ახალი ამბები

კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციურ ჩატებში პროვოკაციებს გეგმავენ

15 სექტემბერი, 2021 • 1462
კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციურ ჩატებში პროვოკაციებს გეგმავენ

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ “ნაციონალური მოძრაობიდან” მოიპოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც წინასაარჩევნოდ “მძიმე პროვოკაციები” იგეგმებოდა. ამის შესახებ მან დღეს, 15 სექტემბერს, გამართულ  ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც კობახიძე აცხადებს, ინფრომაცია “ენმ-ის ოფისიდან ჟონავს” და  არანაირი კავშირი არ აქვს რომელიმე სახელმწიფო უწყებასთან.

მისი თქმით, იმის გამო, რომ წინასაარჩევნო გარემო “უპრეცედენტოდ მშვიდობიანი და მშვიდია” ენმ-ს და ოპოზიციურ ტელევიზიებს სურთ, არჩევნებს ჩრდილი მიაყენონ.

“სწორედ ამ შეშფოთების გამოძახილი იყო აღნიშნული ტელევიზიების იმ ტყუილ-მართალი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც წინასაარჩევნო ემოციური ფონის გაუარესებას ემსახურებოდა.

თუმცა მათ საკუთარ მიზანს ვერ მიაღწიეს, მეტიც, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ ეს ადამიანები არიან რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფების წარმომადგენლები, რომელთა მიზანი ჩვენი ეროვნული იდენტობის ორი უმთავრესი საყრდენის, სახელმწიფოსა და ეკლესიის შერყევაა.

ამ ფონზე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საუბრები მძიმე პროვოკაციაზე, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაში უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო აქტიურად წარიმართება. “საჭიროა მსხვერპლი”, “გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში” – ეს არის ფრაზები “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის “სირცხვილიას” წევრების საუბრებიდან და ჩატებიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ყოველდღიურად ჟონავს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისებიდან”, – აცხადებს კობახიძე.

კობახიძემ ბრიფინგზე რამდენიმე ციტატა წაიკითხა, რომელიც მისი მტკიცებით, ენმ-ის ჩატებიდანაა.

“გვაქვს ინფორმაცია, რომ  შედგა საუბარი ენმ-ის წარმომადგენლებს შორის იმის შესახებ, რომ პარტიისა და პარტიული ტელევიზიების შენახვა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დოლარი უჯდებათ, როცა ვციტირებ ” ამის მეათედ თანხად შეიძლება ქილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება”.

ასევე “სირცხვილიას” ერთ-ერთ წარმომადგენელს ენმ-ის ლიდერებმა სთხოვეს რამდენიმე ჩატში ამ იდეის დატესტვა. ყველამ ვიცით, რა ღირებულებების მატარებლები არიან  ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, ყველაზე მძიმე პროვოკაციაზე წასვლაც კი მათგან არავის გაუკვირდება.

რადიკალური ოპოზიცია პრაქტიკულად არ ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას, არ აქვს საარჩევნო პროგრამები, არ ხვდება და არ ესაუბრება ხალხს. აშკარაა, რომ მათი საარჩევნო სტრატეგია თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესების ხელოვნურ პოლარიზაციაზე, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე, სიცრუესა და პროვოკაციებზე იქნება აგებული.

მოვუწოდებთ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, არ გაბედონ პროვოკაციების მოწყობა ქვეყანაში მშვიდი წინასაარჩევნო გარემოს დასამძიმებლად. ასევე, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად იზრუნონ წინასაარჩევნო პროვოკაციების პრევენციაზე”, – ამბობს კობახიძე.

ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ თუ მტკიცებულებები იქნება დამატებით საჭიროება, ამაზეც შეუძლიათ საზოგადოებას ესაუბრონ.

“ამ შემთხვევაშიც იციან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა, რომ მწარედ აგებენ არჩევნებს და ასეთ შემთხვევაში, როცა მოშლილია გუნდი, ოფისებიდან ჟონავს ინფორმაცია. შარშანაც ჟონავდა ამგვარი ტიპის ინფორმაციაები მათი ოფისებიდან როგორც კიევიდან, ისე თბილისიდან. ეს არის ჩვენთვის ინფორმაციის წყარო და არანაირი კავშირი არა აქვს რომელიმე სახელმწიფო უწყებასთან. ეს არის ოფისებიდან გამოტანილი ინფორმაცია, რაც შეეხება მტკიცებულებებს, თუ იქნება დამატებით საჭიროება, ამაზეც შეგვიძლია, საზოგადოებას ვესაუბროთ”, – განაცხადა კობახიძემ.


ინტერნეტში, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი აიტვირთა. ბმული, რომელზეც ფაილებია ატვირთული, მედიასაშაულებებმა მიიღეს ჰაკიმ ფაშას სახელით, სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ”. ფაილებში წარმოდგენილია, სავარაუდოდ, 2014 წლიდან 2021 წლამდე ფარული მიყურადებით მოპოვებული წერილობითი ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი