ახალი ამბებირეკლამა

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მესამე წიგნის ფლიმარკეტი, დედაენის ბაღში გაიმართება

16 სექტემბერი, 2021 • 681
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მესამე წიგნის ფლიმარკეტი,  დედაენის ბაღში გაიმართება

18-19 სექტემბერს, დედაენის ბაღში, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მესამე წიგნის ფლიმარკეტი გაიმართება. ამჯერად, ფლიმარკეტის თემა, ახალი სასწავლო წლის დაწყებაა.

კერძო პირების, ბუკინისტებისა და წიგნის მაღაზიების მიერ ფასდაკლებით გამოტანილი ახალი თუ მეორეული წიგნების გარდა, ფლიმარკეტის სტუმრებს დახვდებათ სასკოლო თუ საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები და საკანცელარიო ინვენტარი. ასევე, ხელნაკეთი ნივთები, სუვენირები, სამაგიდო თამაშები და სხვა. 

განსაკუთრებული გასართობი ელით სამაგიდო თამაშების მოყვარულებს: ორი დღის განმავლობაში, წიბახას, თელავისა და ქუთაისის კლუბები, მათ საინტერესო და თავბრუდამხვევ აქტივობებს შესთავაზებენ. 

აქვე იქნება მოწყობილი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქისა“ და საქართველოს ბანკის კუთხეები, განტვირთვისა და დასვენებისთვის.

ფლიმარკეტი კოვიდრეგულაციების სრული დაცვით, ღია ცის ქვეშ ჩატარდება. წიგნებისა თუ სხვა ნივთების გაყიდვის მსურველებმა, უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია. 

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი