ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტრო: “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ანალიზი არარეალურია

10 სექტემბერი, 2021 • 681
ფინანსთა სამინისტრო: “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ანალიზი არარეალურია

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ ანალიზს აფასებს და აცხადებს, რომ მასში მოყვანილი რიცხვები რეალობას არ შეესაბამება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობამ” 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მოკლე ანალიზი გუშინ, 9 სექტემბერს გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება ბიუჯეტიდან 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 95 მლნ ლარით (164%-ით) გაიზარდა.

სამინისტროს შენიშვნები

სამინისტროს თანახმად, გამოქვეყნებულ “ანალიზში წარმოდგენილია 2021 წლის 6 თვის მონაცემები [და შედარებულია] წინა წლების მხოლოდ 3 თვის (მეორე კვარტლის) მონაცემებთან, ნაცვლად 6 თვის ჯამისა და, შესაბამისად, ანალიზის ფარგლებში მიღებული შედეგები არარეალურია”.

ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, მივლინების ხარჯებზე 2021 წლის 6 თვეში ნამდვილად მიიმართა 28.4 მლნ ლარი, თუმცა 2019 წელთან შედარებით, მივლინების ხარჯებზე გაწეულია 11 მლნ ლარით ნაკლები, რაც 28.2%-იანი შემცირებაა, ნაცვლად ანალიზში დაფიქსირებული 32%-იანი ზრდისა.

სამინისტრო “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ შტატგარეშე ანაზღაურების დაანგარიშებასაც არ მიიჩნევს მართებულად.

“რაც შეეხება შტატგარეშეების ანაზღაურების ნაწილს, რომლის თაობაზეც ანგარიშში მითითებულია, რომ 2020 წელთან შედარებით, ზრდა შეადგენს 84 მლნ ლარს და პრაქტიკულად, გაორმაგებულია. რეალური მონაცემებით, ზრდა შეადგენს 27 მლნ ლარს, მათ შორის, 14 მლნ ლარი წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებებში COVID-19 მართვიდან გამომდინარე გაზრდილ ხარჯს”, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს თანახმად, ორგანიზაციის ანალიზი ყურადღებას არ ამახვილებს იმაზე, რომ “საქონელი და მომსახურების” ქვეკატეგორიაში ზრდა გამოწვეულია “სამედიცინო” ხარჯების ზრდით, რაც თავის მხრივ, კოვიდ-პანდემიითაა გამოწვეული.

ფინანსთა სამინისტრო მოუწოდებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”, “გამოაქვეყნოს ობიექტური ინფორმაცია მიმდინარე წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე”.

“ხარვეზები არსებობს, მაგრამ არ ცვლის ძირითად მიგნებებს” – TI-ს პასუხი 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებით, მათ მიერ გამოქვეყნებული ანალიზი მართლაც შეიცავს არასწორ მონაცემებს, რაც ტექნიკური ხარვეზითაა გამოწვეული, თუმცა ეს არსებითად არ ცვლის კვლევის ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს.

“საქონლისა და მომსახურების ხარჯების ანალიზის ნაწილში ზოგიერთი მონაცემი მართლაც არასწორად არის მოყვანილი, რაც, როგორც აღმოჩნდა, მონაცემების დამუშავების დროს დაშვებული ტექნიკური ხარვეზებით იყო განპირობებული.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შესწორებული მონაცემები არსებითად არ ცვლის ჩვენი კვლევის ძირითად მიგნებებს და რეკომენდაციებს. მაგალითად, 2021 წლის 6 თვეში შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება, 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით, არა 95.1 მლნ ლარით, არამედ 47.7 მლნ ლარით გაიზარდა, რაც კვლავაც პრობლემატურია.

იმედია, საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებს წარმოდგენილ რეკომენდაციებს”, – წერია საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ სამინისტროსთვის საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში.


განახლებული ანალიზი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი