ახალი ამბები

ბელარუსული არასამთავრობო: არჩევნებზე ბელარუსის ცესკოს დამკვირვებლობა მიუღებელია

14 სექტემბერი, 2021 • 1157
ბელარუსული არასამთავრობო: არჩევნებზე ბელარუსის ცესკოს დამკვირვებლობა მიუღებელია

ბელარუსული არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებადამცველები თავისუფალი არჩევნებისთვის” (Human Rights Defenders for Free Elections) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწოდებს, გადახედოს იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბელარუსის ცესკოს წარმომადგენლებიც დააკვირდებიან.

ამის შესახებ ორგანიზაციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოს ცესკოს მიმართ იმედგაცრუება და გაკვირვება გამოხატა.

ორგანიზაციის თქმით, 1996 წლიდან მოყოლებული ეუთოს ბელარუსში ჩატარებული არცერთი არჩევნები არ უღიარებია თავისუფლად და სამართლიანად. ამასთან, ორგანიზაციამ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას შეახსენა, რომ ბელარუსში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე არსებულმა დარღვევებმა და “ბელარუსის ცესკოს მიერ კენჭისყრის შედეგების გაყალბებამ” ქვეყანაში საპტროტესტო ტალღა გამოიწვია, რამაც ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანა, რაც დღემდე გრძელდება.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს იმასაც, რომ ბელარუსის ცესკოს ზოგიერთი წევრი, მათ შორის მისი თავმჯდომარე ლიდია ერმოშინა, ევროკავშირის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა.

“ასეთ ვითარებაში ბელარუსის ცესკოს წარმომადგენლების და მისი თავმჯდომარის, ლიდია ერმოშინას საქართველოს არჩევნებში დამკვირვებლად მონაწილეობა მიუღებელია და რეალურად აღქმული იქნება საქართველოს ინსტიტუტების, კერძოდ კი ცესკოს მიერ ბელარუსში ჩატარებული არჩევნების ფალსიფიკაციების მოწონებად.

ჩვენ მოგიწოდებთ, გადახედოთ გადაწყვეტილებას და ამით მხარი დაუჭიროთ ბელარუს ხალხს, რომელიც დემოკრატიისთვის იბრძვის”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

განცხადება 14 სექტემბრით თარიღდება. იმავე დღეს ბელარუსში მოქმედი გამოცემა “ინტერფაქსი” ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაუკავშირდა, სადაც უარყვეს ინფორმაცია, რომ უწყების თავმჯდომარე ლიდია ერმოშინა უშუალოდ დააკვირდება საქართველოს არჩევნებს. თუმცა, მათივე თქმით, საქართველოში დამკვირვებლის სტატუსით უწყების ორი წარმომადგენელი მოემგზავრება.


2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებთან ერთად, ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიაც დააკვირდება.

ბელარუსის საარჩევნო კომისიას ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მასობრივ გაყალბებაში სდებენ ბრალს. ამ არჩევნების ოფიციალური შედეგების თანახმად, პრეზიდენტი მე-5 ვადით გახდა ალექსანდრე ლუკაშენკო.

საქართველოს ცესკოს საიტზე გამოქვეყნებულია სია იმ საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციებისა, რომლებიც 9 სექტემბრის მონაცემებით, დარეგისტრირებულები არიან თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად.

ჩამონათვალში ასევე არიან აშშ-ის საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ეუთო/ოდირი და სხვა ინსტიტუტები, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები და ზოგიერთი ქვეყნის საარჩევნო კომისიები.

ბელარუსის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისიას საქართველოს ცესკოში 2 წარმომადგენელი ჰყავს აკრედიტირებული 2 ოქტომბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად.

ეს უწყება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებსაც 2 წარმომადგენლით აკვირდებოდა.

პუტინი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო დახმარება გაუწიოს ბელარუსს: კრემლი

მასალების გადაბეჭდვის წესი