ახალი ამბები

“გირჩი — მეტი თავისუფლების” წევრები სუს-თან საკუთარი ავტომობილის დამტვრევისას დააკავეს

16 სექტემბერი, 2021 • 1042
“გირჩი — მეტი თავისუფლების” წევრები სუს-თან საკუთარი ავტომობილის დამტვრევისას დააკავეს

“გირჩი — მეტი თავისუფლების” წევრებმა თბილისში, სუს-თან გამართული აქცია-პერფორმანსის ფარგლებში, “შკოდის” მარკის ავტომობილი დალეწეს.

როგორც “გირჩი — მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მანქანა მისი კუთვნილებაა. ჯაფარიძის თქმით, სუს-ის თანამშრომლები, როგორც წესი, “შკოდის” მარკის ავტომობილებით გადაადგილდებიან და სუს-ის სიმბოლოს დამტვრევით საყოველთაო თვალათვალს აპროტესტებენ.

“ეს მორდორი უნდა დაინგრეს და დაილეწოს ზუსტად ისე, როგორც მათი სიმბოლო “შკოდა ოქტავია” დაილეწება ახლა”, — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ, რის შემდეგაც “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრებმა ავტომანქანის დამტვრევა დაიწყეს. საპატრულო პოლიცია თავდაპირველად შეეცადა მათ შეჩერებას იმ მოტივით, რომ ადამიანები დაშავდებოდნენ, შემდეგ კი დააკავეს აქციის ორი მონაწილე — ნიკა მოსიაშვილი და ბორის ყურუა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი