ახალი ამბები

GDI: სუს-ის მეთვალყურეობისგან ქვეყანაში არცერთი ჯგუფი, პირთა წრე, ინდივიდი არ არის დაცული

14 სექტემბერი, 2021 • 969
GDI: სუს-ის მეთვალყურეობისგან ქვეყანაში არცერთი ჯგუფი, პირთა წრე, ინდივიდი არ არის დაცული

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის(GDI) განაცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების პირადი კომუნიკაციის, პირადი ცხოვრების უკანონო მიყურადების შესახებ სხვადასხვა არხის ეთერში გასული მასალა კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში არსებულ მასობრივი კონტროლის და ადამიანის უფლებების შელახვის უმძიმეს პრაქტიკაზე.

“დღეს სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერში გავრცელებულმა ინფორმაციამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სასულიერო პირებისჟურნალისტებისმასწავლებლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სავარაუდო უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების ფაქტების შესახებ კიდევ უფრო გაამყარა საზოგადოებაში არსებული ეჭვები ქვეყანაში ადამიანის კერძო სფეროში უკანონოდ ჩარევის მძიმე პრაქტიკის არსებობის თაობაზე. გავრცელებული ინფორმაცია მეტყველებს იმაზე, რომ სუს-ის კონტროლის და მეთვალყურეობისგან ქვეყანაში არცერთი ჯგუფი, პირთა წრე, ინდივიდი არ არის დაცული”, – აცხადებს GDI.

ორგანიზაციის განცხადებით, სუსტი კონტროლისა და ანგარიშვალდებულების არარსებობის ფონზე, ნაკლებად სავარაუდოა რეალური დამნაშავეების იდენტიფიცირება და მათი ქმედების კანონის შესაბამისად დასჯა.

“ამის საპირისპიროდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი ჭარბი უფლებამოსილებით და მძლავრი ბერკეტებით, მასობრივი კონტროლის მექანიზმად ჩამოყალიბდა ქვეყნაში, რასაც დამატებით ხელს უწყობს პარლამენტის მიერ სუს-ის ოპერატიულ ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერება.

არსებული შიდა თუ საგარეო საფრთხეების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირითადი რესურსი კვლავ კონკრეტული ჯგუფების პირადი ცხოვრების უკანონოდ მიყურადებასა და ტოტალური კონტროლის მექანიზმის ჩამოყალიბებაზე იხარჯება, რაც მას მკაცრად პოლიტიზებულ, გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების ინტერესების სადარაჯოზე მყოფ უწყებად აქცევს, რომელიც კონკრეტული ჯგუფის პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას, თვალთვალით, დაშინების და შანტაჟის ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს”, – აცხადებს ორგანიზაცია.

GDI-ს განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადამიანის უფლებების დარღვევის ინსტრუმენტად ჩამოყალიბებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც  მათი თქმით, “თანმიმდევრული ნაბიჯებით ხელი შეუწყო ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირებას და გაძლიერებას, რომელთათვისაც უცხოა ადამიანის უფლებების ცნება და შინაარსი”.

მათივე თქმით, სისტემის გაჯანსაღების ერთადერთი გზა შესაბამისი პოლიტიკური ნებაა, რომლის არარსებობის პირობებში ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევის ფაქტები ხელისუფლების პირდაპირ განზრახვად უნდა განიხილებოდეს.


13  სექტემბერს ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა სასულიერო პირებთან დაკავშირებული ასეულობით ფაილი, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-სგან არის გამოჟონილი. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს არის დასტური იმისა, თუ როგორ უსმენს და აკონტროლებს ყველაფერს სუსი. “ქართული ოცნების” ლიდერები აღნიშნულს ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლად აფასებენ და ამაში ოპოზიციურ პარტია “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი