ახალი ამბები

სუსი არა, უფრო სსს – სახელმწიფო საშიშროების სამსახურია – კონსტანტინე ჭინჭარაული

14 სექტემბერი, 2021 • 1964
სუსი არა, უფრო სსს – სახელმწიფო საშიშროების სამსახურია – კონსტანტინე ჭინჭარაული

მცხეთის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი კონსტანტინე ჭინჭარაული ადასტურებს მასსა და მის ძმას, არქიმანდრიტ დავით ჭინჭარაულს შორის საუბარს, რომელიც სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებში მოხვდა. ამის შესახებ სასულიერო პირმა “ტვ პირველთან” ისაუბრა.

გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, კონსტანტინე ჭინჭარაული ძმას ესაუბრა ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პრობლემაზე. დავით ჭინჭარაული პრობლემის შესახებ ესაუბრა მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს  და დახმარება სთხოვა. აღნიშნულ საუბარს ადასტურებს სასულიერო პირიც.

“დავითს ველაპარაკე, მაშინ [ირაკლი] კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო და ვთხოვეთ უბრალოდ დახმარება”, – ამბობს კონსტანტინე ჭინჭარაული “ტვ პირველთან”.

როგორც სასულიერო პირი ამბობს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო საშიშროების სამსახურად იქცა.

“როგორც გამოიკვეთა, სუსი არ არის, უფრო არის სსს – სახელმწიფო საშიშროების სამსახური[…] თუ ასე უსმენს ყველა ადამიანს, ის უსაფრთხოება აღარ არის, საშიშროებაა. სახელმწიფო საშიშროებადაა გადაკეთებული”, – ამბობს კონსტანტინე ჭინჭარაული.


13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა სასულიერო პირებთან დაკავშირებული ასეულობით ფაილი, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-სგან არის გამოჟონილი. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს არის დასტური იმისა, თუ როგორ უსმენს და აკონტროლებს ყველაფერს სუსი. “ქართული ოცნების” ლიდერები აღნიშნულს ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლად აფასებენ და ამაში ოპოზიციურ პარტია “ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი