ახალი ამბები

ევროპარლამენტი რუსეთის მიმართ ახალი პოლიტიკის შემუშავებას ემხრობა

16 სექტემბერი, 2021 • 1068
ევროპარლამენტი რუსეთის მიმართ ახალი პოლიტიკის შემუშავებას ემხრობა

ევროპარლამენტმა 494 ხმით 103-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დეპუტატ ანდრიუს კუბილიუსის მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელიც ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას და უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო ურთიეთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში რუსეთის მიმართ ახალი სტრატეგიის შემუშავების რეკომენდაციას აძლევს.

ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების შეფასებით, ევროპარლამენტი ზღვარს ავლებს რუს ხალხსა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეჟიმს შორის. ეს უკანასკნელი შეფასებულია, როგორც “სტაგნაციაში მყოფი ავტორიტარული კლეპტოკრატია, რომელსაც ოლიგარქებით გარშემორტყმული მუდმივი პრეზიდენტი მართავს”. ევროპარლამენტის რეკომენდაციაა, ევროკავშირმა უკუაგდოს აგრესიული პოლიტიკა, ჩაუყაროს რა საფუძველი მომავალ დემოკრატიულ რუსეთთან თანამშრომლობას და შეიმუშაოს ახალი სტრატეგია ასეთი სცენარისთვის.

კერძოდ, დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირს, აშშ-თან და სხვა თანამოაზრეებთან ალიანსით დააბალანსოს  რუსეთისა და ჩინეთის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია დესტაბილიზაციისა და ევროპული დემოკრატიული წესრიგის დასუსტებისკენ. მათ შორის, განჭვრიტოს სანქციები საჭიროებისამებრ, შეიმუშაოს პოლიტიკა უკანონო ფინანსების ბრუნვის წინააღმდეგ და მხარი დაუჭიროს შიდადემოკრატიულ პროცესებს და ადამიანის უფლებათა აქტივისტებს რუსეთში.

ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ საჭიროა რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულების შემცირება სულ მცირე იმ დროის განმავლობაში, სანამ პუტინი ხელისუფლებაშია.

ევროპარლამენტარები ევროკავშირს მოუწოდებენ, მოემზადოს რუსეთის 2021 წლის საპარლამენტო არჩევნების არაღიარებისთვის, თუ დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულვებელყოფით ჩაივლის.

რეზოლუციაში საუბარია რუსეთის მეზობელი, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების მხარდაჭერაზეც, საქართველოს ჩათვლით. აღნიშნულია რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინის მიმართ და ნათქვამია, რომ ევროკავშირმა ხელი უნდა შეუწყოს ევროპულ რეფორმებს და ფუნდამენტურ თავისუფლებების გაძლიერებას რეგიონში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან უსაფრთხოების სფეროში კოორდინაცია ევროკავშირმა არ უნდა განიხილოს მხოლოდ ნატო-ს გაფართოების პრიზმაში, არამედ თავად იყოს უფრო ამბიციური ადგილზე უსაფრთხოების გამოწვევების შეფასებისას და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციაში განიხილოს აღმოსავლეთ პარტნიორობის მეგობარი ქვეყნებისთვის თავდაცვითი აღჭურვილობის მიწოდების შესაძლებლობა; ასევე, ევროპის თავდაცვის სააგენტოს გავლით, გააძლიეროს მათთან თანაშრომლობა  ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინფორმაციულობა და კიბერმედეგობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი