ახალი ამბები

სილქნეტი და ალტ-ინფო მორიგდნენ — არხი პროვაიდერის პაკეტში მოხვდება

9 სექტემბერი, 2021 • 3559
სილქნეტი და ალტ-ინფო მორიგდნენ — არხი პროვაიდერის პაკეტში მოხვდება

რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელებული დავის შემდეგ, „სილქნეტი“ დათანხმდა რადიკალურ მემარჯვენე, ძალადობრივ და ჰომოფობიურ ტელევიზია „ალტ-ინფოს“ მოთხოვნას, საკუთარ სერვისზე არხის მაუწყებლობა დაეშვა.

ამ ხნის განმავლობაში სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტი“ ალტ-ინფოს საკუთარ პაკეტში არ სვამდა, რის გამოც ტელეარხმა მარეგულირებელ კომისიას მიმართა.

თუმცა 2021 წლის 9 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ დავა მორიგებით დასრულდა.

„სილქნეტის“ იურისტმა კახი ყურაშვილმა კომუნიკაციების კომისიის 9 სექტემბრის ონლაინ-სხდომაზე განაცხადა:

„დიახ, გუშინ გავაფორმეთ ხელშეკრულება კანონის შესაბამისად [არხის] სავალდებულო გატარების თაობაზე“.

ეს ინფორმაცია ამავე სხდომაზე დაადასტურა „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელმა: „ვადასტურებ, რომ გუშინ გავაფორმეთ ხელშეკრულება და დღეს-ხვალ, ამ დღეებში უნდა ჩართონ სილქნეტში“.

არხის წარმომადგენლის თქმით, სილქნეტთან სადავო საკითხი აღარ აქვთ.  ამის შემდეგ კომუნიკაციების კომისიამ განუხილველად დატოვა დღის წესრიგით გათვალისწინებული ეს საკითხი და წარმოება შეწყვიტა.

საქართველოს კანონმდებლობით, „სილქნეტი“ ვალდებული იყო, აღნიშნული ტელეკომპანია საკუთარ ქსელში ჩაერთო. აღნიშნულს თავადაც აღიარებდა და არჩართვის მიზეზად ტექნიკურ პრობლემას ასახელებდა.

2021 წელს, მაუწყებლობის დაწყების შემდეგ „ალტ-ინფომ“ მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ კომპანიებს თხოვნით მიმართა, განეთავსებინათ სამაუწყებლო არხი მათ სამომხმარებლო პაკეტში.

„ახალი ქსელებისა“ და „მაგთიკომის“ მიერ მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხოლო „სილქნეტმა“ „ალტ-ინფო“ საკუთარ პაკეტში არ განათავსა, რის შემდეგაც ამ უკანაკსნელმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლა.

5-6 ივლისს თბილისის პრაიდის ჩაშლასა და ძალადობრივ აქციაში, სადაც არაერთი ჟურნალისტი დაშავდა, ალტ-ინფოს დამფუძნებლებიც მონაწილეობდნენ.

ტელეარხზე  დიდი ხნით ადრე ისმოდა პრაიდის საწინააღმდეგო ძალადობრივი მოწოდებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი