ახალი ამბები

ქარელის შემთხვევა “ოცნების” აგრესიული პოლიტიკის შედეგია – მედიაკოალიცია

16 სექტემბერი, 2021 • 621
ქარელის შემთხვევა “ოცნების” აგრესიული პოლიტიკის შედეგია – მედიაკოალიცია
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” გმობს  “მთავარი არხის” ოპერატორის, ლევან აბლოთიას და ჟურნალისტის, ბექა ყორშიას მიმართ გამოვლენილ ძალადობას.
“მიგვაჩნია, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს ქარელში მაუწყებლის გადამღები ჯგუფის შეზღუდვა და ოპერატორის დაზიანება ასევე მოიცავს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებს, რაც გამოძიების პროცესში გასათვალისწინებელი გარემოებაა”, — ნათქვამია კოალიციის “მედიის ადვოკატირებისთვის” განცხადებაში.
კოალიციას მიაჩნია, რომ ქარელში მომხდარი შემთხვევა მმართველი პარტიის აგრესიული პოლიტიკის შედეგია და “ქართულ ოცნებას”  მიმართავს, არ წაახალისოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობა. ასევე, მოუწოდოს საკუთარ მხარდამჭერებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ჟურნალისტებზე თავდასხმა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა.

გუშინ, 15 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისში სიუჟეტის გადაღებისას „მთავარი არხის“ ოპერატორი დაშავდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა.

როგორც ტელეკომპანიის ჟურნალისტი ბექა ყორშია ჰყვება, ის და აბლოთია „ოცნების“ ოფისში ერთად იმყოფებოდნენ, რა დროსაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

თავად მმართველ პარტიაში ამ ვერსიას უარყოფენ. მისი ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპერატორი ოფისის მეორე სართულიდან არ გადმოუგდიათ, არამედ თავად “წამოედო მოაჯირს და გადმოვარდა”.

აბლოთიამ მენჯ-ბარძაყისა და ნეკნის მოტეხილობა მიიღო და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე, გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი