ახალი ამბები

სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილი ფაილების საქმეზე ჟურნალისტები პროკურატურაში დაიბარეს

15 სექტემბერი, 2021 • 1049
სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილი ფაილების საქმეზე ჟურნალისტები პროკურატურაში დაიბარეს

გავრცელებული ფაილების საქმეზე ჟურნალისტები პროკურატურაში დაიბარეს. მათ შორის არიან ტელეკომპანია „პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტები.

„ფორმულას“ ცნობით, პროკურატურის წარმომადგენლებმა რამდენიმე საათის წინ დაურეკეს რეპორტიორებს – მარტა ქურასბედიანსა და ქეთი ნადიბაიძეს და უწყებაში გამოცხადება სთხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიის ცნობით, გავრცელებულ ფაილებში არცერთის სახელი არ ფიგურირებს.

„დაბარებული ვარ გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით, ასე განმიმარტა გამომძიებელმა. ჯერჯერობით არ ვიცი, რა კითხვები ექნება პროკურატურას, სატელეფონო საუბარში ამაზე არ გვისაუბრია. თუმცა, სავარაუდოდ, ეს უკავშირდება ჩემს სამსახურეობრივ საქმიანობას“, – ამბობს ქეთი ნადიბაიძე „ფორმულასთან“ და ამატებს, რომ ხვალ უწყებაში უფლებადამცველთან ერთად მივა.

დაბარების იმავე მიზეზებზე საუბრობს მარტა ქურასბედიანიც. ისიც განმარტავს, რომ პროკურატურაში ადვოკატთან ერთად მივა და უპასუხებს კითხვებს. თუმცა – „ჩვენ გვაქვს ჩვენი ჟურნალისტური უფლება და მოვლეობა, რომ თუნდაც ჩვენი წყარო არ გავთქვათ. თუმცა ახლა ამ დეტალებში არ შევალ,“.

პროკურატურაში უკვე მივიდა „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი – ნოდარ მელაძე. უწყებასთან მისვლისას მან ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ პასუხისგებაში უნდა მიეცეს ხელმძღვანელობა, ვინც ფარულ მოსმენებს კურირებდა და ბრძანებებს იძლეოდა.

„ერთი კონკრეტული ადამიანი არ უსმენდა ამას, ამას უსმენდა მთელი ბრიგადა. ამას უსმენდა და კითხულობდა სახელმწიფო ელიტა და არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ სუს-ში კი არ ილექებოდა, გადარჩეული სახით ეგზავნებოდა, მაღალი რანგის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას“, – აცხადებს ის და ამატებს, რომ დღეს ადვოკატთან ერთად მივიდა საგამოძიებო უწყებაში.


13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა სასულიერო პირებთან, ჟურნალისტებთან და სხვებთან დაკავშირებული ასეულობით ფაილი, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-სგან არის გამოჟონილი. არაერთმა ჟურნალისტმა ფაილებში თავისი საუბრები ამოიცნო რესპონდენტებთან და სხვებთან.

ოპოზიციის თქმით, ფაქტი არის დასტური იმისა, თუ როგორ უსმენს და აკონტროლებს ყველაფერს სუსი. “ქართლი ოცნების” ლიდერები აღნიშნულს ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლად აფასებენ და ამაში ოპოზიციურ პარტია “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პროცესი კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.

სუს-მა განცხადება 14 სექტემბერს გაავრცელა და პროკურატურასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი