და დამცირებაში. რამდენიმე ასეთი ეპიზოდი სახალხო დამცველის რამდენიმე ანგარიშშიც მოხვდა.

მეგის ქარდავამ საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მალევე დატოვა, 2013 წლის 13 თებერვლიდან კი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა.

2017 წლის პირველ ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა ცნობა, რომ მისი შუამდგომლობის საფუძველზე, უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი ქარდავა დააკავეს. ამის შემდეგ ქართული მხარე მის ექსტრადირებას ითხოვს.

2018 წლის დეკემბერში უკრაინამ მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალა.

ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში, ქარდავას წინააღმდეგ არაერთი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. პროკურატურის თანახმად, ყოფილი მაღალჩინოსანი:

  • მსჯავრდებულია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები, და მისჯილი აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
  • მსჯავრდებულია პატიმართა წამების საქმეზე (ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე), სსკ-ს 1441 მუხლის მეორე ნაწილით. მისჯილი აქვს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
  • მსჯავრდებულია ე.წ. „კასრების“ საქმეზე, საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ზ“და „ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
  • მსჯავრდებული ბ.რ-ს წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 -ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტით და მისჯილი აქვს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
  • მსჯავრდებულია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“, ,,ზ“ ქვეპუნტებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დაუსწრებლად იხილებოდა რამდენიმე სხვა საქმეც, რომლებშიც ასევე ფიგურირებს ქარდავა.

თავად ყოფილი მაღალჩინოსანი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს მათ.

დაკავებულია და დაწყებულია მისი ექსტრადიციის პროცედურა საქართველოში. აღნიშნილის შესახებ “ნეტგაზეთს” საქართველოს მთავარ პროკურატურაში 11 სექტემბერს განუცხადეს. უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

მანამდე ფეისბუქზე განცხადება გაავრცელა თავად მეგის ქარდავამ. მისი თქმით, უკრაინიდან საქართველოში მისი ექსტრადიციის პროცესი “დაჩქარებულია”, რაც “პოლიტიკური შეთანხმების აქტია” კიევსა და თბილისს შორის.

განახლება: პროკურატურამ დღეს, 17 სექტემბერს 18:00 საათზე სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც იმ საქმეთა სრული ნუსხა დაასახელა, რომლის ფარგლებშიც მეგის ქარდავა ან მსჯავრდებულია, ან ბრალდებული. საქმეთა ჩამონათვალი ნახეთ აქ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი