ახალი ამბები

“ცოცხალი ხომ არის, ჯანმრთელად?” — ოდიშარია “ოცნების” ოფისში დაშავებულ ოპერატორზე

16 სექტემბერი, 2021 • 1530
“ცოცხალი ხომ არის, ჯანმრთელად?” — ოდიშარია “ოცნების” ოფისში დაშავებულ ოპერატორზე

მმართველი პარტიის დეპუტატი ბექა ოდიშარია მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” ქარელის ოფისში “მთავარი არხის” ოპერატორის, ლევან აბლოთიას ფიზიკურ დაზიანებას წინ უძღოდა მხოლოდ და მხოლოდ “ძალიან მსუბუქი ძიძგილაობა”  და ეს არ ყოფილა “ჩხუბი და მუშტი-კრივი”.

“მთავარი არხის” იფნორმაციით, ოპერატორ ლევან აბლოთიას “ოცნების” ოფისში მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა უჯიკეს, რის შედეგადაც აბლოთია მოაჯირიდან გადავარდა და სხეულის დაზიანებები მიიღო. შემთხვევა გუშინ, 15 სექტემბერს მოხდა.

“მთავარი არხის” ჟურნალისტმა დეპუტატ ბექა ოდიშარიას ტელეფონით დღეს აჩვენა ინციდიენტის ამსახველი ვიდეო, რის შემდეგაც ოდიშარიამ თქვა:

“ადამიანები ერთმანეთში ძიძგილაობენ, თან, ძალიან მსუბუქად. აქ არ არის არც ჩხუბი და არც მუშტი-კრივი… ოფისში თუ შემოუვარდები ადამიანს და ადამიანი გეუბნება, გაბრძანდიო, როგორ მიგითითოს… ადამიანი ცოცხალი ხო არის? ჯანმრთელად. ღმერთმა კარგად ამყოფოს, თუ ვინმემ ვინმეს ხელი ჰკრა და განზრახ ჩაიდინა ეს, ბუნებრივია, უნდა დაისაჯოს. პარტია, მათ შორის, არის სივრცე ადამიანების, სადაც ისინი მუშაობენ.

თუ ვინმე უვარდებათ, ადამიანებს აქვთ უფლება, რომ მიუთითონ და თუ ადამიანს არ ესმის, შეიძლება იყოს რაღაც გარკვეული, ისეთი… რა თქმა უნდა, მუშტი-კრივი არა, ღმერთმა დაიფაროს და არც არის აქ [ვიდეოში] მუშტიკრივი, სთხოვენ, რომ გაბრძანდიო. ეს. რაც შეეხება ბექა ყორშიას, ის უზრდელი არის-მეთქი, გეუბნებით და სხვა რა გითხრა, აღარ ვიცი”, — უთხრა ოდიშარიამ “მთავარ არხს”.

თავად ლევან აბლოთიამ დღეს, 16 სექტემბერს განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” აივნიდან გადმოაგდეს.

“თუ გნახავდით, არ მეგონა. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ ცოტა რთული გასახსენებელია… სად არ გვიმუშავია ჟურნალისტებს, ოპერატორებს, სად რა არ გაგვიშუქებია ცხელი წერტილებიდან, მაგრამ მსგავსი აგრესია და ძალადობა ადამიანის მიმართ სრულიად უცნობი ადამიანებისგან არსად არ მინახავს, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ამათი ხელიდან ადამიანი მკვდარია დაუფიქრებლად.

მე და ჩემი ჟურნალისტი ბექა ყორშია ქარელში ვიმყოფებოდით, ჟურნალისტურ საქმიანობას ვასრულებდით, რა დროსაც “ქართული ოცნების” ოფისში მივედით. არ ვიცი, ნახეთ თუ არა, როგორ გამოჰყავთ შიგნიდან ბექა ყორშია, ამის შემდეგ მეც გამოვედი იმიტომ, რომ ჩემი ჟურნალისტი ძალის გამოყენებით გამოყვანილი იყო გარეთ.

ეს ხალხი მერე ოფისში ჩაიკეტა, ჩვენ გარეთ ვიყავით, აივანზე, შიგნით იყვნენ, შუქებიც ჩააქრეს და შემდეგ, როცა მე და ბექა “სტენდაფს” ვწერდით, ისევ გამოვარდა 4 თუ 5 ადამიანი და ზოგი უკნიდან კამერის წართმევას ცდილობდა, ზოგი- წინიდან, და ვარიდებდი თავს, როგორც ხდება ხოლმე. უკან მივდიოდი. მინდოდა, რომ დისტანცია ყოფილიყო ჩემსა და იმ აგრესორ ადამიანს შორის, რა დროსაც მოაჯირი ყოფილა უკან და ამ ჭიდაობასა და ხელის კვრაში წონასწორობა დავკარგე და გადავვარდი. უბრალოდ თავს ვიცავდი, მაგრამ ვერ დავიცავი ბოლომდე თავი და მოხდა ის, რაც მოხდა, გადმომაგდეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით”, — განაცხადა ლევან აბლოთიამ.


გუშინ, 15 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისში სიუჟეტის გადაღებისას „მთავარი არხის“ ოპერატორი დაშავდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა.

როგორც ტელეკომპანიის ჟურნალისტი ბექა ყორშია ჰყვება, ის და აბლოთია „ოცნების“ ოფისში ერთად იმყოფებოდნენ, რა დროსაც, მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

თავად მმართველ პარტიაში ამ ვერსიას უარყოფენ. მისი ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპერატორი ოფისის მეორე სართულიდან არ გადმოუგდიათ, არამედ თავად “წამოედო მოაჯირს და გადმოვარდა”.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ დღეს, 16 სექტემბერს “ქართული ოცნების” ოფისში გამართა ბრიფინგი და აჩვენა ვიდეო, სადაც ჩანს რომ სავარაუდოდ ლევან აბლოთია და ბექა ყორშია “ოცნების” ოფისის ქვემოთ გადაადგილდებიან. მდინარაძის განცხადებით ეს კადრები აივნიდან ოპერატორის გადმოვარდნის შემდეგ არის გადაღებული. მისი თქმით, ამ ვიდეოთი ირკვევა, რომ აბლოთია გადმოვარდნის შემდეგ უგონო მდგომარეობაში არ ყოფილა, როგორც ამას “მთავარი არხის” წარმომადგენლები ამბობდნენ. თუმცა ვიდეოში არ ჩანს კადრი, თუ როგორ ეცემა აბლოთია.

მასალების გადაბეჭდვის წესი