ახალი ამბები

ზესტაფონში ამანათები დაარიგეს — ამომრჩევლის მოსყიდვა თუ ჰუმანიტარული დახმარება?

16 სექტემბერი, 2021 • 1983
ზესტაფონში ამანათები დაარიგეს — ამომრჩევლის მოსყიდვა თუ ჰუმანიტარული დახმარება?

“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ზესტაფონში ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით, სასურსათო პროდუქტები დაარიგეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ პრესკონფერენცია გამართა და გაასაჯაროვა ვიდეომასალა, რომელშიც ზესტაფონის მერიის დასუფთავების სამსახურის მონაწილეობით ამანათების გაცემაა ასახული.

“საზოგადოებას შევპირდით, რომ გავაგრძელებთ „ქართული ოცნების“ მიერ ადმინისტრაციული რესურსის და მათ შორის, საარჩევნო მძიმე დარღვევების გამოაშკარავებას. ყველა ამ დარღვევის შესახებ ეცნობება საერთაშორისო მისიებს. თქვენ ხედავთ კადრში, როგორ იყენებს ზესტაფონის მერია დასუფთავების სამსახურის მთელ ადმინისტრაციულ რესურსს და ადგილი აქვს ადამიანების მოსყიდვას. ეს არის დასუფთავების სამსახურის უფროსი ოლეგ შველიძე. მივმართავ ყველას შესაბამის უწყებას, ჰქონდეს ამ დარღვევებზე რეაგირება“, — განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

“მთავარი არხი” “ქართული ოცნების” სახელით დაუკავშირდა რამდენიმე მოქალაქეს, რომელმაც თქვა, რომ პროდუქტი მიიღო და იცის, რომ არჩევნებზე 41 ნომერი უნდა შემოხაზოს.

ზესტაფონის მერიაში ამანათების გაცემას ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ ეს ხდება “წითელ ჯვართან” ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რაც კოვიდპანდემიით დაზარალებული ბენეფიციარების დახმარებას ითვალისწინებს და ამომრჩეველთა მოსყიდვას უარყოფენ.

“პროექტი აპრილიდან მიმდინარეობს და ვეხმარებით სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს, რომელსაც მერია და “წითელი ჯვარი” ერთობლივად არჩევენ. ძირითადად ესენი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც კოვიდპანდემიით განსაკუთრებით დაზარალდნენ”, — განუცხადეს “ნეტგაზეთს” ზესტაფონის მერიაში.

საქართველოს “წითელი ჯვრის” წარმომადგენელი ზესტაფონში კოტე შავაძე ამბობს, რომ მერიასთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ჰუმანიტარულ დახმარებისთვის 20-20 ათასს მერია და “წითელი ჯვარი” გამოყოფენ და ყოველთვიურად, დაახლოებით, 8-15 ოჯახს ეხმარებიან ამანათებით, რომლებშიც სურსათი და პირადი ჰიგიენის საშუალებები შედის. შარვაძე ამბობს, რომ “წითელი ჯვრის” ოფისი მერიაშია განთავსებული და ამანათების გაცემა ზოგჯერ მერიის შენობიდან ხდება, ზოგჯერ, პირადად არიგებს, თუმცა ყველა ამანათს მიკრული აქვს წითელი ჯვრის სტიკერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი