ახალი ამბები

DRI საარჩევნო სუბიექტებს კამპანიაში რელიგიით მანიპულირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

9 სექტემბერი, 2021 • 917
DRI საარჩევნო სუბიექტებს კამპანიაში რელიგიით მანიპულირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” [DRI] აცხადებს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით აქტიურად სტუმრობენ ტაძრებსა და სამლოცველოებს, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს მომავალ, 2 ოქტომბრის არჩევნებს და “ქართული ოცნება” ამ გზით ცდილობდეს ამომრჩევლების გარკვეული ნაწილის მიმხრობას.

DRI მიიჩნევს, რომ არჩევნებისთვის რელიგიური ორგანიზაციების და კონკრეტული სასულიერო პირების გავლენის გამოყენება უარყოფითად აისახება არჩევნების შედეგებზე. ორგანიზაცია მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს, თავი შეიკავონ რელიგიით მანიპულირებისგან წინასაარჩევნო კამპანიაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, არჩევნების დანიშვნის დღიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანაპარტიელებთან ერთად სასულიერო პირებს ექვსჯერ შეხვდა. კერძოდ:

  • 19 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთის წმინდა ნიკოლოზის ტაძარს ეწვია და შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებს ფერისცვალება მიულოცა. ტაძარში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე.
  • 26 აგვისტოს პრემიერ-მინისტრი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან და სასულიერო პირებთან ერთად ჩხოროწყუში იმყოფებოდა და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მშენებარე ტაძარი მოინახულა.
  • 27 აგვისტოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხახუბიასთან და ადგილობრივ სასულიერო პირებთან ერთად, ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი და წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა. ამავე დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილს ეწვია.
  • პირველ სექტემბერს პრემიერ-მინისტრი ხონისა და სამტრედიის ეპარქიის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში, სამტრედიის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა. ამავე დღეს, საქართველოს მთავრობის ფეისბუქ- გვერდის მიხედვით, მთავრობის მეთაურმა ვანის საკათედრო ტაძარი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონთან ერთად „მოილოცა“.

გარდა ამისა, DRI-ის ცნობით, საქართველოს მთავრობის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ფონდმა “ქართუმ” ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეაბილიტაციისა და წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსი 13 მილიონი ლარით დააფინანსა. ამასთან დაკავშირებით კი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა მადლობა.

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სუბიექტების მხრიდან რელიგიური ორგანიზაციებისა და კონკრეტულ სასულიერო პირთა გავლენების გამოყენების მცდელობა წარმოადგენს მანკიერ პრაქტიკას და უარყოფითად აისახება არჩევნების შედეგებზე. ზემოთ აღნიშნული ფაქტები ადასტურებს, რომ ეკლესიის ავტორიტეტის და კონკრეტულ სასულიერო პირთა ინსტრუმენტად გამოყენებით, პარტია „ქართული ოცნება“ შესაძლებელია ცდილობდეს ამომრჩევლის ნაწილის მიმხრობას, რაც აფერხებს ჯანსაღ კონკურენციას და საფრთხეს უქმნის არჩევნების კონსტიტუციით გათვალისწინებულ საარჩევნო პრინციპების დაცვით ჩატარებას”, — ნათქვამია DRI-ის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი